„ოცნების“ მორიგი მცდელობა და ტრამპის სიჩუმე - რა აფერხებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას

„ოცნების“ მორიგი მცდელობა და ტრამპის სიჩუმე - რა აფერხებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დამყარებაზე კეთდება აქცენტი. წერილის ძირითადი გზავნილია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდეს და ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს.

წერილის ავტორი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკვანძო საკითხზე. ის სვამს კითხვას, რატომ არ იჩენს ტრამპის ადმინისტრაცია სათანადო ყურადღებას საქართველოს მიმართ მაშინ, როცა აცხადებენ, რომ მათ შორის ღირებულებითი თანხვედრა არსებობს. ამავე დროს, ყაველაშვილი ეჭვქვეშ აყენებს „დიფ სთეითის“ აქტიურობას, რომელიც, მისი აზრით, საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობდა. ის ასევე საუბრობს უსამართლო დამოკიდებულებაზე იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც კი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის სტრატეგიული პარტნიორობის გადასატვირთად, თუმცა პრინციპულ პოზიციას დაიკავებს, თუკი საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ეჭვქვეშ დადგება.

მისი თქმით, წერილის პათოსს სრულად იზიარებს და სურვილი აქვს, სტრატეგიული პარტნიორობა „კონკრეტული გზამკვლევით“ აღდგეს. კობახიძის განცხადებით, „თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას“.

„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება. თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა პრემიერმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებიც იზიარებენ წერილის შინაარსს და აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერებას კონკრეტული მიზანი ჰქონდა და ახლა ამ ლოგიკურ კითხვებს პასუხები სჭირდება.

მეორე მხრივ, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ყაველაშვილის სახელით გავრცელებული წერილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზეა გათვლილი, რადგან მათ კითხვები აქვთ ამერიკასთან ურთიერთობებზე. მისი თქმით, ეს არის მმართველი გუნდის მცდელობა, გამოვიდეს „საგარეო პოლიტიკური იზოლაციიდან“.

ხიდაშელის მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა, რომ „ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგების“ ხაზი არ მუშაობს და ამიტომ სხვა ტალღაზე დაიწყო მუშაობა. ის ამატებს, რომ ხელისუფლება, წერილების წერის ნაცვლად, დემოკრატიისა და ევროკავშირის დღის წესრიგს უნდა დაუბრუნდეს.   

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან  იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამ დრომდე საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო განცხადებებს არ აკეთებენ.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილის პათოსი მისაღებია და მას საკმაოდ სწორი აქცენტები აქვს გაკეთებული. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია დაამყაროს და ბაიდენის დროინდელი არასწორი პოლიტიკა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ტრამპის არააქტიურობას და ნაკლებ ინტერესს საქართველოსთან მიმართებით, თავისი ლოგიკური მიზეზები აქვს. ჩვენ ვიცით, რომ სანამ ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში, მისი პოლიტიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებას უკვე ჰქონდა.

გარდა ამისა, კონკრეტულად გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იყო წარდგენილი, საქართველოს ხელისუფლებამ მხარი ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა. მიესალმა ასევე NED-ის და USAID-ის გაუქმებას, რომელსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია.

ასევე, „ოცნების“ ხელისუფლებაა, რომელიც მას „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯერ კიდევ არ ჩანს ტრამპისა და მისი გარემოცვის მხრიდან აქტიური და მკაფიო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით“, - ამბობს მამრაძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ცნობილია, რომ ტრამპი არ არის პოლიტიკოსი, ის არის ბიზნესმენი, რომელიც ყველაფერს მხოლოდ ამ კუთხით უყურებს. მხოლოდ მოგების თვალით ხედავს პოლიტიკასაც.

„ამიტომ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, საქართველო მისთვის არ არის მომგებიანი ქვეყანა, რომლისგანაც რამე მნიშვნელოვანის მიღება შეუძლია. შესაბამისად, ის აყოვნებს და საერთოდ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, არანაირ პოზიციას არ აფიქსირებს. ტრამპი ძალიან სერიოზული შოუმენია, ამიტომ ის ახლა პრიორიტეტულად ცდილობს ისეთი ქვეყნები და სიტუაციები აირჩიოს, სადაც მისი სახელი უფრო წარმოჩინდება და იქიდან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს.

„ტრამპის ოცნება ნობელის პრემიაა. ის ამას არც მალავს და ამის მიღება სურს. ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს. წყენით ამბობს ხოლმე, რაც არ უნდა გავაკეთო, ესენი მაინც არ მაძლევენ ნობელის პრემიასო. ამიტომ ესაა ადამიანი, რომელიც ყველაფერს საკუთარი ინტერესებიდან უყურებს და მისთვის მთავარი მისი ინტერესებია. როგორც ჩანს, ამ ინტერესებში, ჯერჯერობით, საქართველო არ ჯდება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

მამრაძე აქვე ამატებს, რომ მართალია, ჩვენი ელჩი მიიღეს და საქართველოშიც  ახალი ელჩის დანიშვნას ველით და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენს სამეზობლოსთან დაკავშირებით, ის ბევრად უფრო მკვეთრ ნაბიჯებს დგამს.

„ამიტომ, ჩვენც გვსურს, რომ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაფიო იყოს საქართველოსთან დაკავშირებით. აღარ არსებობს მიზეზი, რის გამოც ორი ქვეყნის ურთიერთობა ისევ იმ დონეზე უნდა იყოს გაჩერებული. მე მაინც „ოცნებას“ ვურჩევ, გამოიყენოს პირადი კონტაქტები, მაგალითად, მისი სიძე კუშნერი, ასევე ტრამპის მეგობარი უიტკოფი, რომელსაც ძალიან ენდობა. მის შვილებთან კომუნიკაციაც კარგი იქნება. იმ ადამიანებს უნდა დაეკონტაქტონ, რომლებსაც ტრამპი უსმენს და ენდობა. კარგია ეს წერილიც, მაგრამ მას არ ექნება ისეთი გავლენა, როგორიც პირდაპირ კომუნიკაციას შეუძლია“, - ამბობს მამრაძე. 

 

Gami ვერ გაიგო ივანიშვილმა რომ პირადი კონტაქტები, ლობიზმი ძალიან ბევრს ნიშნავს თანამედროვე პოლიტიკაში. მითუმეტეს, რომ ტრამპის ოჯახის წევრებს აქვთ ამბიცია ჩართულები იყვნენ პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში, მათზე გავლენის მოხდენაში.. ეს აუცილებლად გამოსაყენებელია.
4 საათის უკან