დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის ანგარიშის დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს. რეგლამენტის მიხედვით, მომზადდება შესაბამისი საპარლამენტო დადგენილების პროექტი და ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე წარედგინება კენჭის საყრელად. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნამ გამოიწვია მწამებლების, რეკეტიორებისა და სამშობლოს მოღალატეთა ლუსტრაცია.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიამ დაადგინა, რომ შსს-სა და სასჯელაღსრულების სისტემაში, დაკავებულების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური და სისტემატური, რასაც ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს.
„ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება.
ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ, კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარი, სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება კომისიის დასკვნის მეორე ნაწილს - 2008 წლის აგვისტოს ომს, ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველომ მოიგო სტრასბურგის სასამართლო და დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, რაც 7 აგვისტოს მოხდა, რუსეთია ინტერვენტი.
„მოხსენება სქელტანიანია. დეტალებზე კიდევ გვექნება საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების ჩამონათვალის ძალიან გრძელი სიაა. ზოგს დამატებით შესწავლა და სამართლებრივი შეფასებები სჭირდება. ჩვენი მიდგომა სხვანაირია - მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო და დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც 7 აგვისტოს მოხდა, რუსეთია ინტერვენტი და ის ახდენს დღემდე ოკუპაციას. კიდევ კარგი, ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ვინ დაიწყო ომი - საქართველომ თუ რუსეთმა - ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა, საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღის წესრიგში დგას საკითხი - უნდა მივიდეს თუ არა ამ საფუძვლით საქმე მიხეილ სააკაშვილის გასამართლებამდე? მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მოსალოდნელ სასჯელს არ იზიარებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო გამართლდა ჰააგასა და სტრასბურგში, რაც პუტინმა ვერ აიტანა, სწორედ მისი დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც, მისივე თქმით, ხელმძღვანელობს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი, თეა წულუკიანი.
„როგორცსაბჭოთა პერიოდში, მამამისს გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის, დღეს, წულუკიანს სურს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ქართულ სახელმწიფოს. დღეს, კიდევ ერთხელ, ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტიქართული, ანტიეროვნული კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს.
ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, ისევე, როგორც იდგა 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც, ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს, ამ მოღალატე რეჟიმის სახით. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და პროტესტით, შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც აღვნიშნეთ, სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ პარტიაში. იგივე გიორგი ვოლსკის მოსაზრებით, არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს, მათ შორის, ამ დანაშაულზეც.
„რეალურია, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა, რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა, რუსეთის საქართველოს შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი დაეცვა მათი შესაძლო აგრესიისგან“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.