ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ მოაწერეს.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის მემორანდუმები საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად შეუწყოს ხელი ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლების ინფორმირებას. მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის პროექტებსა თუ შეხვედრებში მონაწილეობით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და კულტურის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირება, რაც ბუნებრივია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველვყოთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა. აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობას, ვინაიდან მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გვექნება სხვადასხვა მიზანმიმართული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ შეხვედრებში ერთობლივ მონაწილეობას და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას.

მხარეებმა დოკუმენტს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერეს.

ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ კობიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი მარიკა ციბაძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე.