შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. მას ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს - ის იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მთავრობის მეთაურმა გელა გელაძე საზოგადოებას მას შემდეგ წარუდგინა, რაც თითქმის 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. ყოფილი შს მინისტრი წერს, რომ გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, მაგრამ რჩება გუნდის ერთგული და აქვე აღნიშნავს, რომ მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად არის გვერდში დაუდგეს სახელმწიფოს და მმართველ გუნდს თუ ამას საჭიროება მოითხოვს.
„დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.
მადლობა პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში. ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ“, - წერს ვახტანგ გომელაური.
ძველი „ქართული ოცნების“ გუნდიდან სამთავრობო გუნდში მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე რჩება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ძველი გუნდი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წავიდა. ახლა მნიშვნელოვანია სად გააგრძელებენ საქმიანობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი პირები - ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე ის თანამდებობის პირები, რომლებიც სწორედ ამ სამეულის გუნდის წევრები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ ჯგუფისგან შეიქმნება არსებული „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, როგორც ამის შესახებ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვერსიებია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შსს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე.
„გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შსს, პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მისი ეს დამსახურება მინდა ცალკე აღვნიშნო, დღეს საჯაროდაც გადავუხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის.
რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამ უწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს. მარტო ბოლო ოთხი წლის გახსენება რად ღირს, როდესაც, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. საჯაროდაც გვითხრეს, რომ იყო ოთხი მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალათ არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა სწორედ ბატონი ვახტანგის და უწყების თანამშრომლების დამსახურებით, ჩვენ მოვახერხეთ პრობლემების თავიდან აცილება და სახელმწიფომ მოახერხა, რაც მთავარია, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, კანონიერების უზრუნველყოფაზე და რევოლუციების მცდელობებთან გამკლავებაზე, სწორედ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი.
„მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარემოზე საქართველოში, ვსაუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ გარედან დაგეგმილ არეულობებზე, რევოლუციების მცდელობებზე, რომლებიც მოწოდებული იყო ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ყველაფერთან გამკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამ ყველაფერს წარმატებითაც აკეთებდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკადრო ცვლილებას აფასებენ ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი, როდესაც კობახიძის კლანი დაუპირისპირდა ღარიბაშვილის კლანს. ასეთია ოპოზიციის ლოგიკა, თუმცა ცხადია, რომ გომელაური, ისევე როგორც ღარიბაშვილი და თვით კობახიძე, საერთო ჯამში, არიან ბიძინა ივანიშვილისს გუნდის წევრები. ასე რომ, ოპოზიციის ლოგიკაში, რთულია ეძებო ლოგიკა.
„გახარია საქართველოსათვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შეეცოდა იმის გამო, როგორც ივანიშვილი მოექცა, რადგან ის ყველაზე მეტად დაზარალდა სანქციებით.
„ყველაზე მეტად დაზარალდა, შიდა პოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკურად, სანქციებით. ყველაზე მეტი და მძიმე სანქციები, ამ პლანეტაზე თუკი რამე არსებობს, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წევრებში, მათ შორის ძალიან ცუდ ადამიანებში, ბატონ გომელაურს მოხვდა. ამ ფონზე, როდესაც მას უშვებენ, პოლიტიკური აფილაცია და შეფასებები რომ გვერდით გადავდოთ, ადამიანურად ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ, რომლის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის გარდა ელექტორალური წონა არც ერთ ადამიანს არ აქვს და არჩევნებში შეიძლება ათასი ხმაც ვერ აიღონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კიდევ „ერთი სათამაშო“ მოისროლა ივანიშვილმა და შესაბამისად, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებთან ერთად.
„ვახტანგ გომელაურს წასასვლელი არსად აღარ აქვს, რადგან „მაგნიტსკის“ სიაშია. აშშ-იც ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ჰყავს შეყვანილი აშშ-ს, ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა „ნახმარი ნაჭერივით“ და ეს ელის ყველას, კოლექტიურ სირაძეებს, ხარებებს, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე-ფაქტო მთავრობა.
ახალი მინისტრი არის მდინარაძის ლობირებით, იმას მიაღწია, რომ თვითონ თუ არ დანიშნეს მინისტრად, მისი ლობირების ქვეშ მაინც დაინიშნა კონკრეტული ადამიანი, თუმცა ეს არის სათამაშოებით თამაში და უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ივანიშვილის დამხობა უნდა იყოს, მის სათამაშოებთან ერთად“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომლის განცხადებით, კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გომელაურს თვითონ ჰქოდა წასვლის სურვილი და ფიქრობს, რომ ნორმალურიც არის მისი წასვლა, იმის გათვალისწინებით, რაც მისი სამსახურეობრივი მოვალეობის გათვალისწინების მომენტში ხდებოდა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისე შსს-ში.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, როგორც ადამიანი, პიროვნულად კარგი ადამიანი იყო. პროფესიონალიზმთან დაკავშირებით ერთ, ან მეორე უწყებაში - ამის შეფასებისგან თავს შევიკავებ. წავიდა და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მოხდა პრემიერ-მინისტრის მიერ მთელი სახელისუფლებო იერარქიის კონტროლს დაქვემდებარება. ერთადერთი, რაც ჩანს და რაც ჯერჯერობით უცვლელია, ეს გახლავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დანარჩენი იმ ხელისუფლებიდან რაც არსებობდა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს“, - აცხადებს კუხალაშვილი.
ექსპერტი ფიქრობს, რომ შსს-ში მოხდება მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების ყველა წინაპირობა დრო დადგა.
„აუცილებლად წინ უნდა წამოიწიოს, როგორც სუს-ში, ისე შსს-ში მაღალი ინტელექტის მქონე თანამშრომლები, ყოველგვარი პარტიული კუთვნილებისა თუ ნათესაური კავშირის და დამერწუნეთ, ასეთ შემთხვევაში, ვითარება მალე გამოსწორდება. ე.წ. ფეოდალიზმის ნიშან-წყალი უნდა გამოირიცხოს.
სუს-ი და შსს ეს არის ორი მნიშვნელოვანი სისტემა ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, რომელშიდაც არ უნდა იყვნენ დასაქმებული ადამიანები საკუთარი ბიზსნესის დასაცავად, თუ საკეთებლად და თანამშრომლები არ უნდა იყვნენ დაკავებული რომელიმე ფეოდალური აზროვნების მქონე ხელმძღვანელის პირადი მოთხოვნის შესრულებით. ორიენტირებული უნდა იყვნენ ოპერატიული ამოცანების და მიზნების შესრულებაზე, რაც სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული სტაბილური ოპერატიული ვითარების შესანარჩუნებლად. ამიტომ, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები უნდა წავიდეს სწორად. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება უძრაობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, გომელაურის გადადგომა არის ჩვეულებრივი ამბავი სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები და ეს ცვლილებაც ჩვეულებრივი ამბავია.
„რაც შეეხება მე-5 კოლონის ყიჟინს, რომ სახელმწიფო იშლება, ეს არის ძველი ქართული ანდაზის გამართლება - „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა“. 2012 წლიდან იძახიან, რომ ხვალ დაიშლება „ქართული ოცნება“, აი, დასრულებულია და ა.შ. მაგრამ მე-10 არჩევნებზე მივიდა „ქართული ოცნება“ და პირწმინდად მოუგებს იმ ძალას, რომელსაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, ეს ცვლილებაც ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია. 12 წლის შემდეგ მოინდომა პოლიტიკიდან გასვლა და დასვენება. ამიტომ, მინდა დავამშვიდო ეს ყიჟინისტები - ხელისუფლების ჩამოშლა არ მოხდება“, - აცხადებს გვენეტაძე.
რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას, ანლიტიკოსის შეფასებით, არავითარ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და ასე რომ ყოფილიყო, ეს უნდა ასახულიყო მიმდინარე მოვლენებზე.
„თავი რომ დავანებოთ წინა პროცესებს, 28 ნოემბრიდან დღემდე, რა დღეები გამოიარა ხელისუფლებამ, როდესაც მას ებძოდა როგორც შიდა, ისე გარე აგენტურა. მილიონებით არიან დაფინანსებული, რომ მომხდარიყო ხელისუფლების გადატირალება და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის მოყვანა, მაგრამ ვერ შეძლეს.
არ იქნებოდა მცდელობა, რომ ჩინოსნები მოესყიდათ? მაგრამ იმდენად ძლიერი აღმონდა ის გუნდი, რომელსაც მმართველი გუნდი ჰქვია, რომ არავიან არ უღალატა ერს და სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის კოჯრის ტყის სიზმრები, რომელსაც მელიებს, გვარამიებს, ხაბეიშვილებს და მათ ასიზმრებენ მათი გარე პატრონები, ესენიც იძულებული არიან ძალით დასიზმრებულების გახმოვანება მოახდინონ მეორე დილას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.