გამოწვევა დასავლეთისთვის - რას გვთავაზობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია?

გამოწვევა დასავლეთისთვის - რას გვთავაზობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია?

24 წლის წინ, 2001 წლის 15 ივნისს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) შეიქმნა. დაარსების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს ექვსი ქვეყნის - ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი - ლიდერებმა. მას შემდეგ, ასოციაცია რეგიონული ინიციატივიდან ათ წევრ ქვეყანამდე გაიზარდა, ხოლო მის საქმიანობაში, პარტნიორების სახით, კიდევ დაახლოებით, 14 სახელმწიფოა ჩართული.

ცვლილებების სამიტი

ეს სამიტი განსაკუთრებულია. ტიანძინში გამართული შეხვედრა, ორგანიზაციის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურია. მასში ოცზე მეტი მსოფლიო ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის ლიდერები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრისთვის, ნარენდრა მოდისთვის, ეს არის პირველი ვიზიტი ჩინეთში შვიდი წლის განმავლობაში, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაა საზღვარგარეთ.

შეხვედრის მასპინძელმა, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დასავლური წესრიგის მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს. მისი გამოსვლა ახალი გლობალური მექანიზმის ჩამოყალიბების დეკლარაციად იქცა.

„მსურს, წამოვაყენო ინიციატივა გლობალური მმართველობის შესახებ და ვითანამშრომლო ყველა ქვეყანასთან, რათა ერთობლივად შევქმნათ გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და თანასწორი სისტემა“, - განაცხადა მან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე.

მისი ხედვა მოიცავს ხუთ ძირითად პრინციპს: სუვერენული თანასწორობა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, მრავალმხრივი მმართველობისადმი ერთგულება, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის მხარდაჭერა და მოქმედებაზე ფოკუსირება.

წინადადებები წამოაყენა რუსეთმა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთანგარიშსწორება ეროვნული ვალუტებში უნდა განხორციელდეს და ქვეყნებმა საკუთარი გადახდისა და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა უნდა შექმნან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროექტის სწრაფად განხორციელება ნაკლებსავარაუდოა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება, მან სერიოზულად შეასუსტოს დოლარის პოზიცია რეგიონულ ვაჭრობაში.

განსაკუთრებული ყურადღება ინდოეთს დაეთმო. რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, ქვეყანა აშშ-ის მხრიდან, სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცა. ამ ფონზე, პეკინი და ნიუ-დელი სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

 ახალი სამყარო

„მიმდინარე შეხვედრა აღიქმება, როგორც პლატფორმა, სადაც შეგვიძლია კოორდინირებული ქმედებები შევათანხმოთ აშშ-ის პოლიტიკის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნების ეკონომიკურ ზეწოლაზე“, - განუცხადა პოლიტოლოგმა, დენის დენისოვმა TRT-ს.

მისი თქმით, სამიტზე შესაძლებელია ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, მინიმუმამდე დაიყვანს ამერიკული პოლიტიკით მიყენებულ ზიანს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ორგანიზაციის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.

„დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტრზომების შემუშავება არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ სხვა ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორებისა და ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების წინააღმდეგაც. ვფიქრობ, რომ ან მიღწეული იქნება ეს მიზანი, ან, სულ მცირე, შემდგომი კომუნიკაციების პერსპექტივები გამოიკვეთება“, - აღნიშნა ექსპერტმა.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მხოლოდ საკონსულტაციო პლატფორმად რჩება და რეალურ პროცესებზე მცირე გავლენა აქვს. თუმცა, როგორც დენისოვი ამბობს, ასეთი კომენტარები უსამართლოა: „აქ ჩვენ არა ზოგად განცხადებებს, არამედ კონკრეტულ ციფრებსა და სტატისტიკას უნდა დავეყრდნოთ. ისინი აჩვენებენ, რომ ასოციაცია წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ თავიანთი ეკონომიკ, გააძლიერონ პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და გახდნენ სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეები. ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი ასპექტია.

დიახ, მრავალპოლარული სამყაროსკენ მოძრაობა ისეთი სისწრაფით არ მიმდინარეობს, როგორც ჩვენ გვსურს, აღიარებს ექსპერტი, რადგან მას არსებული გლობალური სისტემა აფერხებს. „ამის მრავალი მაგალითი არსებობს : გაეროს რეფორმიდან დაწყებული, სტრატეგიული უსაფრთხოების, შეიარაღების კონტროლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებით დამთავრებული. სისტემა ხისტი და ინერციულია, ამიტომ რიგი სახელმწიფოები, რომლებიც დომინირებენ ამჟამინდელ წესრიგში, ობიექტურად არ არიან დაინტერესებულნი მისი შეცვლით“, - ამბობს ექსპერტი.

დენისოვმა ცალკე აღნიშნა რუსეთის როლი. მისი თქმით, მოსკოვის მონაწილეობას სამიტში მნშვნელოვანი დატვირთვა აქვს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დისკუსიების ფარგლებში, დიდი ხანია, უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების იდეა არსებობს. ეს საკითხი ადრეც დაისვა, ის დღის წესრიგში რჩება და აქ პერსპექტივები საკმაოდ დიდია.

წყარო: https://trt.global/russian/article/1448b4b17c77