რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში მიიწვია მოლაპარაკებებისთვის, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს რუსეთის რეალური მოტივების შესახებ. ეს განცხადება გაკეთდა რუსეთ-უკრაინის ომის კვლავაც აქტიური ფაზის ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება მშვიდობის მიღწევის გზებს ეძებს. პუტინის განცხადებით, „გვირაბის ბოლოს სინათლეა“ და დასძინა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, მზად არის კონფლიქტის გადასაჭრელად. მისივე თქმით, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად, საჭიროა რეფერენდუმი. ეს განცხადება ბევრისთვის პოლიტიკურ თამაშად აღიქმება, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო სამართლით, რეფერენდუმის ორგზანიზება არალეგიტიმური იქნება.
„ჩვენ, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობას ვხედავთ. ჩვენ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს ვხედავთ, არამედ გულწრფელ სურვილს, რომ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ვიპოვოთ. ვფიქრობ, გვირაბის ბოლოს სინათლეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასახული მიზნების სამხედრო გზით გადაწყვეტა მოგვიწევს“, - განაცხადა პუტინმა.
ასევე, პუტინის განცხადებით, ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად, უკრაინის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს.
„რა უნდა გააკეთოს უკრაინის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუ მას სურს, რომ ლეგიტიმური იყოს და მოგვარების პროცესში სრული მონაწილეობა მიიღოს? პირველ რიგში, მათ რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მხოლოდ რეფერენდუმით წყდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მზადაა. CBS News-თან ინტერვიუში, ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკვე ისაუბრა პუტინთან და ზელენსკისთან და იმედოვნებს, „რაღაც მოხდება“. ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი რთული აღმოჩნდა, ის შეეცდება, ორივე ლიდერი ერთ ოთახში შეკრიბოს და შეთანხმებას მიაღწიოს.
„ვაკვირდები, ვხედავ და ამაზე ვსაუბრობ პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. რაღაც მოხდება, მაგრამ ისინი ჯერ მზად არ არიან. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.
მისი თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთის საკითხის მოგვარება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ უფრო რთული აღმოჩნდა.
ევროპა კი, ამ მოვლენების ფონზე, საკუთარ სამშვიდობო გეგმას ამუშავებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია, ხოლო მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა ამ გარანტიების მიწოდებისთვის მზად არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს „მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებია“. მისი თქმით, უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარება მხოლოდ ახანგრძლივებს „კიევის რეჟიმის აგონიას“.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, X-ზე დაწერა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს და რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს „ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის“ და აღნიშნა, რომ მთავარი უსაფრთხოების გარანტია ძლიერი უკრაინული არმიაა.
ეს განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი და დასავლეთი კონფლიქტის მოგვარების სრულიად განსხვავებულ ხედვებს წარმოადგენენ. პუტინი ცდილობს, უკრაინასთან მოლაპარაკებები საკუთარ პირობებზე აწარმოოს, ხოლო დასავლეთი და უკრაინა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების გზას ირჩევენ.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, პუტინის მოსკოვში მოლაპარაკებების შეთავაზებას განიხილავს, როგორც კრემლის მხრიდან კლასიკურ დიპლომატიურ მანევრს და არა, როგორც მშვიდობისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს. კონფლიქტოლოგი for.ge-თან ამბობს, რომ ეს არის პუტინის ტაქტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებების პროცესში ინიციატივის ხელში აღებას და მსოფლიო თანამეგობრობისთვის იმის ჩვენებას, რომ თითქოს, რუსეთი მზადაა დიალოგისთვის მაშინ, როდესაც, რეალურად, მისი მიზნები უცვლელია.
„მოსკოვში მოლაპარაკებაზე დათანხმება ზელენსკის მხრიდან უსაფუძვლო და სახიფათო იქნება. ასეთ ნაბიჯის შემთხვევაში, რუსეთის ნარატივი გაძლიერდება, რომლითაც კონფლიქტი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხი გამოვა და მასში თითქოს სხვა აქტორების ჩარევა არ იქნება საჭირო. პუტინის მიწვევით, სინამდვილეში, უკრაინას აიძულებენ, დათანხმდეს რუსეთის პირობებს, რაც მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასა და უკრაინის სუვერენიტეტის შეზღუდვას გულისხმობს. ამის დადასტურებაა პუტინის განცხადება რეფერენდუმის საჭიროებაზე, რაც, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის მცდელობაა“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
კონფლიქტოლოგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთს რეალურად არ სურს მოლაპარაკებები, რომელიც მშვიდობიან შეთანხმებას მოიტანს. მისი მიზანია დროის მოგება და დასავლეთის ერთობის შესუსტება.
„პუტინი აცნობიერებს, რომ აშშ-ში ხელისუფლების ცვლილება ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ამიტომ, ის ცდილობს, ხელი შეუწყოს ტრამპის არჩევნების დროს დადებულ დაპირებებს და პოზიციებს. შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ტრამპის ხელმძღვანელობით, კონფლიქტის გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება ევროპის უსაფრთხოების გეგმას, სავარაუდოდ, არ გულისხმობს NATO-ს მე-5 მუხლის მსგავს დაცვას, რაც ალიანსის წევრებისთვის არსებობს. ვფიქრობ, გეგმაში ჩადებულია გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარების გარანტიები უკრაინისთვის, შეიარაღების მოდერნიზაცია და დახმარება თავდაცვითი მრეწველობის განვითარებაში. ამ გარანტიების მიზანია, უკრაინა იმდენად გაძლიერდეს, რომ მომავალში, რუსეთის აგრესიის შეკავება დამოუკიდებლად შეძლოს. ამ გეგმის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, თუ ამერიკის მხარდაჭერა შემცირდება, რაც უკრაინას დაეხმარება, რომ მარტო არ დარჩეს რუსეთის პირისპირ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.