სუს-ის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს: იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი. რადიკალური ოპოზიციის სამიზნე უკვე გახდა ლევან ხარაბაძე, რომელიც მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის მოძალადე ძალოვანია, რადგან 2009 წელს, ვერის პოლიციის უფროსი იყო და ადამიანების დარბევაში მონაწილეობდა.
ხარაბაძის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ლევან ხარაბაძე ძალიან ღირსეული კაცია, რომელიც ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას.
„შეიძლება, ის იყო პოლიციის ხელმძღვანელი. საპოლიციო სისტემას, თავის დროზე, უამრავი ადამიანი ემსახურებოდა. მაშინაც პოლიციაში 25 ათასი კაცი მუშაობდა და ამ 25 ათასი კაციდან, 20 ათასზე მეტი ღირსეული კაცი იყო. „ნაცები“ თქვენსკენ მოიკითხეთ, თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ!
რაც შეეხება „ნაცებს“, ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა - „ნაცებზე“ თქვენ კითხვებს ნუ სვამთ! უღირსი ნაცები, ჭარბად, თქვენს ტელევიზიაში არიან წარმოდგენილნი და „ნაცების“ ტელევიზია, „ნაცებთან“ დაკავშირებით, კითხვებს არ უნდა სვამდეს“, - მიმართა ჟურნალისტს, დასმული კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ.
სუს-ის ახალი ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ უსაფრთხოების სამსახურისთვის სპეციალიზებული სასწავლებელი შეიქმნება. სამსახური, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 18 ივლისის განკარგულებით გაუქმდა. ეს არის ეროვნული უშიშროების აკადემია.
ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში, პროფესიული კადრები, ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, „კმარელებმა“ და ქუჩიდან მოსულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, დღეს, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პროფესიონალები, რომლითაც სასწავლებლის მომავალი მესვეურები უნდა დაინტერესდნენ და მათი შესაძლებლობები გამოიყენონ.
„როდესაც 2004 წლის ზაფხულში, ცხინვალის ცენტრში, განზრახ მიდიოდა ქართველი პოლიციელების შეურაცხყოფა, დაკნინება, როდესაც მუხლებზე დაჩოქილები დააყენა ედუარდ კოკოითმა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტარული დანაყოფები, მიხეილ სააკაშვილმა მოიცალა და 2004 წლის 18 ივლისის განკარგულებით, გააუქმა ეროვნული უშიშროების აკადემია.
ეს იყო უმაღლესი სასწავლებელი, რომლის წევრი ჯერ მსმენელად, შემდეგ ლექტორის და ცოტა ხანი, კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებლად ვიყავი. ეს იყო უნიკალური სასწავლებელი, თავისი უნიკალური უცხო ენების ორი კათედრით - დასავლურ ევროპული და აღმოსავლური ენების. ეს იყო უძლიერესი ფსიქოლოგიური სკოლა იმიტომ, რომ სპეცსამსახური არის სპეციფიკური, სადაც სტრესსთან გამკლავება და ანალიტიკური აზროვნება უნდა შეგეძლოს. სამწუხაროდ, ასეთი ბაზა მთლიანად იქნა მოშლილი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის განცხადებით, სუს-ის ახალი უფროსის ინიციატივის შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ აღდგება ეს აუცილებელი სასწავლებელი, რომელიც უნდა ლავირებდეს დღევანდელ მძიმე სიტუაციაში და იყოს მაღალკვალიფიციური კადრების გამომშვები.
ანალიტიკოსის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურისთვის სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნა არა უბრალოდ საჭირო, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოსთვის. მისივე თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს სჭირდება მტკიცე სახელმწიფო ინსტიტუტები, სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნა ნიშნავს არა მხოლოდ უსაფრთხოების გაძლიერებას, არამედ სუვერენიტეტის დაცვის ახალ სიმტკიცეს.
„ყველა ძლიერი სპეცსამსახურის უკან, კვალიფიციური და ეროვნული სასწავლო დაწესებულება დგას. აშშ-ში მოქმედებს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (National Defense University) და CIA-ს აკადემია, სადაც უშიშროებისა და დაზვერვის ოფიცრები გადიან სპეციალურ მომზადებას. დიდი ბრიტანეთი მნიშვნელობას ანიჭებს უშიშროების სასწავლო ცენტრებს, რომლებიც მომავალი ოფიცრების პროფესიულ მზადებას უზრუნველყოფს.
ისრაელში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ უსაფრთხოების გარემოშია, უსაფრთხოების აკადემია და სპეციალიზებული სასწავლებლები არის სახელმწიფოს დაცვის სისტემის ბირთვი. წარმოუდგენელია, ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას, პროფესიონალთა სათანადო მომზადების გარეშე“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.