10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე, ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისია საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენას გამართავს. შეხვედრის სახელწოდებაა - „საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“, სადაც განიხილება ამერიკის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის გუნდის საქმიანობა. მმართველი პარტიის პოზიციით, ამ მოსმენის მიზანია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საქართველოს დასავლეთისგან დაშორება. მოსმენაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ჰუდსონის ინსტიტუტის მკვლევარი ლუკ კოფი.
როგორც იუწყებიან, თინა ხიდაშელი ვაშინგტონში ჩადის კონკრეტული მტკიცებულებებით ივანიშვილის „ავტორიტარული მმართველობის, კორუფციული სქემებისა და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისიამ ეს მოსმენა „ქართველი ხალხის დახმარების აქტის“ განხილვამდე დანიშნა, რომლის საბოლოოდ დამტკიცებაც, სტუმრების განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰელსინკის კომისიაში, სწორედ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები დომინირებენ, რომლებმაც მათივე აგენტები - ზურაბიშვილი და ხიდაშელი დაიბარეს. კობახიძემ ეს მოვლენა „სასაცილოდ“ შეაფასა და დასძინა, რომ ოპოზიციამ ყველაფრის იმედი დაკარგა.
„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. ევროპაში ძალიან მძიმე ტენდენციებია, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასული ოთხი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას, ვფიქრობთ, ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
თქვენ იცით, რომ ჰელსინკის კომისიაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მძლავრობენ. მათ დაიბარეს „დიფ სთეითის“ აგენტები - ზურაბიშვილი და ხიდაშელი. „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, - ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას, აბსოლუტურად სასაცილოა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, დაკარგეს თუ არა მათ ურთიერთობების გადატვირთვის იმედი, მან შემდეგი სახის პასუხი გასცა: - „ვინ გითხრათ? ყველაფრის იმედი გვაქვს ჩვენ, იმედი დაკარგეთ თქვენ - „ნაცებმა“ დაკარგეთ ყველაფრის იმედი. ადრე იმედი მაინც ჰქონდათ, ახლა იმედიც აღარ აქვთ. 13 წელი იმედით სულდგმულობდით და ეს იმედიც დაკარგეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსმენაზე ჩასული საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ყოფილი მინისტრი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, ზურაბიშვილი ცდილობს, ამერიკელ კონგრესმენებს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის ინტერესების დამცველი სახელმწიფოს მოქმედება, ცუდია.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატია“, ხოლო ხიდაშელი - „ტაივანის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანი“, რომელიც ანტიჩინურ განწყობებს აღვივებს. პაპუაშვილისვე განცხადებით, ამერიკის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, საქართველოს მხრიდან ესკალაციას და ომში ჩართვას ითხოვდა, რაც ქვეყნისთვის საშიში იქნებოდა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აღნიშნულ მოვლენას საქართველოს სუვერენიტეტზე უცხოური გავლენების გაძლიერების მცდელობად აფასებს. ის for.ge-თან ამბობს, რომ ჰელსინკის კომისიის მოსმენა არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ გლობალური ძალების გეოპოლიტიკურ მიზნებს.
„მოსმენაზე მოწმედ იბარებენ ადამიანებს, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ეს ხალხი „გარე ძალების აგენტები“ არიან, რომლებიც ფინანსური თუ პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებენ და ცდილობენ, დასავლეთის თვალში საქართველოს მთავრობა დემონიზებულად წარმოაჩინონ. ხიდაშელის მიერ წარდგენილი „მტკიცებულებები“, სავარაუდოდ, უსაფუძვლო ბრალდებებია, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ, თავად არ არიან დამოუკიდებლები და „დიფ სთეითის“ ანუ გლობალური ჩრდილოვანი მმართველობის ნაწილი არიან.
„ისინი ცდილობენ, საქართველო, რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ჩაითრიონ, რათა ამით საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დააკმაყოფილონ. ამ ყველაფერს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად ვაფასებ, რაც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ჰელსინკის კომისიის მსგავსი მოსმენები წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ უცხოური ძალები ვერ ეგუებიან საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელ კურსს და ცდილობენ, მის ჩანაცვლებას ისეთი ძალებით, რომლებიც მათ ინტერესებს მოემსახურებიან“, - ამბობს ანალიტიკოსი.
გვენეტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და არ დაუშვებს, რომ საქართველო „გარე თამაშების“ მსხვერპლი გახდეს. ასევე, დასძენს, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სტაბილურობა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა, რაც სრულ შესაბამისობაშია ქართველი ხალხის ინტერესებთან.