ხაზარაძე-ჯაფარიძის გათავისუფლება, როგორც ახალი შიდა ომის მიზეზი ოპოზიციაში    

ხაზარაძე-ჯაფარიძის გათავისუფლება, როგორც ახალი შიდა ომის მიზეზი ოპოზიციაში    

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტია „ლელოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებამ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიციის ნაწილი „ლელოს“ მიმართ მკვეთრ კრიტიკას არ მალავს და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, რათა პარტიამ უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძემ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ პარტია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის თავისუფლებით დააჯილდოოს.

„ეს გაანადგურებს „ლელოს“, თუ პირიქით - ღირსეულ გზაზე დააბრუნებს, არის მხოლოდ „ლელოზე“ დამოკიდებული. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ჩაიფიქროს საშინელება, მაგრამ არ ვართ რაღაც ნივთები „ქართული ოცნების“ ხელში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ადამიანები, ოპოზიციონერები, რომლებმაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, მხოლოდ „ლელოს“ ხელშია დღეს, ის განადგურდება, სისტემური ოპოზიცია იქნება, თუ გააგრძელებს ბრძოლას და ამ მახეში, თუნდაც „ქართული ოცნების“ დაგებულ მახეში, გაებმება თუ არა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ლელოს“ არჩევნებში არშესვლისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმ უდიდესი განსხვავებებისა, რაც „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის არის, მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენს შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ „ლელოს“, რომ დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, ხელი აიღოს ქართველი ხალხის მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში, დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა“, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად მას და, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებას ჩვენთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც პარტიის ლიდერები ციხეში იმყოფებოდნენ.

„გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით, მიღებული აქვს „ძლიერ საქართველოს“. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი - ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება - ამ მიზნისთვის ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ არცერთი წამით არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. დანარჩენი, მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ უკვე ციხეში ვისხედით“, - ამბობს ხაზარაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს „არეულობა“ უწოდა. 

„კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. არის ორი პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ და არის ორი პარტია, რომლებიც ამას ღალატად აცხადებენ. ეს პროცესები კარგია იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებულნი არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი, უბრალოდ, არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ მიერ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად, მეათე, საიუბილეო გამარჯვებას“, - ამბობს კობახიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საქართველოში მუდმივი რყევების, დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის შექმნის დაკვეთა აქვს. საყვარელიძის თქმით, ოპოზიცია მოქმედებს ისე, როგორც უკარნახებენ. ისინი თამაშობენ და ასრულებენ რუსეთისთვის სასიკეთო საქმეს, რომელსაც საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია გაღიზიანებულია იმით, რომ „ლელომ“ და გიორგი გახარიამ მათგან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აირჩიეს. ისინი მიხვდნენ, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ყოფნა მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას, აზიანებდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათთვის რამდენიმე მიზეზით არის სასურველი, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ვერ გაიმარჯვებენ. პირველ რიგში, ამით ისინი შეძლებენ რეგიონების მასშტაბით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას. ასევე, მათ შეუძლიათ პოლიტიკურ ველზე წინ წაიწიონ და მოსახლეობას აჩვენონ, რომ დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ სხვა ხედვები და გეგმები აქვთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველსაც კი ოპოზიციის მიმართ სკეპტიციზმი აქვს. ვხედავთ სოციალურ ქსელში როგორ წერს ხალხი, რომ ოპოზიცია არ გვყავს. ამიტომ, თუკი ეს ხალხი ნახავს, რომ „ლელო“ და გახარია დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას და მათ ხელისუფლებისთვის კონსტრუქციული მეტოქეობის  გაწევა შეუძლიათ, მაშინ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ. ისინი შეძლებენ ოპოზიციურ ფლანგზე დაწინაურებას. ამ ოპოზიციას კი, რომელიც მიცვალებულსაც კი შეურაცხყოფს და ადამიანს, მისი ავადმყოფობის გამო, საჯაროდ დასცინის, ქართველი კაცის თვალში მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ, რადიკალიზმი მიუღებელია თავად ოპოზიციური ამომრჩევლისთვის. გახარია და ხაზარაძე ამას მიხვდნენ, ამიტომაც ოპოზიციის ამ რადიკალური ნაწილის მხრიდან მათ მიმართ აგრესია გამწვავდა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოსახლეობის დაკვეთას არ ასრულებს. „ოლე-ოლეს“ მომღერალ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

„ის გეგმა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით, გარედან არსებობს და რომლის შემსრულებლებიც ჩვენი ოპოზიციის ნაწილია, ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობს. ის გეგმა, რომ ხელისუფლება იზოლაციაში მოქცეულიყო, ასევე ქვეყანაში შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი, არ გამოუვიდათ. ამიტომ, ახლა თარიღებიდან თარიღებამდე ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. ამას ხალხი დიდი ხანია მიხვდა, ამიტომაც დაკვეთა უფრო კონსტრუქციულ და გაწონასწორებულ პოლიტიკურ ძალებზეა. თუმცა, ოპოზიციამ თავი იმდენად ჩიხში მოიქცია, რომ იქიდან გამოსავალს ვეღარ პოულობენ და ბოლომდე ვა-ბანკზე მიდიან. თუმცა, ხალხი მათ არ გაჰყვება, ამიტომ ოპოზიცია თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება“, - ამბობს საყვარელიძე.   

 

 

Gami შეწყალების არ ამღიარებელი პიტალო მანჯგალაძის ვაშაძეს, როდის შეიწყალებენ არალეგიტიმურად? სირი! ისე, ხაზარაძე- ჯაფარიძის გარეთ ყოფნა ვერანაირ ხმებს ვერ შემატებს "ლელოს". ანუ რა გამოდის -- " შეწყალებულები" თან კობახიძის თამაშში ჩაერთვნენ და თან თავს გაითახსირებენ; გინდ გარეთ იყვნენ, გინდ ციხეში, მათი ფასი - ნულია!
2 საათის უკან