არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ფონი იძაბება. ვილნიუსში, დიდი ბრიტანეთის დახმარებით გადამზადებული აქტივისტები მოქმედებაზე გადავიდნენ - ქუჩა უნდა არიონ და პროცესები უმართავი გახდეს. რამდენად შეძლებენ მიზნის მიღწევას, რაც გარდა იმისა, რომ ორგანიზებული და დაფინანსებულია, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. გადამზადებული აქტივისტების პირველი სამიზნეები იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ.
მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ღონისძიებას ესწრებოდნენ, მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდნენ აგრესიული აქტივისტები, რომლებიც გარდა იმისა, რომ სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!“, „რუსებო, რუსებო!“, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემო მყოფ ადამიანებს, განურჩევლად პოლიტკური სიმპათიებისა და ასაკისა.
ბოლოს კი შტაბის შენობას კვერცხებიც ესროლეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა სტუმრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ახალგაზრდა მანდილოსანმა კი ოდიშარიას საჯაროდ უთხრა, რომ კიბო აქვს და მალე მოკვდება, რასაც ოდიშარიას მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მისთვის უხერხულია საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი.
„ჩემ მიმართ რაც იკადრეს, გავრცელდა სოციალურ მედიაში და, სხვათა შორის, საზოგადოებამ თვითონ გასცა პასუხი. ჩემთვის უხერხულია, საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი, თუმცა მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ბუტა რობაქიძის მამას აგინეს დედა-მამა. ეს ხალხი რომ დამისვამს შემდეგ კითხვას სინდისის პატიმარზე... უსინდისო და უნამუსო რომ ხარ, უსამშობლო და უოჯახო, ეს არის მათი სახე და ხელწერა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, ვნახეთ სახედაკარგული „ნაციორკები“.
„ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვეულებრივ, არქიფო სეთურის მრევლი, „ნაცტიტუშკები“, „ნაციორკები“ - ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყოველნაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. მართლა ტრაგიკულია „ნაცტიტუშკებისა“ და „ნაციორკების“ ქმედება. არ მაინტერესებს თქვენი ვიდეოები. ჩვენ თუ ბექა ოდიშარიასთან ლაპარაკი მოგვინდება, თვითონ დაველაპარაკებით, მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ თქვენს „ტიტუშკებს“ და თქვენს „ორკებს“. თქვენი პარტიის წარმომადგენელი „ორკები“ და „ტიტუშკები“ უსაქციელოდ მოქმედებდნენ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. თქვენ შეაფასეთ „ნაციორკების“ და „ტიტუშკების“ მოქმედება, დანარჩენს მერე, მე შევაფასებ!
გუშინ ვინც სამარცხვინოდ მოიქცა, ვინ წავიდა ციხეში იქიდან? ფურთხება, ძალადობა, უსაქციელობა - ეს არის „ნაცტიტუშკების“ და „ნაციორკების“ ხელწერა. თქვენ იფურთხებოდით, მათ შორის, 28 ნოემბრიდან. ვინც იფურთხებოდა და ქვებს, ასაფეთქებლებს ისროდა, ახლა იმათ აცხადებთ „სინდისის პატიმრად“. თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია! თქვენი ტელევიზია არის სამარცხვინო იმიტომ, რომ სამარცხვინო პარტიის ტელევიზიაა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ მედიას.
პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე რაც ვიხილეთ, „ორკების“ პარადი, ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და სახე.
„სამარცხვინო თავდასხმა იყო ბექა ოდიშარიაზე. „ნაცტიტუშკებს“ ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემათ. გუშინ, ამ „ნაციორკების“ თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც გუშინწინ, გერმანიის ელჩმა თავისთან მიიღო, ინტერვიუც კი მისცა და პოზირებდა ამ ექსტრემისტ ადამიანთან ერთად. სოციალურ მედიაში პოსტები დაწერა და თქვა, საქართველოს მომავალი კარგ ხელშიაო.
გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა, რომ აქ ნახოს. ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და სახე. ეს არის სინამდვილეში, რაც უნდათ, საქართველოში დაატრიალონ. გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, ხომ ნახა მათი ძველი დამოკიდებულება, აქამდე თუ არ იცოდა, ხომ ნახა ის გოგონა, რომელთანაც ფოტო გადაიღო, ეს გოგო თავად იდგა იქ, ილანძღებოდა, წყევლიდა და ლანძღავდა ადამიანებს, სახედაკარგული.
ახლა ეს ყველაფერი გადახარშოს გერმანიის ელჩმა და ან თქვას, რომ ემიჯნება, არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანის დეჰუმანიზებას ეწევიან! ადამიანის დეჰუმანიზებას რომელი იდეოლოგია ეწევა, ამას არ ვახსენებ გერმანიის პატივისცემის გამო. მას აქვს შესაძლებლობა ამას გაემიჯნოს, არ გაემიჯება? ე.ი. ამ „ორკების“ ძალადობის თანამონაწილეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ვერ დაგმობს ბექა ოდიშარიას გინებას, რადგან ფსიქიკაზე მოქმედებს, როცა ათიოდე მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და უკანასკნელი სიტყვებით გაგინებენ ოჯახს. მისი თქმით, რასაკვირველია, ასეთ დროს, თავი უნდა შეიკავოს ბექამაც და ყველამ, მაგრამ ხანდახან, რთულია.
„ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა წესად შემოიღეს, რომ უნდა აგინო ადამიანს, დაწყევლო, უნდა უთხრა, რომ იგი მალე მოკვდება, უკიდურესი მძიმე სიტყვები უნდა გამოიყენო. მით უმეტეს, გოგონები არიან სპეციალურად ამისთვის ორგანიზებულნი და არავინ არაფერი უნდა უპასუხოს. ასეთ ვითარებაში, შეიძლება, ადამიანი გამოვიდეს მწყობრიდან, პასუხი გასცეს და ამას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, ეს არის განზრახ დაგეგმილი ქმედებები, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ შექმნან ატმოსფერო, სადაც ფასეულობა აღარ არსებობს, არც ტრადიცია, არც გულწრფელობა. აბსოლუტური უცოდინრობა და ათსართულიანი გინების ცოდნა არის განზრახ დაგეგმილი ბოროტება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რა თქმა უნდა, აქტივისტების ქმედებას არ გმობენ რადიკალები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს. იქვე ამბობს, რომ ისეთი ეთიკური სტანდარტების მქონე ადამიანები ჰყავთ, რომლებიც კრიტიკულად განწყობილებს აფურთხებენ. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სიძულვილსა და ზიზღს თესავს, ამიტომ ხელისუფლება უნდა დატოვოს.
„ერთადერთი, რასაც ეს ხალხი აკეთებს, არის სიძულვილისა და ზიზღის დათესვა, ფურთხება, დაპატიმრება, ადამიანების წამება და შემდგომში არავის დასჯა საკუთარი რიგებიდან. თქვენი კოლეგები, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ერთი ადამიანი არ არის დასჯილი, სხვა ადამიანები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს, წლობით ციხისთვის გაიმეტეს. ასეთი რეჟიმი მუდმივად სიძულვილის მთესველი იქნება საზოგადოებაში, ამიტომაც არის საშიში ეს რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ არ ექნება ოპოზიციას და მასთან მიბმულებს ხელისუფლების დამხობის არავითარი შანსი. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მათ მორალი წაეშალათ, ან ვიღაცებმა წაუშალეს კოლექტიური „Delete“ ფუნქციით.
„დიდი ხანია, ეს შემადგენლობა მორალურ ფსკერს ხვრეტს და დღეს კიდევ ერთხელ გახვრიტეს. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ეკითხებიან, რას ნიშნავს ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“, მათი პასუხია, გაიხსენეთ 2003 წლის „ვარდების რევოლუციაო“. მაშინ ხელისუფლების დამხობა უპრეცედენტო გარე ჩარევამ, მაშინდელი ხელისუფლების სრულმა ეროზიამ და ხალხის ბრაზმა, ასევე თავად ხელისუფლებაში ღალატმა განაპირობა. დღეს, ამ სამი ფაქტორიდან დარჩენილია მხოლოდ ერთი - გარე ჩარევა, რომელიც დღითიდღე იზრდება, ღია თუ ფარული ფორმებით“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, ოპოზიციის ბოლო აქციები არის ერთგვარი მოთელვა-რეპეტიცია 13 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის აქციების წინ.
„თუმცა, ოპოზიციას დასაკვეხნი არაფერი აქვს. აქციების მონაწილეთა სიმცირე აშკარაა. საქართველოს დროშაში გამოხვეული, სტუდიაში დაჯდომა და იქიდან ყელყელაობა კი ის კინოა, რომელიც ნანახი გვაქვს. თუმცა, ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნება იმის განცდით, რომ ამათ მაინც არაფრის თავი არ აქვთ, არის ის, რაც მერე მწარედ შემოუბრუნდათ. 2003 წელი ამის მკაფიო მაგალითია, ამიტომაც ვიდრე არსებობს რადიკალური ძალა, უნდა არსებობდეს სიფხიზლეც“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.