სუს-მა ქართული მიწების გამყიდველი ვიცე-გუბერნატორი დააკავა

სუს-მა ქართული მიწების გამყიდველი ვიცე-გუბერნატორი დააკავა

ხმაურიანი დაკავებები ახალ ფაზაში გადავიდა. ამჯერად, იმ მოქმედი მაღალჩინოსნების დრო დადგა, რომლებიც მაღალი ანაზღაურებისა და სრული კომფორტის მიუხედავად, ცდუნებას ვერ უძლებენ და ჩართულნი არიან კორუფციაში. სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, გიორგი კაპანაძე დააკავა. 

სუს-ის გავრცელებული ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ მცხეთის ყოფილი მერი, რომელიც ამჟამად დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეა, უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს. 400 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას დაჰპირდა. ამისთვის წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი - 100 000 აშშ დოლარი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კაპანაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში 2 ჰა ფართობის ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, გიორგი კაპანაძემ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1კვ. მეტრზე - 20 აშშ დოლარი, საერთო ჯამში - 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. კაპანაძის განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ მიწის ორივე ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება.

2025 წლის 5 სექტემბერს, კაპანაძის მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ, 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოხსენებული თანხის ნაწილი - 80 000 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები.

ანალიტიკოსების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება ასეთ დანაშაულებზე არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გზავნილი, რადგან კორუფციაში ჩართულობის ფაქტებზე მყისიერი და ზუსტი რეაგირების გარეშე, ვერცერთი რეფორმა, სახელმწიფო სტრატეგია და დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება წარმატებული. ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული სამსახურის მიერ, მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორის დაპატიმრება იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რა თემაზეც წლებია, მძაფრი კამათი ჰქონდათ ლამის ერთმანეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.

„სქემა აპრობირებული იყო - მიწების სტატუსის გადაყვანით ერთი კატეგორიიდან მეორეში. ნუთუ, მხოლოდ მდინარაძის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ უკანონობის სფეროში წესრიგის დამყარებაზე ზრუნვა? უპრეცედენტო ოდენობის ქრთამს - 400 ათას დოლარს ითხოვდა ვიცე-გუბერნატორი უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან, მის სახელზე ორი ჰექტარის დაკანონების სანაცვლოდ - აქედან „ავანსად“ ათობით ათასობით დოლარი ჰქონდა აღებული.

მანამდე, ჩვენ „გვეღირსა“ უკვე სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი სახელმღძვანელო რგოლის წარმომადგენლების კორუფციის მუხლით დაკავება. რით ვერ გაძეხით?! ამჟამად, მოქმედი მაღალჩინოსნების ჯერი დადგა. თანამდებობაზე დანიშვნის წინ, მამუკა მდინარაძემ დააანონსა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, მნიშვნელოვან ხაზზე გავიდა სუს-ი, როდესაც უპრეცედენტო კორუფციული დანაშაული გახსნა.

„გაბაწრეს ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი, იცით, ვინ? ბედის ირონიით, ეს ავაზაკი იმ მიწა-წყლის ვიცე-გუბერნატორი აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენელმა 300-მა არაგველმა ერთხმად, სამშობლოს ერთ დაძახებაზე, ქართული მიწის დაცვისთვის ერთი ამოსუნთქვით, ბრძოლაში შესვლის წინ, მუჭით შეჭმული ქართული მიწით მიიღეს ზიარება, ისე გმირულად შეაკვდნენ მტერს, რომ არცერთი მათგანის სახელი არ ვიცით და გადაინაცვლეს უკვდავებაში. ეს ნაძირალა კი, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება, დოლარებზე ჰყიდის 300 არაგველისა და უამრავი სხვა, უსახელო ვაჟკაცის მიერ საუკუნეთა მანძილზე სისხლით გაპოხიერებულ ქართულ მიწას. ასეთების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის. ყველა მათგანმა უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.