აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაზე საომარი მოქმედებების გაგრძელებით და მოლაპარაკებების ნელი ტემპით. ტრამპი იმუქრება, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიმდინარე კვირაში დააწესებს. როგორც უცხოური გამოცემა წერს, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც უკრაინა უჭერს მხარს და რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უარყოფს. თუმცა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ტრამპი სასანქციო პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ იქამდე არ შეიმუშავებს, ვიდრე მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის მოლოდინი არსებობს.
უცხოური გამოცემა ასევე წერს, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს. თუმცა, გაურკვეველია, რა მოხდება, აშშ სამშვიდობო პროცესიდან უკან დაიხევს თუ გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას: „იმ ადამიანების განცხადებით, ვინც ტრამპის მოსაზრებებს იცნობენ, ის დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს, საერთოდ მიტოვოს ის, თუ საბოლოო ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს“, - წერს გამოცემა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ფაქტია, ტრამპი სამშვიდობი მოლაპარაკებებიდან გასვლას არ აპირებს, რადგან ეს პოლიტიკურად მისთვის წამგებიანი იქნება - ყველას ახსოვს მისი წინასაარჩევნო დაპირება, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„ტრამპის მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა მსგავსი განცხადებები, რომ თითქოს მოლაპარაკებებიდან გადის, თუმცა შემდეგ ვიხილეთ ახალი რაუნდი პირდაპირი მოლაპარაკებების. ომი გრძელდება - ბოლო პერიოდში, ძალიან ინტენსიური, ორმხრივი საჰარეო კომბინირებული იერიშებს ვხედავთ, როგორც უკრაინა უტევს დრონებით, ასევე მეოთხე დღეა თვალს ვადევნებთ რუსეთის მხრიდან საკმაოდ მასშტაბურ, კომბინირებულ იერიშებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე. იქნება ტრამპის განცხადებები, თუმცა რამდენად წავა ის სანქციებზე, ეს ცალკე საკითხია.
როგორც ჩანს, მთლიანობაში ტრამპი ამ სამშვიდობო პროცესიდან გამოსვლას არ აპირებს, რადგან ეს მისთვის წამგებიანი იქნება - ტრამპის ოპონენტები ამას ტრამპის დამარცხებად შეაფასებენ, როდესაც ეს იყო მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ომს შეაჩერებდა. რა მიზეზითაც არ უნდა გავიდეს, გამოვა, რომ მან ეს დანაპირები ვერ შეასრულა, რაც ოპონენტებს იმის მტკიცების საშუალებას მისცემს, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი მაინც მოხდებოდა და რუსეთი ამ აგრესიას მაინც განახორციელებდა. ბოლომდე შეეცდება იყოს სამშვიდობო პროცესში და სანქციებზე წავა მაშინ, როდესაც მას ბოლომდე ამოეწურება საკუთარი მისიის წარმატების მოლოდინი“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე შეფასებით, დღეს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რეალურად ვერ აჩერებს ომს. სალუქვაძე ეჭვს გამოთქვამს, ტრამპს ისეთი „კოზირი“ ეჭიროს ხელში, რომელიც რუსეთს შეაჩერებდა.
„დღეს ეს სანქციები ომს ვერ აჩერებს - პრობლემები აქვს, მაგრამ ომს აგრძელებს. არ მგონია რაიმე ისეთი სანქცია ან სანქციათა პაკეტი ჰქონდეს ტრამპს ჯიბეში, რომელიც ომს მყისიერად შეაჩერებს. თანხვედრაში ვერ მოდის დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და ევროპის წამყვანი ქვეყნები. რუსეთისთვის და უკრაინისთვის როგორც დივიდენდები, ასევე სასჯელები განიხილებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერც დივიდენდებს ვხედავ და ვერც სანქციებს - მხოლოდ სანქციებზეა საუბარი და შეთავაზებები ომის შეჩერების შემთხვევაში რას მიიღებდა რუსეთი, ამაზე არ არის საუბარი. მხოლოდ მათრახზე იყო ლაპარაკი, არადა თაფლაკვერაზეც საუბრობდნენ იმ გეგმაში.
ვფიქრობ, იგივე რეჟიმში გაგრძელდება ყველაფერი. უნდა დაველოდოთ რა გეგმას წარადგენენ უკრაინა და რუსეთი - გადაწყვიტეს, რომ ორივე მხარე მოამზადებდა საკუთარ ხედვას, თუ როგორ შეიძლება ამ ომს შეჩერება და ამას უნდა დაველოდოთ. ტრამპის შემდგომი ნაბიჯებიც აქედან გამომდინარე იქნება. მანამდე არ ველოდები სანქციებს, სანამ ახალი რაუნდი არ შედგება და მხარეები საკუთარ ხედვებს არ წარადგენენ“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.