ოპოზიციურ ფრონტზე ახალი ბზარები გაჩნდა – „ოცნების“ სიმტკიცემ ოპოზიციის დემორალიზება გამოიწვია

ოპოზიციურ ფრონტზე ახალი ბზარები გაჩნდა – „ოცნების“ სიმტკიცემ ოპოზიციის დემორალიზება გამოიწვია

ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე დაძაბულობა მხოლოდ პირად დამოკიდებულებებს არ ასახავს. ბოლო პერიოდში აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო და შიდა წნეხის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ახერხებს ხელისუფლებაში პოზიციების განმტკიცებას და მმართველობის შენარჩუნებას. 

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში მორიგი ხმაურიანი დაპირისპირება პოლიტიკოსებსა და მედიას შორის, ამჯერად ოპოზიციური ფლანგიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ძალის გამოჩენა ამ ეტაპზე სერიოზულ გამოწვევად რჩება.

საუბარია ჟურნალისტების - დეა მამისეიშვილისა და გიორგი გაბუნიას - ერთობლივ Facebook Live-ჩართვაზე, სადაც ოპოზიციური ლიდერების საკითხი განხილვის საგანი გახდა. გაბუნია: რომელი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელიც გულით გინდა, ხელისუფლებაში იყოს?

მამისეიშვილი: „ოცნების“ საპირწონედ აუცილებლად მივცემდი ხმას ნიკა მელიას.“

გაბუნია: ეს არის კატასტროფული პასუხისმგებლობა, რომელსაც მელია ვერ გაუმკლავდება. ახლა რომ არჩევნები იყოს და მელია წარედგინათ მერობის კანდიდატად, ხმას არ მივცემდი. მელია საქმეს ვერ გააკეთებს - წარმოდგენაც არ მინდა.

ნიკა მელიამ ამ შეფასებებს თავის მხრივ მკაცრად უპასუხა:

„გაბუნია იდიოტი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო, არ მინდოდა დამეჯერებინა. ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს მაინც შეინარჩუნებდით“.

საჯარო დაპირისპირებას ნიკა გვარამიაც შეუერთდა:

„მეგობრებო, დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია კი არა, ჩემი ორი არასრულწლოვანი შვილი არ მაბარებს ანგარიშს, რა თქვან და რა გააკეთონ. საერთოდაც, ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე. კვირა დღესაც კი შეხვედრა მქონდა და ამიფეთქდა ტელეფონი. ძალიან მინდა გთხოვოთ, ზრდასრული ადამიანების (მით უმეტეს, მთლად ჩემზე ხანდაზმულების) ტექსტებზე მე ნუ მომთხოვთ ანგარიშს ან პასუხს. ჰკითხეთ მათ და მათვე ეჩხუბეთ ან შეაქეთ. მე მონები და ყმები არ მყავს და, ბევრისგან განსხვავებით, სხვებს არ ვაყეფებ, როცა რამის თქმა მინდა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს, რომ საერთაშორისო თუ შიდა წნეხის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას და კონტროლის განმტკიცებას. ამ ფონზე ოპოზიცია კვლავ ვერ ახერხებს ერთიანი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას.

ნიკა მელია, რომელიც წლების განმავლობაში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ „გამოკვეთილ ფიგურად“ გვევლინებოდა, დღეს მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცა. და, ეს კრიტიკა არა ხელისუფლებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც ფორმალურად მაინც ერთ მხარეს - „ოცნების“ წინააღმდეგ უნდა იდგნენ.

ეს მხოლოდ მედიისა და პოლიტიკის გადაკვეთის მაგალითი არ არის. ეს გამოხატავს იმ რეალობას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ არსებობს შეთანხმებული ხედვა - არც ტაქტიკურ და არც სტრატეგიულ დონეზე.

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შემთხვევებში ჩნდება კითხვა: არის ეს მხოლოდ ღია განხილვა თუ უკვე ახალი შიდა ომის დაწყება?

ნიკა გვარამია, ყოფილი მედია-მენეჯერი და მოქმედი პოლიტიკოსი, ბოლო პერიოდში არაერთ საჯარო განცხადებაში მკვეთრად აკრიტიკებს ოპოზიციის სტრატეგიას. მისი პოზიციაც ცხადყოფს, რომ ოპოზიციური ერთობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. რეალურად კი უთანხმოებები - როგორც იდეური, ისე პერსონალური - კიდევ უფრო ღრმავდება.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან აცხადებს, რომ ოპოზიციაში ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება ისევ რთული ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო მოწინააღმდეგე - სახელისუფლებო პარტია - ყველასთვის ნათელია.

„გიორგი გაბუნიას კრიტიკა და ნიკა მელიას მკვეთრი პასუხი მიუთითებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ დომინირებს დაბალი პოლიტიკური კულტურა, ურთიერთნდობის დეფიციტი და მობილიზაციის უუნარობა ერთიანი მიზნის გარშემო“, - აცხადებს მამრაძე.

მისი თქმით, საზოგადოებაში ჩნდება სერიოზული კითხვა - შეძლებს თუ არა ოპოზიცია დაპირისპირებების გადალახვას და რეალური ალტერნატივის შეთავაზებას ამომრჩევლისთვის?

„ამ ეტაპზე, ამ კითხვაზე პასუხი უფრო სკეპტიციზმს ბადებს, ვიდრე იმედს. ამას უკვე ხედავთ ქუჩაში – აქციები ფაქტობრივად ჩავლილია, პერფორმანსები ფორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს და რუსთაველზე რამდენიმე ათეულ ადამიანს თუ ვხედავთ. ეს უკვე საკმარისად სიმპტომატური სურათია“, - ამბობს მამრაძე.

მისივე აზრით, ეს ვითარება უკვე იმდენად მძიმეა, რომ ოპოზიციურ ძალებში იწყება შიდა დაპირისპირების ახალ ტალღად გადაქცევა:

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის შიგნით თითის გაშვერა იწყება. ასე იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც. ხელისუფლების სიმტკიცემ ოპოზიციური ფლანგის დეზორიენტაცია გამოიწვია. მათ, უბრალოდ, არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ასეთ მედგარ და რაციონალურ წინააღმდეგობას გაუწევდა“, - ამბობს ის.

მამრაძის შეფასებით, ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა დასავლეთზე გადაჭარბებული იმედების დამყარებაა:

„ფიქრობენ, რომ დასავლეთის ზეწოლა ხელისუფლებას გატეხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებაც კარგად ხედავს, რა რესურსით მოქმედებს დასავლეთი და რამდენად რეალურია ეს ზეწოლა. ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ ბოლო კრიზისი გადალახა და ახლა პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს“, - ამბობს მამრაძე.

მისი თქმით, დასავლეთშიც უკვე ჩნდება კითხვები ოპოზიციის რეალურ ძალასა და რესურსებზე: „რატომ ვერ გამოყავთ მხარდამჭერები ქუჩაში? რატომ არ იქმნება რეალური, სახალხო ალტერნატივა? ეს კითხვები არსებობს. ოპოზიციის რწმენა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით ავტომატურად შეიცვლება ხელისუფლება, აბსოლუტური პოლიტიკური სიბრიყვეა. ეს ხალხი უფრო ხშირად ბრიუსელშია, ვიდრე გურჯაანში. სწორედ ამიტომ, ეს დაპირისპირებები კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ბზარები გაჩნდა, რომელიც მომავალში სერიოზულ კრიზისად შეიძლება იქცეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

 

თომა რა ეროვნული მოძრაობის გამოკვეთილი ფიგურა? საერთოდ წარმოდგენა გაქვთ რა არის ეროვნული მოძრაობა?!
16 საათის უკან
მარბიელი ხელდაუბანელი ადამიანის ამოყვანილ ყველს შეჭამს ვინმე? არა! ტარება რომ არ იცის, ისეთს მანქანაში ჩაუჯდება ვინმე? არა! ჰოდა ამ გვარამია-მელია-ხაზარაძე-ხაბე-ბოკერია-ბოკუჩავა-ზურაბიშვილს ვინ გაყვება ჭკუანაღრძობისა და მოსყიდულის გარდა?
4 საათის უკან
Gami ამ გურჯაანში ვინ ჩაუშვებს...
2 საათის უკან