ოფიციალური ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. რეკრუტები სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
ხელისუფლების პარალელურად ემზადება რადიკალური ოპოზიცია. დღის ბოლოს რადიკალური ოპოზიციის წევრებმა და ექსპრეზიდენტმა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის „ივანიშვილის რუსული რეჟიმი“. რადიკალების გეგმა ასეთია - დილიდან სხვადასხვა დროსა და ადგილას დაგეგმილია მარშები, კულმინაცია კი, 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.
პარალელურად ემზადება არასამთავრობო სექტორი, რომლებიც შეკრებას რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე დაიწყებენ. „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ტატო ქელბაქიანის განცხადებით, ღონისძიებას შემოუერთდება 6 მსვლელობა - იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში, პროფკავშირების საჯარო მოხელეთა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, იქნება აღლუმი დაორგანიზებული, ასევე იქნება ხელოვანების მარში ფილარმონიიდან, „ძლიერი საქართველოს“ მარში მარჯანიშვილიდან და „ფედერალისტების“ მარში რუსთაველის გამზირიდან. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ როგორც ამ მსვლელობით შემოუერთდნენ ღონისძიებას, ისე პირდაპირ მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც „საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიებები“ ელოდებათ საპროტესტო ელემენტებით.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაციები გამართა აშშ-ის ელჩთან, რომელიც 26 მაისს იქნება რადიკალებთან ერთად, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის გარკვეული ნაწილი და ის ევროპარლამენტარები, რომლებიც გლობალისტური ძალების პირდაპირი მარიონეტები არიან. 26 მაისს თბილისში რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, მათ შორის არის რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ადგილზე დააკვირდება როგორ შეასრულებენ მე-5 კოლონის წარმომადგენლები დაკისრებულ მოვალეობას.
ოპოზიციასთან ერთად ემზადება ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციას.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიან და გეგმავენ პროვოკაციებს. მისი თქმით, ფაქტობრივად, აქციას გვიწყობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები.
„ინსტრუქციები მიიღეს, რომ ესკალაცია გამოიწვიონ, ვინაიდან გეგმები ეშლებათ და აპირებენ ახალი ბიძგი მისცენ ამ მოძრაობას. ამისთვის სჭირდებათ სკანდალი და მსხვერპლი. 26 მაისი აირჩიეს იქიდან გამომდინარე, რომ ცნობილი 26 მაისის რეპლიკა უნდათ გააკეთონ, უნდათ, რომ გამოიწვიონ ხელისუფლება, მოხდეს დაპირისპირება, ცემა-ტყეპა, სისხლი და თან, ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის წარმომადგენლების თვალწინ. ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარი. ნუ გგონიათ, რომ ეს არის იზოლირებული ეპიზოდური მოქმედებები, ამ ყველაფერს ერთი ცენტრი გეგმავს. შეთანხმებული მოქმედებებია საქართველოს წინააღმდეგ, რაც არსებული საკანონმდებლო და კორექტულ ფარგლებში არ ეტევა. პროვოკაციებმა მიიღო სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბი. ამიტომ, დაუყოვნებლივ ადეკვატური პასუხები სჭირდება ამას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც შემჩნეული არიან საქართველოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის ინსპირირებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არ უნდა შემოუშვან.
„თუკი არსებობს სადაზვერვო სამსახურის მიერ ხელისუფლებისადმი მიწოდებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები საქართველოში შემოდიან და ისინი საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები საქართველოში არ უნდა შემოვიდნენ. თუ ამ თამაშს, რაც დაწყებულია საქართველოს წინააღმდეგ, ავყვებით და არ გვექნება რეაგირების სისტემა, ჩვენ ძალიან ცუდი ვითარების წინაშე აღმოვჩნდებით. ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები. მინდა ხელისუფლებას ვკითხო - თუ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს ადამიანები შემოდიან პოლიტიკური დესტაბლიზაციის ინსპირირების ხელშეწყობისათვის, რატომ უშვეენ? რას თამაშობენ, სახელმწიფოებრიობას თუ რა ტიპის თამაშია? ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გააჩნდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.