31 მაისს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამოქმედდება, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს. კანონი, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებს ეხება, „ქართული ოცნების“ შეფასებით, ამერიკული „ფარა“-ს ქართული ანალოგია. როგორც ცნობილია, კანონპროექტი მესამე მოსმენით პარლამენტმა 1-ელ აპრილს მიიღო, ამოქმედებისთვის კი 60 დღეა გასაზღვრული, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს. დოკუმენტზე მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა ასევე 1-ლი აპრილით თარიღდება.
„თუ დასჭირდება ხელისუფლებას, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის“, - გვითხრა ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ კანონის შესახებ კომენტირებისას.
ჩნდება კითხვა რა ფუნქციას შეასრულებს „ფარა?“ – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით. კანონის აღმსრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც აპრილში განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 2025 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ფარას“ კანონი არაკონსტიტუციურია და ის არღვევს ადამიანის უფლებებს. მისივე შეფასებით, თუ ამ კანონის ფარგლებში, კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ ერთგვარი რეპრესიები დაიწყება, ამას დასავლეთის მხრიდან შესაძლოა შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს.
„ამ კანონით ირღვევა ბევრი რამ, მათ შორის კონსტიტუციასთან თავსებადობა - ეს კანონი არის რეპრესიული. თუ ამას დავუმატებთ ახლადმიღებულ კანონებს, ეს ყველაფერი ერთად ქმნის არა მხოლოდ მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემდგომი მუშაობის შეუძლებლობის ზღვარზე არსებობას, არამედ სხვა არაერთი, ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვისაც, ვინც ამა თუ იმ სახით იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან, ერთგვარ შეზღუდვებს. ასე რომ, ეს კანონი არის სრულიად არადემოკრატიული, თავისუფლების შემზღუდველია, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, განათლების თავისუფლების და კიდევ ბევრი არაერთი რამის.
ერთ-ერთი მიზეზი დემოკრატიულ დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ფაქტობრივი შეწყვეტისა ეს კანონიც გახლდათ. ასე რომ, ახლა რაიმე ახალი რეაქცია დასავლეთს ამ კანონის ამოქმედების გამო არ ექნება, მაგრამ თუკი დაიწყეს ამ კანონის აღსრულება, ანუ კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ რეპრესიების გატარება, ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. ისედაც გაფუჭებული ურთიერთობა დასავლეთთან კიდევ უფრო დამძიმდება“, - განგვიცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ „ფარა“-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით - „ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“.
როგორც კუპრაშვილი აღნიშნავს, „ფარა“-ს კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან არანაირად არ არის კავშირში. მისი თქმით, ბიურო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით „ყველა დაინტერესებულ მხარესთან“ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.
„აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც ასე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
„აგენტის“ განმარტება კანონშია მითითებული. ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგვიწია სამუშაო შეხვედრების რამდენიმე დღის დამატება“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.