„ჩინეთის საკითხის გარეშე ტრამპი ვერ შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს მიმართ“

„ჩინეთის საკითხის გარეშე ტრამპი ვერ შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს მიმართ“

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, არასერიოზულობის მინიმუმამდე დასაყვანად დაწერა ირაკლი კობახიძემ მაქსიმალურად სერიოზული წერილი, რაც საჭირო იყო. თუმცა თვლის, რომ კიდევ ერთი წერილია საჭირო, მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ეს წერილი აღარ უნდა იყოს საქართველოს ჩივილი კონკრეტულ პრობლემებზე, არამედ წერილი უნდა დადგეს კონკრეტიკაზე მაღლა და პრეზიდენტის ჯგუფს გააგებინოს, რომ ტრამპი სიახლის მომტანია არა მარტო ამერიკისთვის, არამედ ლიბერალიზმისგან გაწამებული მთელი მსოფლიოსთვის, რომ მას უყურებენ, როგორც ადამიანს, რომელიც მსოფლიოს გამოიხსნის იმ ბადისგან, რაშიც „ცისფერი პლანეტა“ გაახვია რადიკალურმა ლიბერალიზმმა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობები რას ამბობს? რატომ ჩატყდა მეგობრობის ხიდი, ეს ხომ საქართველოს მიზეზით არ მომხდარა. აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, ანუ დემოკრატებმა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ფაქტობრივად ომის პოლიტიკა აწარმოეს საქართველოში, იყო მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, დაიწყებოდა გადატვირთვის პოლიტიკა. თითქოს ჩატეხილი ხიდის აღდგენის ნიშანი გამოჩნდა ვიცე-პრემიერ დავითაშვილის ვიზიტით, მაგრამ პოლიტიკური გარღვევა მაინც ვერ მოხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ამჩნევს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოლოკაციაზე მდებარეობს?

რამაზ საყვარელიძე: ვფიქრობ, ქართულ-ამერიკული ხიდი ბოლომდე არაა ჩატეხილი, გარემონტდება, ოღონდ რემონტს მიზეზების გარკვევა უნდა. ურთიერთობის ხიდები ტყდება ხოლმე, როცა მხარეებს ურთიერთსაპირისპირო ინტერესები აქვთ. სავარაუდოდ, ამერიკის და საქართველოს ინტერესები დაუპირისპირდა ერთმანეთს და ამან მიიტანა ხიდი ჩატეხვამდე. უნდა გავერკვეთ მათ ინტერესებში.

1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ბევრი სისხლი დაღვარა რუსეთმა, საქართველოს წაართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ანალოგიურად წაართვა ყარაბაღი აზერბაიჯანს. შევარდნაძე თვლიდა, რომ სსრკ-ს დაშლის გამო დასავლეთი მის წინაშე ვალში იყო, მაგრამ მოტყუვდა. დასავლეთს იმხნად რეაქცია არ ჰქონდა არც კავკასიის მიმართ რუსეთის აგრესიაზე, არც აქ დაღვრილ სისხლზე. დასავლეთის გულგრილობით იმედგაცრუებულმა შევარდნაძემ საკუთარი ტყავზე იგრძნო, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები და მტრები, არსებობს ინტერესები.

ჰოდა, დასავლეთის დაინტერესებისთვის საქართველოში შეიქმნა აზერბაიჯანიდან ევროპისთვის ნავთობის მიწოდების პროექტი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, პირველი ნავთობსადენი, რომელიც გვერდს უვლიდა რუსეთს. პროექტი მამა ალიევმა გადასცა თურქეთის პრემიერს, მან პროექტი მიაწოდა კლინტონს. 1995 წელს ამერიკამ საჯაროდ განაცხადა ჩვენი ინტერესების წითელი ხაზები კავკასიაზე გადისო. რუსეთმა შევარდნაძეზე ტერაქტი მოაწყო, ხოლო დასავლთი დაინტერესდა საქართველოთი, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც კი არის საქართველო. ამ ისტორიამ გამოავლინა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდეს, იყოს ხიდი ქვეყნებს შორის. ამ ფუნქციის კიდევ მეტად განვითარება არის საქართველოს ინტერესში.

საკითხი იმაზე, რომ საქართველოს ხიდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, ხელმეორედ, ოცდამეერთე საუკუნის 20-იან წლებში დაისვა, როცა ჩინეთმა განიზრახა ევროპაში ტვირთების გატანა კავკასიის გავლით. ეს გაცილებით მასშტაბური პროექტია, ვიდრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და საქართველოც იძენს უფრო დიდ საერთაშორისო ფუნქციას. ჩინეთის კავკასიური ტრანზიტი საქართველოს სჭირდება ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც და უსაფრთხოებისთვისაც.

თუმცა, ამ პროექტის მიმართ პრეტენზიები გამოავლინა ამერიკამ...

- ამერიკისთვის ჯერ მიუღებელი იყო, ჩინეთისთვის, როგორც აშშ-ს კონკურენტისთვის, გზის გახსნა. საქართველოში მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საჯაროდ გაგვაფრთხილა კიდეც, ჩინეთი არ შემოუშვათ ანაკლიაში, დემოკრატიული ქვეყანა არ არისო (თანაც, ამერიკულ ინვესტიციებს არ დაგვპირდა, ფული თქვენ იშოვნეთო). პომპეო წავიდა, მაგრამ ტელეეკრანს მისი გამოსახულება ჯერ არ შეშრობოდა, რომ ჩინეთიდან თბილისში მატარებელი შემოვიდა ტრანზიტის გზის მოსასინჯად, რაც ქართული მხარესთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა.

ორიოდე წლის მერე, სპორტულ ღონისძიებაზე, ჩინეთში ჩასულმა ღარიბაშვილმა ყველასთვის მოულოდნელად ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა შოთა რუსთაველის ბიუსტის ქვეშ, რომელიც ჩინელებმა მას დაახვედრეს. ე.ი. საქართველო ხელს უწყობს ჩინეთთან კავშირს, მაგრამ ხიდის ფუნქციის შესრულებისთვის მას ევროპასთან კავშირიც სჭირდება. აშშ-ს მხრიდან ამოტივტივდა პარტიული ინტერესიც. ამერიკას დემოკრატი პრეზიდენტი ბაიდენი მართავდა.

ამ დროს, საქართველო მსოფლიო კონსერვატიული მოძრაობის წევრი გახდა, რათა მხარდამჭერები ჰყოლოდა ტრადიციებისთვის ბრძოლაში. ირიბად ეს დეტალი უკავშირდებოდა ჩინეთს, რადგან თუ „ოცნება“ კონსერვატიული იქნებოდა, ჩინეთიდან წამოსულ კავკასიურ ტრანზიტს მომავალში ლიბერალები/დემოკრატები ვეღარ გააკონტროლებდნენ. ამას დაემატა, რომ „ოცნება“ არ დაეთანხმა მეორე ფრონტის გახსნას და ქვეყნის განადგურებას.

მოკლედ, „ოცნება“ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ხშირად ამერიკის ინტერესებზე წინ აყენებდა, რამაც დემოკრატიული ამერიკისთვის ცხადი გახადა, რომ მას სჭირდებოდა ურჩ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ან არჩევნებით, ან რევოლუციით. დემოკრატიულმა ამერიკამ აიყოლია დემოკრატიული ევროპა, საქართველოს ოპოზიცია და მესამე სექტორი და დაიწყო ფსიქოლოგიური ომი საქართველოსთან ისე, როგორც ეს არის გაწერილი შარპის 198 რეკომენდაციასა და აკერმანის ვარიაციებში. თუმცა, რეკომენდაციებმა აღარ იმუშავა ისე, როგორც 2003-ში. ამჟამად ვერც არჩევნებით და ვერც ხავერდოვანი რევოლუციით ხელისუფლება ვერ შეცვალეს, არ შეიცვალა არც საქართველოს ინტერესები.

ამერიკის პრეზიდენტი გახდა ტრამპი. მან აკრძალა სხვა ქვენებში ხელისუფლების ხელოვნური შეცვლა და გააუქმა ამ ცვლილებების დამფინანსებელი სტრუქტურები. ტრამპი იცავს ტრადიციულ ღირებულებებს, კაცებს და ქალებს ანსხვავებს ერთმანეთისგან და ლამაზი ქალები მოსწონს. მოკლედ, მის და „ოცნების“ პოზიციებში უამრავი თანხვედრაა, მაგრამ ჯერჯერობით, გაურკვეველია რა პოზიცია ექნება მეორედ მოსულ ტრამპს ჩინეთის საკითხში. ჩინეთის საკითხის გარეშე ტრამპი ვერ შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს მიმართ.

ამასთანავე, მძაფრი ბრძოლა აქვთ ტრამპის წინააღმდეგ ევროპელ ლიბერალებს, ყველა ქვეყანაში სურთ გაიმარჯვოს მათმა პარტიამ. ამ სულისკვეთების ფონზე, ევროპა ისევ უტევს (ანუ ებუტება) საქართველოს, თუმცა უფრო რბილად, აგერ, კობახიძესთან ლამის, აღადგინეს წარსული ურთიერთობა, თუმცა პროტესტს მაინც მხარს უჭერენ. ე.ი. ევროპას აინტერესებს საქართველო, მაგრამ წყალს ამღვრევს ლიბერალური პარტიული ინტერესებით. სანამ ტრამპი არ გაარკვევს ურთიერთობას ამბივალენტურ ევროპასთან, საქართველოსთვის ის ვერ მოიცლის. ამდენად, საქართველოს და ამერიკის ხიდჩატეხილობაში ორივე მხარე მართალია, რადგან ორივე იცავს თავის ინტერესებს, ამასთანავე ტრამპს კიდევ ბევრი პრობლემა აქვს საქართველომდე მოსაღწევად.

როგორ შეიძლება ავხსნათ ირაკლი კობახიძის წერილის ქვეტექსტები, რომ ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა; USAID-ს, NED-ს, სოროსის ფონდსა და ამერიკის საელჩოს ამხელს რევოლუციური სცენარების წახალისებაში და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის აბსურდულ კანონად მოიხსენიებს წერილში ორპარტიულ ე.წ. „მეგობარ აქტს“. წერილის სიმწვავემ შეიძლება განსაზღვროს ორ ქვეყანას შორის პოლიტკური მომავალი?

- უილსონის დოკუმენტის შეფასებაში არ ვეთანხმები, ის შესანიშნავია. მასში ისე, როგორც სხვაგან, არსად ჩანს ყველაზე უფრო რამ შეაწუხა ამერიკული პოლიტიკის საშუალო ფენა. ამ დოკუმენტში საქართველოს მიმართ საყვედურებში პირველ ადგილზეა საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. აქამდე ამერიკა, ძირითადად, რუსეთთან დაახლოვებას გვსაყვედურობდა. უილსონმა პირველმა ახსენა ჩინეთი, რითაც დაადასტურა, რომ ჩინური ტალღა არყევს ქართულ-ამერიკულ ხიდს, რასაც ზემოთ ვამბობდი. ირანი და რუსეთი აქაც არის ნახსენები, მაგრამ მთავარია პირველად რამ გაუელვათ გონებაში ავტორებს. ფსიქოლოგობა მაიძულებს მივაქციო ამას ყურადღება. პირველად ჩინეთი ითქვა, ხოლო ირანი და რუსეთი გარნირივით მიაყოლეს.

რაც შეეხება კობახიძის წერილს, ის მწვავეა და, ალბათ, ასეთიც უნდა იყოს. უილსონის აქტის გარჩევაზე იჯდა ათი კაცი. კენჭისყრის დროს შემოვიდა მთელი დარბაზი და მიიღეს ორპარტიული დოკუმენტი ისე, რომ გარჩევა მოსმენილიც არ ჰქონდათ. ასეთი არასერიოზლი დამოკიდებულება შემდეგ საფეხურებზეც შეიძლება გაგრძელდეს. ალბათ, ასეთი არასერიოზულობის მინიმუმამდე დასაყვანად დაწერა კობახიძემ მაქსიმალურად სერიოზული წერილი, რაც საჭირო იყო.

ვთვლი, რომ კიდევ ერთი წერილია საჭირო, მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ეს წერილი აღარ უნდა იყოს საქართველოს ჩივილი კონკრეტულ პრობლემებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი უნდა დადგეს კონკრეტიკაზე მაღლა და პრეზიდენტის ჯგუფს გააგებინოს, რომ ტრამპი სიახლის მომტანია არამარტო ამერიკისთვის, არამედ ლიბერალიზმისგან გაწამებული მთელი მსოფლიოსთვის, რომ მას უყურებენ, როგორც ადამიანს, რომელიც მსოფლიოს გამოიხსნის იმ ბადისგან, რაშიც „ცისფერი პლანეტა“ გაახვია რადიკალურმა ლიბერალიზმმა.

სავარაუდოა, რომ ღმერთმა სნაიპერის ტყვიისგან სწორედ ამ უნიკალური მისიის შესრულებისთვის გადაარჩინა ტრამპი და არა მხოლოდ ამერიკის აღზევებისთვის, მაგის კარგად გამკეთებელი ბევრი იყო. ტრამპმა ულტრალიბერალებისგან შელახული თავისუფლება, სიმართლე, რწმენა და ღირსება უნდა დაუბრუნოს ადამიანებს ყველა ქვეყანაში. ამ მისიასთან შედარებით წვრილმანი ამოცანაა ამერიკის გაძლიერება ან ჩინეთთან შეჯიბრი. ტრამპს აქვს პოტენციალი, რომ ჩინეთი დაამარცხოს თავისი პოლიტიკური კალიბრით, მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პარადიგმის შემოტანით, რასაც ხშირად „ტრამპიზმს“ ეძახიან. საკუთარ თავზე ამ მასშტაბებით ლაპარაკს ტრამპი მოუსმენს.

წერილში კობახიძე საუბრობს იმაზე, რომ „დიფ სთეითი“ ამხილა საქართველომ, ეს არის საკითხი, სადაც ტრამპი ექსკლუზივს არავის უთმობს. ამ საკითხზე ხაზის გასმა იყო წითელი ხაზი?

- დასავლეთში იმდენი ადამიანი ლაპარაკობს „დიფ სთეითსა“ ან ანალოგიურ ფენომენებზე, რომ მეეჭვება ტრამპი მაინცდამაინც კობახიძეს დაეჭიდოს პირველობაზე.

ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, იქნება ამ წერილზე რეაქცია და იმ შემთხვევაში, თუ წერილი დარჩა უპასუხოდ, რა ხდება შემდეგ ორ ქვეყანას შორის და, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველო ამ დრომდე არ ნიშნავს ელჩს აშშ-ში...

- სამწუხაროდ, ელჩზე რა ხდება არ ვიცი. ვვარაუდობ, რომ კობახიძის წერილის მიზანი იყო საქართველოს მიმართ ზერელე დამოკიდებულების ბლოკირება უილსონის „აქტის“ შემდგომ განხილვებზე. თუ მომავალი განხილვების სტილი და რიტორიკა შეიცვლება, ეს უკვე იქნება ყველაზე კარგი პასუხი კობახიძის წერილზე. თუ არც არაფერი მოხდა, ჩვენ შევიცვალოთ, კერძოდ, დავანებოთ თავი გვირილის ყვავილზე ფოთლების წყვეტას ბუტბუტით „ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ“. დავხვეწოთ ჩვენი სტრუქტურების შედეგიანობა და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ კიდევ მეტად საჭირო ყველა ქვეყნისთვის, ამერიკის ჩათვლით.

მაშინ, როდესაც გაურკვეველია ამერიკასთან ურთიერთობა, სენატორი ჯო უილსონი ლობირებს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას, იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას. როდესაც არ გცნობენ ლეგიტიმურად, წინ გაქვს ასევე მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები, ასეთ ვითარებაში პრემიერის წერილი რამდენად დროული იყო და რატომ ახლა?

- დავუკვირდეთ, თუ თვინიერები გავხდებით, ხელისუფლების შეცვლას ხომ უფრო ეცდებიან, ხომ კიდევ უფრო მოგვაქცევენ ზურგს, რადგან თუ გამათრახების მერე მოვთვინიერდით, დაასკვნიან, რომ ჩვენ მათრახით უნდა გველაპარაკონ. რა თქმა უნდა, არის მტრების მომრავლების საფრთხე, მაგრამ მეგობრებიც უნდა მოვიმრავლოთ. თვინიერთან მეგობრობას არავინ იჩქარებს, ხოლო თუ სხვებისთვის საჭირონი ვიქნებით (რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით), მეგობრობის მსურველი ბევრი იქნება. პრემიერის წერილი იმის ნიშნია, რომ საქართველო დაეხმარება უსამართლობით გაწვალებულებს. ეს უკვე ფუნქცია არის, „რასაცა გასცემ შენია...“.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის წერილის ადრესატი - ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, თუ ქართველი ამომრჩეველი და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც მოსწონს დასავლეთთან და ამერიკასთან მკაცრი საუბარი?

- კობახიძის წერილი შეიძლება მკითხველთა კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას გულისხმობდეს, მათ შორის, უცხოეთის იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოზე ისე, რომ არ იციან საქართველოზე არაფერი. შეიძლება იმ პოლიტიკოსისკენაც არის მიმართული წერილი, რომლისთვისაც ნაცნობია ეს პრობლემები, მაგრამ თქმას ვერ ბედავს, რადგან ჰგონია, რომ მარტოა. შეიძლება მათაც მოხვდეს გულზე, ვინც პოლიტიკოსად არ თვლის თავს. მართლაც საინტერესოა, ვისში ნახავს გამოძახილს კობახიძის წერილი.