დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა შეიძლება იმ გარემოებად იქცეს, რომელიც უკრაინის ომის კურსს განსაზღვრავს. თუმცა, უკრაინაში და ევროპაში სულ უფრო მეტად იზრდება შიში, რომ პირისპირ დიალოგი შესაძლოა, არა მშვიდობის, არამედ ზეწოლის ინსტრუმენტი აღმოჩნდეს.
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკების მარცხის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე გაჩნდა მოლოდინი, რომ ტრამპი რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდა, თუმცა, საპასუხოდ, ტრამპმა პუტინთან პირისპირ შეხვედრის ინიციატივა წამოაყენა, რამაც ევროპელი და უკრაინელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია.
„პუტინმა სტამბოლში შემოგვთავაზა კაპიტულაცია, ამას მოლაპარაკება არ ერქვა“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ნიკოლენკო. მისი თქმით, რუსეთის დელეგაციამ წამოაყენა პირობები, რომლებიც „საკუთარი აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურებოდა“.
რა მოხდა სტამბოლში?
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ მოითხოვა, რომ უკრაინა შეთანხმებოდა ნეიტრალურ სტატუსზე, ეღიარებინა რუსეთის იურისდიქცია ყირიმსა და დონბასზე და უარი ეთქვა დასავლურ სამხედრო დახმარებაზე. მოლაპარაკება, დაახლოებით, ხუთ საათს გაგრძელდა, თუმცა მხარეები საერთო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ.
დასავლელმა დიპლომატებმა მოლაპარაკებების შინაარს „შოკისმომგვრელი“ უწოდეს. როგორც ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განაცხადა: „რუსეთი ისევ ცდილობს მსოფლიო მოატყუოს, თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, ფაქტობრივად, ულტიმატუმებით მოქმედებს“.
ტრამპის ინიციატივამ კი შეხვდეს პუტინს, დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია. კრემლის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა, რომ „დროა პირდაპირი საუბრის... სჯობს პირისპირ ვილაპარაკო პრეზიდენტ პუტინთან, ვიდრე სხვებმა ომი გააგრძელონ მის მაგივრად“.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მის პოზიციას „გადაჭარბებულად შემრიგებლურს“ უწოდებენ. სენატორმა კრის მერფიმ CNN-თან საუბარში აღნიშნა: „პუტინი სწორედ ასეთ შეხვედრებს ეძებს, სადაც დასავლური ერთიანობა იშლება და უკრაინა მარტო რჩება“.
კიევის პასუხი: შიში დათმობის გამო
კიევში მოლოდინები მტკივნეულია. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინა არ დათმობს სუვერენიტეტს, რაც არ უნდა გამოიტანოს ტრამპ-პუტინის შესაძლო შეთანხმებამ.
„ჩვენ არ ვცვლით ტერიტორიებს მყიფე ზავში. მსგავსი შეთანხმება მეორე ბუდაპეშტური ტრაგედია იქნება“, - განაცხადა დანილოვმა.
შეხვედრა - სად და როდის? - ეს ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელია, მაგრამ დიპლომატიური წყაროების ცნობით, ტრამპ-პუტინის შეხვედრა შესაძლოა 3 კვირაში გაიმართოს. მთავარი ლოკაციის კანდიდატებად განიხილება სტამბოლი და ჟენევა.
ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა გამოსავალი იყოს ჩიხიდან, თუმცა სხვა ანალიტიკოსები ამას საფრთხედ მიიჩნევენ.
„პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია. მას სურს შეიარაღებული გამარჯვება ან დასავლეთის დანებება. მესამე ვარიანტი არ არსებობს“, - ამბობს ანდერს ასლუნდი, Atlantic Council-ის ანალიტიკოსი.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე for.ge-თან ამბობს, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება, რათა უკრაინის ომთან დაკავშირებით რეალური კონტურები გამოიკვეთოს.
„ადრეც ვთქვი თქვენს გამოცემასთან და ახლაც გავიმეორებ, რომ სტამბოლში შეხვედრა მხოლოდ ტრამპის პატივისცემის გამო შედგა. რუსეთს არა აქვს საბოლოო მიზანი მიღწეული, უკრაინის ტერიტორიები კი კვლავ ოკუპირებულია. ამიტომ არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ მოლაპარაკება მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდებოდა. იქ ილაპარაკეს იმაზე, რომ ტყვეები გაეცვალათ და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მოემზადებიან. რა თქმა უნდა, ახლა მთელი მსოფლიო ტრამპის და პუტინის შეხვედრას ელოდება. ეს არის ორი ფიგურა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ამ პოლიტიკურ პროცესებს განსაზღვრავს. ამიტომ სასურველია ისინი შეხვდნენ, მათ შორის საქართველოსთვისაც, რათა ტრამპის პოლიტიკა კავკასიის მიმართ, შესაძლოა, უფრო ამ შეხვედრის შემდეგ გახდეს ნათელი. ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება ამის შემდეგ მოგვარდეს. მათ გარიგების გარეშე უკრაინის ომის საკითხი ვერ გადაწყდება. ამიტომ ძალიან კარგია თუ ეს შეხვედრა შედგება.
დღეს დიდი მოთამაშეები მიმართული არიან იმისკენ, რომ მოლაპარაკება მოხდეს. რა შედეგი ექნება ამერიკის და ჩინეთის კონფრონტაციას, არავითარი დადებითის მომტანი ეს მსოფლიოსთვის არ არის. ისინი ერთმანეთზე ეკონომიკით ისე არიან გადახლართული, რომ არავის უნდა დაპირისპირება. ასევე არის რუსეთთან, რადგან ის პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი რუსეთთან აწარმოებდა, არ ამართლებს“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, რუსეთი არის ისეთი ქვეყანა, რომლის ამოგდებაც საერთაშორისო ურთიერთობებიდან ძალიან დამაზიანებელია თავად დასავლეთისთვის.
„რუსეთისთვის დასავლეთს, დაახლოებით, 24 ათასი სანქცია აქვს დაწესებული. ეს არის სიგიჟემდე მისული პროცესი. რომ შევადაროთ სანქციების მხრივ ირანს, ამ ქვეყანას დასავლეთიდან დაახლოებით 4 ათასი შეზღუდვა ჰქონდა. მიუხედავად ამდენი სანქციებისა, რუსეთის განვითარების ისტორია უნდა იცოდნენ და ისიც, რომ მათ მსგავსი კრიზისისთვის ადრე თავი უკვე გაურთვიათ. რუსებს შეუძლიათ ომის პირობებში ძალიან სწრაფად გადაეწყონ სამხედრო ეკონომიკის რელსებზე და მათთვის ეს სანქციები არ აღმოჩნდა შემაფერხებელი.
ისე სწრაფად შეძლეს მობილიზება და გადაწყობა, რომ ეს სანქციები ვერაფერს უშვრება. ტრამპი არის ძალიან პრაგმატული და რეალისტი პოლიტიკოსი, ის არის ბიზნესმენი და ყველაფერს ძალიან პრაგმატულად უყურებს. ნახეთ, ახლო აღმოსავლეთში რა მომგებიანი კონტრაქტები დადო. ახლო აღმოსავლეთი მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ის ცვლის ამ პოლიტიკას. ამიტომ მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ უბრალოდ, რუსებთან ურთიერთობის დალაგება დღეს ამერიკის ინტერესებშია. ეს კი სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული. ამიტომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა რაც უფრო მალე დაიგეგმება, მით უფრო კარგია მთელი მსოფლიოსთვის“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, უკრაინის შიში რომ ტრამპმა მათზე ზეწოლა გააძლიეროს, რეალურია.
„უკრაინა ეს არის ობიექტი და არა სუბიექტი. ზელენსკის მოქმედებები მისი ევროპელი კოლეგების კარნახით არის განპირობებული. იგივე სტამბოლში როცა მოლაპარაკებები დაიგეგმა, არახამიამ განცხადება უმალვე შეცვალა მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერი სტამბოლში ჩავიდა და უკრაინელებს მაშინვე სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმეზე დათანხმება აუკრძალა. სულ ვამბობდი, რომ ქვეყანა, რომელიც ომს სხვის იმედზე იწყებს, მისი ბედი ძალიან ცუდად მთავრდება. შესაძლოა, ეს ქვეყნები ყოველთვის მორიგდნენ და წაგებული დარჩება ასეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინაა“, - ამბობს კიკნაძე.