„3 თვის წინ ზელენსკი უარს ამბობდა პუტინთან საუბარზე და ახლა მის სტამბოლში ჩასვლას ითხოვდა - ასე არ ხდება, როცა წინ მიმავალი ჯარი უკან იხევს და ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება“

„3 თვის წინ ზელენსკი უარს ამბობდა პუტინთან საუბარზე და ახლა მის სტამბოლში ჩასვლას ითხოვდა - ასე არ ხდება, როცა წინ მიმავალი ჯარი უკან იხევს და ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება“

სტამბოლში დაძაბული მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოსკოვმა მშვიდობის სანაცვლოდ კიევს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა მოსთხოვა. ერთადერთი საკითხი, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თითქმის 2-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეჯერდნენ, ტყვეების გაცვლაა.

უკრაინამ პასუხი ვერც მეორე მოთხოვნაზე მიიღო - მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის გუნდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის მოთხოვნა წამოაყენა. მოსკოვიდან სტამბოლში ჩასულმა კრემლის წარმომადგენლებმა, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ შეთავაზების განხილვის პირობა დადეს.

ვიდრე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ, უკრაინული მხარის მოთხოვნებსა და მოლოდინებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთიდან ისაუბრა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსული მხარისგან კიდევ ერთხელ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

„ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი სრული, უპირობო და პატიოსანი ცეცხლის შეწყვეტაა. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რათა შეწყდეს მკვლელობები და შეიქმნას მყარი საფუძველი, პირველ რიგში, დიპლომატიისთვის. თუ დღეს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლები ამაზეც კი ვერ შეთანხმდებიან, ცეცხლის შეწყვეტაზე, ამ აშკარად აუცილებელ პირველ ნაბიჯზე, მაშინ 100%-ით ნათელი გახდება, რომ პუტინი დიპლომატიის ძირის გამოთხრას აგრძელებს. ასე თუ არ მოხდა, დღესვე უნდა იყოს გარკვეული შედეგები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტით. მოვუწოდებ პუტინს, მის დელეგაციას რეალური უფლებამოსილება მიანიჭოს და ჩვენ გვჭირდება მკვლელობების სრული შეჩერება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მივცეთ. ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასრულებას ცდილობს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა და მაქსიმალურად კოორდინირებული ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ყველა დონეზე, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, კიევი მზადაა „მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის“ ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენი პოზიციაა – თუ რუსები უარს ამბობენ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტასა და მკვლელობებზე, მაშინ უნდა იყოს ძლიერი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსულ და უკრაინულ მხარეებთან სასაუბროდ, სტამბოლში ვაშინგტონიდანაც საგანგებოდ ჩავიდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მთელი დღის განმავლობაში დელეგაციებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა. სანამ მარკო რუბიო ცდილობდა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მიეყვანა, მიმდინარე მოლაპარაკებებზე შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ სამი თვის წინ ზელენსკი და მისი გარემოცვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობდნენ და შეხვედრის წინაპირობად რუსეთის მიერ ჯარის, ყირიმის ჩათვლით, გაყვანა უნდა ყოფილიყო. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ახლა რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, ტრამპის დამსახურებაა.

„ტრამპმა ეს გააკეთა ძირითადად იმით, რომ დაიმუქრა პროცესებიდან გასვლით. ამან კი იძულებული გახადა როგორც ზელენსკი, ასევე პუტინიც მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. ვიცით, რომ დასავლეთი 30 დღით ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას ითხოვს. რუსეთი კი ამაზე ამბობს, რომ ეს რიგი საკითხების განხილვით უნდა მოხდეს. რუსები ნელა, მაგრამ წინ მაინც მიიწევენ. არ არსებობს ფრონტის ხაზზე უკრაინელების სადმე უტევდნენ. ყველგან დაცვაზეა გადასული და თითქმის ყოველდღე ტერიტორიებს კარგავენ. ყოფილა სიტუაცია, როდესაც მოუხსნია უკრაინას ჯარი და ტერიტორია უბრძოლველად დაუტოვებია. ასეთ პირობებში გამორიცხულია, როცა რუსეთი წინ მიდის, მან ბრძოლა და ცეცხლი შეწყვიტოს.

ასე არ ხდება, როცა წინ მიმავალი ჯარი უკან იხევს და ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება. ამიტომ ყველა რეალისტი ამბობს, რომ რუსეთი არ გაჩერდება. დასავლეთის და ტრამპის საპასუხოდ კი პუტინი ამბობს, რომ კი ბატონო, შესაძლოა, შევჩერდე კიდეც, ოღონდ უნდა შეწყვიტოთ მაშინ ყველანაირი დახმარება უკრაინისთვის. ამის გარეშე რუსეთისთვის ჩიხია. დასავლეთი კი ამაზე უარს ამბობს. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ არსებობს უკვე მოვლენების განვითარების დინამიკა. თუკი 3 თვის წინ ზელენსკი უარს ამბობდა, რომ ამაზე არ წავა და პუტინთან საუბარი არ შეიძლება, ის ახლა აქეთ ითხოვდა მის სტამბოლში ჩასვლას“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თმით, ახლა რუსეთის მხრიდან ბევრად ცუდი და უკრაინისთვის მძიმედ დასათანხმებელი პირობებია წამოყენებული.

„ერთ-ერთ ვარიანტში რაც გამოცხადდა, რუსეთის კომპრომისი იყო ასეთი, რომ ყირიმი უნდა გამოცხადდეს დე იურე, რა მოცემულობაც ახლა არსებობს. ხოლო სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის, დე ფაქტო აღიარებული იყოს. ის, რაც კონსტიტუციით რუსეთის ხელშია, პუტინი მის აღიარებას ითხოვს. ეს იყო რუსეთის კომპრომისი, რომ აი, ახლანდელ ხაზთან გავჩერდებით. თუმცა ძალაში რჩება ნატოში არშესვლა. ძალაში რჩება, რომ შემოვიდნენ სამშვიდობოები, ოღონდ ნეიტრალური ქვეყნებიდან და ისიც გაეროს ეგიდით. რა თქმა უნდა, კრემლს ძალიან კარგად ესმის, რომ იურიდიულად ყირიმის ცნობა შეუსრულებელია. თუმცა ეს პუტინის ჩვეულებრივი მანევრია. ის, უბრალოდ, ვაჭრობს და ფიქრობს, რომ ახლა ისეთ სიტუაციაშია, ყველაზე ბევრის გამოვაჭრება შეუძლია“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინს ომის გაგრძელების შემთხვევაში იმედი აქვს, რომ ის წინ მიიწევს და პლუს უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა შექმნილი. ზელენსკის ხელისუფლება უკვე პირდაპირ ქუჩებში და სახლებში აპატიმრებს ახალგაზრდებს, რომელთაც ომში წასვლა არ უნდათ. ასევე დიდი კორუფციაა კომისარიატებში, სადაც გაწვევით და მისი თავიდან არიდებით ვაჭრობენ უკრაინელი სამხედროები. პუტინმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა ძალიან კარგია იმისთვის, რომ ივაჭროს და ამ მსვლელობის დროს ფრონტის ხაზი უკრაინის მხრიდან ჩამოიშლება.