სტამბოლი კიდევ ერთხელ იქცა საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრად - 16 მაისს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის, შესაძლოა, ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა შედგეს. მოლოდინი მაღალია - შეძლებენ თუ არა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე შეთანხმებას, თუ მოლაპარაკებები ისევ გადაიდება?
15 მაისს, ანკარიდან სტამბოლში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია უკრაინის საელჩოში გამართა. მან მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელად თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დაასახელა და აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, რუსულ დელეგაციას ისინი 16 მაისს შეხვდებიან.
რუსეთის წარმომადგენლები უკვე სტამბოლში იმყოფებიან. თუმცა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ეტაპზე არ ჩასულა - მოსკოვმა მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი წარადგინა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მხარეების შეხვედრა დახურული ფორმატით ჩაინიშნა და მედიისთვის დეტალები ამ ეტაპზე შეზღუდულია. ცნობილია, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემებია ცეცხლის შეწყვეტის დროებითი მექანიზმი, ჰუმანიტარული დერეფნების გაფართოება და შესაძლო სამშვიდობო გეგმის ზოგადი ჩარჩო. თურქეთი კი კვლავ აქტიურობს, როგორც შუამავალი და აცხადებს, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციის ხიდის შენარჩუნება სტამბოლისთვის პრიორიტეტია.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გავრცელებული ხმების მიუხედავად, მისი მონაწილეობა ამ ეტაპზე არ არის ოფიციალურად დადასტურებული. მოლაპარაკებების შესახებ მორიგი განცხადება 15 მაის მან „ეარ ფორსის“ ბორტზე ყატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მგზავრობის დროს გააკეთა. შეერთებული შტატების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის 16 მაისს სტამბოლში ჩავიდეს.
სტამბოლის მოლაპარაკებები განხილვის საგანი იყო ანტალიაში, სადაც „ნატოს“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.
პუტინის სტამბოლში ჩაუსვლელობის რამდენიმე მიზეზი სახელდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კრემლი ცდილობს, მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობამ ქვედა რგოლზე გადაინაცვლოს. პუტინის არდასწრებით, რუსეთი ინარჩუნებს სივრცეს უკან დახევისთვის და საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესი მკაცრად გადააფასოს ან უარყოს.
თუმცა, ამ შემთხვევაში, რუსეთის შიდა პოლიტიკური დინამიკაც გასათვალისწინებელია. მოლაპარაკებებში პირადად ჩართვა პუტინისთვის შიდა აუდიტორიის წინაშე რისკს წარმოადგენს. მისი ხელისუფლება აგრძელებს ომის მხარდაჭერით პოზიციონირებას და ნებისმიერი დათმობის ნიშანი შეიძლება აღიქვას სისუსტედ, რაც საშიშია ავტორიტარული რეჟიმისთვის.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ პუტინი ერთდროულად მოლაპარაკებების დაწყების ილუზიის შექმნით რამდენიმე ფრონტზე თამაშობს. ერთი მხრივ, ის დასავლეთთან დიპლომატიურ თამაშშია ჩართული, რითაც შეიძლება ცდილობდეს დასავლეთისთვის სიგნალის გაგზავნას, რომ ის მოლაპარაკებებისთვის ღიაა, თუმცა, ამავდროულად, დისტანციას იჭერს, რათა ზეწოლა მოახდინოს უკრაინასა და დასავლურ პარტნიორებზე - ე.წ. მოლაპარაკებების ინიციატივა გამოიყენოს როგორც პოლიტიკური ბერკეტი.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრიდან რამე სერიოზული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აქ, უბრალოდ, ძალის დემონსტრირებაა, სადაც დელეგაცია არანაკლებ წარმომადგენლობითია. ეს არის პუტინის მხრიდან გათვლა იმაზე, რომ საბოლოო სიტყვას იტოვებს, რომ დელეგაცია არ არის იმ მანდატის, რომ მათ რაიმე გადაწყვეტილებები მიიღონ. ესეც პუტინის მანევრის ნაწილია, რაზეც მას კონკრეტული გათვლები აქვს გაკეთებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის მოთხოვნაა, რომ 4 ოლქი მისცენ და ყირიმი. ასევე უკრაინა არასდროს ნატოს ქოლგის ქვეშ არ იყოს. უკრაინა უარს ამბობს ამ ყველაფერზე და უფრო მეტიც, ზელენსკი ისევ ფეხებს აბაკუნებს, ნატოში შეგვიყვანეთო. არადა, ნატო გახდა სწორედ მიზეზი, რის გამოც პუტინმა ომი დაიწყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება იქ, დახურულ კარს მიღმა, ინტერესები დაახლოვდეს და რაღაცა საკითხები კონსენსუსამდე მივიდეს. რაც ღიად ჩანს, ეს მოთხოვნები ვერცერთი მხრიდან ვერ გახდება შეთანხმების საგანი. უკრაინა არასდროს დათანხმდება იმას, რომ რუსეთს საკუთარი ტერიტორიები მიაკუთვნოს. ამიტომ მოლოდინი არც მე და არც ბევრს არა აქვს იმის, რომ სტამბოლში რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოხდება“, - ამბობს ქადაგიძე.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებას სტამბოლში ჩასვლაზე, ქადაგიძე აზრით, თუ პუტინი იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღები, იმ შემთხვევაში, ტრამპიც ჩავიდოდა, მაგრამ პუტინი იტოვებს გზას, რომ სათქმელი ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, პუტინი ზელენსკის თავის სწორად არ მიიჩნევს და მასთან პირდაპირ დასაჯდომად სტამბოლში რომ არ ჩავიდოდა, ეს ცხადი იყო. პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ ზელენსკი მარიონეტი ლიდერია და მისი ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთხელ დააყენა. ამიტომ ის ახლა ანგარიშს უფრო ტრამპს უწევს და ცდილობს, რომ ამერიკასთან რაღაცების დალაგების ეტაპზე სიტუაცია არ გაართულოს. თავისთავად, პუტინი ქმნის ილუზიას, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ხოლო მეორე მხრივ არ გააგზავნა ისეთი შუამავლები, რომელთაც რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ“, - ამბობს ქადაგიძე.