„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში, სადაც შეხვედრებს მართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან და სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან. ვიზიტი უკვე მესამე დღეა გრძელდება და დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი. სააკაშვილის მონაწილეობა დელეგაციის ვიზიტში პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას კვლავ აქვს მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის თემა ისევ საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. მისი მონაწილეობა შეხვედრებში ემსახურება პრეზიდენტის პატიმრობისადმი საერთაშორისო ყურადღების გაზრდას.
რაც შეეხება ვიზიტის კონტექსტს, ეს ემთხვევა საქართველოში რთულ პოლიტიკურ პერიოდს, როდესაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გააძლიერონ საერთაშორისო მხარდაჭერა ხელისუფლების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, აშშ-ს და საქართველოს შორის ჯერჯერობით გაურკვეველი ურთიერთობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. მათ მიაჩნიათ, რომ დროა სააკაშვილის თემა კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდეს და ხელისუფლებაზე ზეწოლა ამ კუთხით ისევ დაიწყოს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის საკითხი აღარ წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ თემას. მათივე თქმით, ამერიკული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილს პოლიტიკურ ველზე აღარ განიხილავს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი ნაკლებად დაინტერესებულია მისი გათავისუფლებით ან პოლიტიკაში დაბრუნებით. ასევე მიაჩნიათ, რომ ნაციონალები ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ პოლიტიკას განაგრძობენ და ცდილობენ „მეგობარი აქტი“ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.
თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ აშშ-ში საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის და მის დასაცავად იმყოფებიან.
„ჩვენ ვაშინგტონში ვართ, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავიცვათ. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პოლიტიკური რეპრესიებისა და უკანონობის შესახებ, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ აშშ-ში კიდევ რამდენიმე შეხვედრას გეგმავენ როგორც კონგრესის, ისე სენატის წევრებთან. ასევე მოსალოდნელია შეხვედრები უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ ევროპის და ამერიკის დედაქალაქებში რადიკალური ოპოზიციის ლიდერების, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტები, უკვე გასაკვირი აღარ არის. ამ ხალხის მავნებლობას ქვეყნის წინააღმდეგ დიდი ხანია ჩვეულებრივი სახე მიეცა.
„რადიკალები ვაშინგტონში თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მხოლოდ ერთი მიზნით დადიან, რომ როგორმე საქართველოს ინტერესები დააზიანონ - სანქციების დაწესება მოითხოვონ და საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელონ. ეს ხან გამოსდით, ხან არა, მაგრამ კონკრეტულად სააკაშვილის პიროვნების რამენაირ რეაბილიტაციას აზრი არა აქვს, არც საზღვარგარეთ, არც საქართველოში. ყოფილ პრეზიდენტს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც მან ბოლომდე უნდა მოიხადოს. ის უდიდესი აფერა რომ მას წამლავდნენ და კლავდნენ, გაქარწყლდა. მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპაში „ნაწამებ პატიმრად“ და პოლიტპატიმრად მიაჩნიათ, ეს ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის არაფერს ნიშნავს. ამიტომ ტყუილად ხარჯავენ დროს და რასაკვირველია, ფინანსურ სახსრებსაც იმისთვის, რომ ნაცსექტის ბელადი როგორმე გარეთ მოხვდეს.
ასეთი უაზრო აქტივობა არ იქნება ნაყოფიერი, რადგან საზოგადოების დიდი ხნის მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკის ლუქს პალატაში კი არ ნებივრობდეს, არამედ საპატიმროში უნდა იყოს. ჩვენ ამ ბოლო დროს, ძალიან აქტიურად გვესმის განცხადებები საქართველოს პარლამენტის წევრებისგანაც. მე მგონი სააკაშვილის ბოლო თვეების ვიდეო ჩართვები სასამართლოში, ყველანაირ ეჭვს აქარვებს, რომ მას რამენაირი სახის ქრონიკული ავადმყოფობა აქვს. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო ელოდება ობიექტური ექიმების დასკვნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გაირკვეს თუ რამე სჭირს სააკაშვილს, ასეთი აქტიური როგორ არის. თუ ჯანმრთელია, რატომ უნდა იყოს ის კლინიკაში და მისთვის საქართველოს მოსახლეობა ტყუილად ვითომ მკურნალობაში დიდ თანხებს იხდიდეს“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, რადგან დადგა უკვე მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის აუცილებლობა, მისი გარემოცვა შეფუცხუნდა.
„ფაქტია, რომ მისი გარემოცვა ცდილობს დროებითი აჟიოტაჟი ატეხონ ამერიკაში თუ ევროპაში. ასევე ფიქრობენ, რომ ამ მტრული აქტის კონგრესის ქვედა პალატაში დამტკიცება ახლა პიარულად და პოლიტტექნოლოგიურად მომგებიანია, რომ სააკაშვილის თემა ისევ გაააქტიურონ. ამ ყველაფერს კი აზრი არა აქვს, რადგან ამ სამედიცინო დასკვნას, უკვე დიდი ხანია ელოდება სამართლიანად გაბრაზებული საზოგადოება. თუ დადასტურდა, რომ მას საავადმყოფოში ყოფნის არანაირი მიზეზი არა აქვს, ის საპატიმროში აუცილებლად გადავა. კონგრესმენების ფარატინა განცხადებები, ტვიტები თუ ე.წ. რეზოლუციები, ნამდვილად არაფერს ნიშნავს. დავინახავთ მორიგ თავხედობას, იქნება ესე კონგრესმენი თუ სენატორი, მაგრამ ესეც ისევე ფუჭად ჩაივლის, როგორც წინა წლების ისტერია, რომ თითქოს სააკაშვილს აწამებდნენ და მომაკვდავი იყო“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღარც ქვეყნის შიგნით და აღარც მის გარეთ მიხეილ სააკაშვილი აღარ წარმოადგენს იმ დონის ფიგურას, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება. მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია ვეღარ მოხდება, რადგან მას მხარდაჭერა საკუთარ გუნდშიც კი დაკარგული აქვს. მისი მხარდამჭერები იმის მაგივრად, რომ „ვივამედის“ წინ აქციებს აწყობდნენ და მის მხარდაჭერას გამოხატავდნენ, კაციშვილი აღარ ახსენებს.