ჯერაც უცნობია, ჩავა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. 13 მაისს მისმა პრესს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგი გამართა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ დაესწრება რუსეთიდან შეხვედრას, იქნება თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა სტამბოლში და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ასევე მოლაპარაკებებს დაესწრებიან ამერიკელები, რომელთა რიგებში სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მეთაურობით დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი იქნებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა 12 მაისს გამართეს მოლაპარაკებები, სადაც განიხილეს რუსეთის პუტინის ინიციატივა 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. ამ ინიციატივას წინ უძღოდა ევროპელი ლიდერების მოწოდება რუსეთისთვის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების დაწესების მუქარით.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ პუტინს შეუძლია ომის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება, და მისი არ დასწრება იქნება, რუსეთის მხრიდან, ომის გაგრძელების სურვილის გამოხატვა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზადაა შესახვედრად არა მხოლოდ მედიით, არამედ რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ კი, ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად, რადგან სწორედ მასთან უნდა მოვილაპარაკო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; რადგან მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით“, - თქვა ზელენსკიმ.
მან დონალდ ტრამპის შესაძლო ჩართულობაზეც ილაპარაკა და განაცხადა: „ჩვენ პრეზიდენტი ტრამპსაც შევთავაზეთ შემოგვიერთდეს. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის მონაწილეობას დაადასტურებს, ვფიქრობ, ეს პუტინს დამატებით სტიმულს მისცემს ჩამოსვლისთვის“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპმა მზადყოფნა გამოხატა, რომ მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში, თუმცა მისი დასწრება, სავარაუდოდ, ვერ მოხდება, რადგან ის ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.
ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას, რა არის პუტინის მიზანი? პუტინის უარი შეხვედრაზე დასასწრებად, შეიძლება განვიხილოთ როგორც სტრატეგიული ნაბიჯი. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიწვევს „ხანგრძლივი მშვიდობის“ დამყარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოიცავდეს „მშვიდობის საფუძვლებს“, რაც გულისხმობს უკრაინის ნეიტრალიტეტს და რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
რუსეთი ასევე მოითხოვს, რომ უკრაინამ აღიაროს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიები და უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე. ამგვარი პირობები უკრაინისთვის მიუღებელია, რაც მოლაპარაკებების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
მაშ, რა მოლოდინები არსებობს შეხვედრიდან? - სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის დასასრულისკენ, თუმცა პუტინის უარი პირადად მონაწილეობაზე და მისი მოთხოვნები აჩენს ეჭვებს მისი რეალური მიზნების შესახებ. ზელენსკის პოზიცია, რომ მხოლოდ პუტინის დასწრება იქნება ომის შეწყვეტის ნიშანი, ხაზს უსვამს, რომ უკრაინა იმ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მუქარა შეიძლება გახდეს დამატებითი წნეხი კრემლისთვის, თუმცა რუსეთის მხრიდან მტკიცე პოზიცია მიუთითებს, რომ ომის დასრულების სურვილი ჯერ კიდევ არ არის აშკარა.
სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა კვლავინდებურად რჩება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოლაპარაკებების შედეგებმა შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი ლიდერების პოზიციები. ევროპის ლიდერები ერთიანდებიან უკრაინის მხარდაჭერაში, თუმცა განსხვავებული მიდგომები აქვთ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას თუ პროგრესი არ იქნება. მანამდე მერცი აღნიშნავდა, რომ გერმანიის სამხედრო ყოფნა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით და რუსეთისგან კოორდინაციით იქნებოდა შესაძლებელი.
სხვა ევროპელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გამოთქვამდნენ შეშფოთებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინ. მათ მიაჩნიათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა გახდეს „მშვიდობის წინაპირობა“, არამედ უნდა იყოს სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.
კრემლი კი ევროპელი ლიდერების მიმართ კრიტიკას არ იშურებს. რუსეთი არაერთხელ გამოხატავდა ეჭვს, რომ ევროპელი ლიდერები შესაძლოა ინტერესდებოდნენ ომის გაგრძელებით, რათა შეინარჩუნონ საკუთარი გავლენა და პოზიციები რეგიონში. კრემლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები ხშირად არ არის თანმიმდევრული და ხშირად ემსახურება მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-თან ამბობს, რომ ევროპის შესაძლო ინტერესი ომის გაგრძელებაზე, კიდევ უფრო ამძიმებს მოლაპარაკებების პროცესს და აჩენს კითხვებს დასავლეთის რეალურ მიზნებზე. ასევე, მას მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა თამაშობს და რეალურად, უახლოეს პერიოდში ომის დასრულება ან ცეცხლის შეწყვეტა არ არის მოსალოდნელი.
„ფაქტია, რომ პუტინი არ ჩავა თურქეთში და ეს შეხვედრა უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გაიმართება. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებას, ეს ტრამპის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი მგონია. წინაპირობები იმის, რომ ომი უნდა დასრულდეს, არ ჩანს. ამის მიზეზი ის არის, რომ არც ერთი მხარე არსებული სიტუაციით კმაყოფილი არ არის: რუსეთს არ მიუღწევია თავისი მიზნებისთვის, ხოლო უკრაინას ჯერ არა აქვს შანსები იმის, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები გაათავისუფლოს ან დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად მისი დაბრუნება შეძლოს. ასევე ზელენსკი, რომელიც სრულიად ევროპის გავლენის ქვეშ არის და ჯერჯერობით, იქიდან არ არის იმის მზაობა, რომ ვინმე რამე დათმობაზე არის წამსვლელი. წინაპირობები, რომ ორივე მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე, არ არსებობს“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, მერცმა გააკეთა განცხადება, რომ ზელენსკი საერთოდ არ უნდა დათანხმებულიყო სტამბოლში მოლაპარაკებას.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მას დასავლელი ლიდერებისგან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა არა აქვს. ის მხოლოდ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. იგივე სიტუაცია არა, მაგრამ პუტინს აქვს მიზნები და გეგმა, რომელიც ფიქრობს, რომ შესრულებადია და ის ამ მიზნამდე არის მისული. თუმცა თამაშობს, რადგან არ უნდა ტრამპის განაწყენება. არ სურს მისი კეთილგანწყობა დაკარგოს, ანგარიშს უწევს და აჩვენებს, რომ მზად არის მის მოწოდებებს დათანხმდეს. ამიტომ ეს არის პინგ-პონგის თამაში, სადაც ორივე მხარე საკუთარი პოზიციებს არ უხვევს. ამიტომ არ ველი, რომ სტამბოლში რამე შეიცვლება“,-ამბობს კიკნაძე.
ანალიტიკოსი არ ელის, რომ სტამბოლში რამე ხელჩასაჭიდ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მისი აზრით, ახლა პუტინს სჭირდება ამერიკასთან და ჩინეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ამიტომ მას რომ რამე არ დაბრალდეს, მანევრირებს და პოლიტიკურად ვაჭრობს.
„პუტინი ფეხს ითრევდა, მაგრამ მგონია, რომ მას არ უნდა ტრამპის განაწყენება და ცალსახად უარს არ ამბობს. მან კარგად იცის, რომ ჩინეთსაც და ამერიკასაც ამ ომში საკუთარი სტრატეგიული მიზნები აქვთ. შესაბამისად, პუტინი არ ჯიუტდება და მანევრირების სივრცეს იყენებს. არც ევროპელები არ არიან გულუბრყვილოები, უკვე მიხვდნენ პუტინის მოქმედების ლოგიკას და მას ნაკლებად ენდობიან. ამიტომაც სტამბოლში იქნება რაღაცა საკითხების შეჯერება, მაგრამ ომი რომ ხვალ დასრულდება, ამის მოლოდინი არა მაქვს“, - ამბობს კიკნაძე.