„რაღაცა უფრო მეტი ხდება, ვიდრე ეს ჩვენ ვიცით და საჯაროდ არის ცნობილი - საბოლოოდ რაღაცა პასუხი მაინც იქნება, თუნდაც აშშ-დან დუმილი იყოს, ესეც პასუხია“

„რაღაცა უფრო მეტი ხდება, ვიდრე ეს ჩვენ ვიცით და საჯაროდ არის ცნობილი - საბოლოოდ რაღაცა პასუხი მაინც იქნება, თუნდაც აშშ-დან დუმილი იყოს, ესეც პასუხია“

გაბედული და ყველა გაუგებრობისთვის საბოლოო წერტილის დასმა? - ვინ როგორ გაიგო და წაიკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელიც მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს 13 მაისს გაუგზავნა. წერილში ის საუბრობს „დიფ სთეითისგან“ გათავისუფლებულ სტრუქტურებზე, ამერიკული დაფინანსების როლზე სხვა ქვეყნებში რევოლუციების ორგანიზებაში და საქართველოს მთავრობის მზაობაზე აშშ-თან ურთიერთობების განახლებისთვის „სუფთა ფურცლიდან“.

კობახიძის თქმით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა დასრულდება „დიფ სთეითის“ გავლენა ვაშინგტონში. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეძლებს ამ გავლენების დაძლევას, „შეიძლება, დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და მარტივად აღდგება სამართლიანობა“.

„ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა“, - წერს პრემიერი.

კობახიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადრეც გააჟღერა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის „სუფთა ფურცლიდან“ განახლების შესახებ, თუმცა პასუხი არც წერილობით და არც პოლიტიკურად არ მიუღიათ. მისი შეფასებით, ეს დუმილი აბსურდულია, მით უფრო, რომ საქართველო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო აშშ-თვის, მათ შორის ერაყისა და ავღანეთის მისიებში, სადაც საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.

წერილში არაერთი მწვავე საკითხია წამოჭრილი. კობახიძე ეჭვქვეშ აყენებს წარსულში აშშ-ის დახმარების ნამდვილ მიზნებს და USAID-ს, NED-ს, სოროსის ფონდსა და ამერიკის საელჩოს – რადიკალიზმის მხარდაჭერაში ამხელს, რევოლუციური სცენარების წახალისებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. განსაკუთრებული აღშფოთება წერილში „მეგობარი აქტს“ ეთმობა – კობახიძე მას აბსურდულ კანონად მოიხსენიებს, რომელიც, მისი თქმით, მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის მიმართ და ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის ადმინისტრაციის გულწრფელობას.

მიუხედავად მწვავე ტონისა, წერილი ოპტიმისტური ნოტით მთავრდება – პრემიერი წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს იმედი, ტრამპი რეალურად დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

ახლა კი ყველა აშშ-ის შესაძლო პასუხის და დიპლომატიური სიგნალის მოლოდინშია. ამ დროისთვის აშშ-ის ადმინისტრაციას კობახიძის წერილზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ დუმილი შეიძლება მიუთითებდეს: დიპლომატიურ დისტანცირებაზე; სტრატეგიულ ლოდინზე, რათა საქართველოს მხრიდან გამოიკვეთოს კონკრეტული ქმედებები ან უბრალოდ, იმაზე, რომ წერილის შინაარსი აშშ-ს შიდა პოლიტიკურ სენსიტიურ თემებს ეხება, რაც საჯარო რეაგირებას აჭიანურებს.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას კობახიძის წერილზე, ოპოზიციური პარტიები კრიტიკულად აფასებენ პრემიერის ინიციატივას. მათ შეფასებით, კობახიძის წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მთავრობის დასავლური კურსიდან გადახვევაზე და რუსული გავლენის ზრდაზე.

ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის თქმით: „მათ სურთ ტრამპის მეშვეობით დაუპირისპირდნენ აშშ-ის ინსტიტუციებს, რაც საქართველოს ინტერესებს სერიოზულად აზიანებს“.

კობახიძის წერილი ტრამპისა და მისი გუნდისადმი, ერთი მხრივ, საქართველოს მიერ აშშ-თან ურთიერთობის განახლების სურვილს გამოხატავს, ხოლო მეორე მხრივ, დიპლომატიური რიტორიკის ცვლილებას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ახალ მიმართულებას სძენს.

პრემიერის წერილის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 2025 წლის 13 მაისს გააკეთა განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტის“ შესახებ. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული აქტი შანტაჟის ენით არის დაწერილი და არ შეიძლება, მას „მეგობარი“ უწოდო. მისი თქმით, ასეთი ტონით საუბარი კონტრპროდუქტიულია და ვერ ჩაითვლება მეგობრულ ნაბიჯად. პაპუაშვილმა დასძინა, რომ ნაცვლად შანტაჟისა, საჭიროა ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

ამ განცხადების ფონზე, საქართველოს პარლამენტი ამზადებს ოფიციალურ პასუხს „მეგობარი აქტზე“, რომელშიც გამოხატავს თავის პოზიციას და განმარტავს საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ პრემიერ კობახიძის განცხადება შესაძლოა ვიღაცამ ემოციურ და არადიპლომატიურ განცხადებად მიიჩნიოს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დეტალი ასევე პარლამენტის მიერ „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით პასუხის მომზადებაზე უნდა გავამახვილოთ. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერის და პარლამენტის ერთობლივ კომბინაციაში მოქმედება ბევრად გათვლილი და კარგად გაანალიზებული სვლაა.

„ოპოზიციის განცხადება ამ წერილთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერმა კობახიძემ ეს შიდა მოხმარებისთვის დაწერა, საკუთარი ამომრჩევლისთვის, ისე ამბობენ, თითქოს ხელისუფლებაში ეგენი იყვნენ და არა „ოცნება“ ან უმრავლესობა მოსახლეობის მათ მხარს უჭერდეს. რაში სჭირდება კობახიძეს ეს შიდა პოლიტიკისთვის, როცა საკუთარი მხარდამჭერების ინფორმირებას მშვენივრად ახერხებს ხელისუფლება?! ის წნეხი, რაც ხელისუფლებაზე მოდის ბოლო წლებია, მოსახლეობის მხრიდან სწორედ იქნა აღქმული და ეს არჩევნებზე „ოცნების“ გამარჯვებითაც დადასტურდა. ამიტომ ეს ვერსია აბსურდულია. მე უფრო სხვა ვერსიისკენ ვიხრები და მიმაჩნია, რომ აქ ემოციურობა და არადიპლომატიური რიტორიკა არაფერ შუაშია. საქმე უფრო სხვა რამეში მგონია.

უკრაინის ომში საქართველოს ჩაბმას, რომ სთხოვდნენ მერე გავიგეთ, ახლაც მგონია, რაღაცა უფრო მეტი ხდება და ჯერ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ფაქტი ერთია, რომ „მეგობარი აქტი“, რომელიც ერთი წელია ასე დაგორავს, მაინც და მაინც მისი მიღება ახლა გაააქტიურეს და სენატში სასწრაფო წესით დაარეგისტრირეს. ამიტომ ჯერ მარტო ეს ფაქტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რაღაცა უფრო მეტი ხდება ვიდრე ეს ჩვენ ვიცით და საჯაროდ არის ცნობილი. ამიტომ ეს პირდაპირობა კარგია იმ მხრივ, რომ საბოლოოდ რაღაცა პასუხი მაინც იქნება, თუნდაც აშშ-დან დუმილი იყოს, ესეც პასუხია“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ფაქტია, ამერიკის შიგნით რაღაცა ძალაა ამოძრავებული და აი, ამ ძალების პრობლემა დაუდგა, ალბათ, „ოცნებას“.

„ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, სხვა იარაღი არა აქვს, გარდა პრევენციული ქმედებისა. ადრე ამ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა გაამართლა, ვგულისხმობ დასავლეთის კრიტიკას, ამიტომ ახლაც იმავეს იმეორებენ, ოღონდ უფრო შერბილებული და ზომიერი სტილით, ვიდრე ეს ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით იყო. ამით კობახიძემ ქვეყნის კარი ამერიკასთან ურთიერთობისთვის ღია დატოვა და აქეთ დაპატიჟა კიდეც. როგორც აღვნიშნე, ყველა რეაქცია პასუხია, სიჩუმიდან დაწყებული. სავარაუდოა, რომ გაჩუმება გაუჭირდება ამერიკულ მხარეს, რადგან ეს ღია წერილია. შეიძლება ითქვას, მინიშნება იმაზე, რომ ჯერჯერობით, ამერიკას მისი საზღვრების გარეთ მოქმედებისთვის არ სცალია. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპასთან დაკავშირებითაც ტრამპის პოლიტიკა ჯერ არ ჩანს. ამ ეტაპზე მისი საგარეო პოლიტიკა საერთოდ ძალიან გაუგებარია. კი ბატონო, საუბრობს ევროპაზე, მაგრამ ისიც მხოლოდ უკრაინის ომის კონტექსტში ან რაიმეზე აკრიტიკებს, სხვა პოლიტიკა ამ ეტაპზე არ ჩანს. იგივე ხდება ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებითაც. კონკრეტული კონტურები არაა გამოკვეთილი. ამიტომ კავკასიასთან და საქართველოსთან რომ არ ჰქონდეს პოზიცია, ეს გასაკვირი არაა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აშშ-დან პასუხიც და დუმილიც უკვე კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს საყვარელიძე.