დარტყმა რუსულ სამხედრო კოლონაზე კურსკთან და ბრძოლა სუჯის გაზსადენთან - უკრაინული არმია, რუსეთში კონტროლირებად ტერიტორიას აფართოებს. მიუხედავად ამისა, უკრაინის ოფიციალური წყაროებიდან ჯერ კიდევ უცნობია რა სახის ოპერაციაა ეს და რა არის მისი მთავარი დანიშნულება.
For.ge-სთან ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კურსკზე შეტევა კონკრეტული მიზნებისთვის მიდის. ეს შესაძლოა ტერიტორიების გასაცვლელად ხდებოდეს. უკრაინამ დაკავებული კურსკის ოლქი რუსეთს სხვა უკრაინის ტერიტორიაში გასაცვლელად შესთავაზოს. თუმცა სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზი, რამდენი ხნით აპირებენ უკრაინელები ამ ტერიტორიის დაკავებას და გაკონტროლებას. მათი თქმით, ამ ოპერაციას უკვე ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს.
რა ხდება კურსკში?
კრემლი კურსკის რეგიონში 430 კვადრატულ კილომეტრს ვეღარ აკონტროლებს. 50 რუსული დასახლების თავზე, უკრაინული დროშა ფრიალებს. მეექვსე დღეა კურსკის ოლქში შეტაკებები მიმდინარეობს, უკრაინულმა არმიამ ქალაქი სუჯა აიღო და მიმდინარე დასახლებების გავლით, რეგიონის მთავარი ქალაქის, კურსკის მიმართულებით მიიწევს, რომელთაც თან მიჰყავთ ტყვედ ჩავარდნილი ასობით რუსი სამხედრო. რეგიონში მდებარე უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის აღებამდე საათებია დარჩენილი. ტერიტორიიდან თანამშრომლების ევაკუაცია სასწრაფო წესით მიმდინარეობს.
უკრაინის არმიის წინსვლის ფონზე რუსეთის რეგიონებში მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. განადგურებული სოფლებიდან მოსახლეობა ევაკუაციას საკუთარი ძალებით ცდილობს და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ადგილობრივებს, რომლებსაც საცხოვრებელი გაუნადგურდათ, ხელისუფლება 10 000 რუბლით დაეხმარება.
მედიის მიერ მოპოვებული მასალებით გაირკვა, რომ უკრაინული არმია საკუთარ მოიერიშე ჯგუფებს საცეცხლე მხარდაჭერას „ჰაიმარსის“ ტიპის ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით უზრუნველყოფს.
გასულ ღამეს რუსეთის სარდლობის მიერ მობილიზებული სარეზერვო ნაწილები ზუსტად ამ ტიპის იარაღით, რილსკის რეგიონში განხორციელებულმა იერიშმა გაანადგურა. რუსეთმა 500-მდე ჯარისკაცი და თოთხმეტი სამხედრო-სატვირთო მანქანა დაკარგა.
განადგურებულია ლიპეცკის აეროდრომი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. ავიაციასთან ერთად იარაღის საცავიც განადგურდა.
ბელგოროდის ოლქში „ნოვო ოსკოლში“ დრონებით იერიშის შედეგად განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკის ბაზა. ადგილს ერთდროულად 6 დრონი დაესხა თავს.
ახლა, კურსკში სამხედროებისა და ტექნიკის სრული მობილიზება ბრიანსკიდან და ბელგოროდის ოლქებიდან ქაოსის ფონზე მიმდინარეობს. მოსკოვის ოლქის მოსაზღვრე ამ ორ რეგიონშიც საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. უკრაინული იერიშების შედეგად, რეგიონებში ათობით სტრატეგიული ობიექტი განადგურდა.
ოპერაციის კონკრეტული მიზნები
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ კურსკის ოპერაციის შედეგი ისაა, რომ რუსეთი, რომელიც ერთ კვირაში კიევის აღებას აპირებდა, ახლა ძალისხმევა აქვს მიმართული იმისკენ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრები აღადგინოს. გენერალი for.ge-სთან ამბობს, რომ ძნელია შედეგებზე წინასწარ საუბარი, თუმცა ფაქტი ისაა, რომ უკრაინამ სამ დღეში შეძლო ის, რასაც რუსეთი 5 თვეა ვერ აკეთებს.
„სწორად იქცევა უკრაინა, როცა საინფორმაციო დუმილს ინარჩნებს. ძნელია საუბარი იმაზე, ამ ოპერაციის კონკრეტული მიზნები რა იქნება. ეს არის ან მოწინავე რაზმის მოქმედება ან კიდევ სარეიდო ოპერაცია. განსხვავება არის ის, რომ მოწინავე რაზმი როცა ტერიტორიას იკავებს, ის ელოდება მოწინააღმდეგე რაზმების შემოსვლას. სარეიდო რაზმის ამოცანა კი ისაა, რომ შევიდეს ტერიტორიაზე, კონკრეტული დავალება შეასრულოს და უკან გამოვიდეს. შესაძლოა, გარკვეული დროით ტერიტორიის შენარჩუნებას აპირებენ.
ფაქტია, რომ უკრაინამ რუსეთისთვის ოპერატიული სიუპრიზის შეთავაზება შეძლო. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ფანდია, რომელიც უკრაინამ გამოიყენა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა უკრაინის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ აი, რუსეთიდან ფართომასშტაბიან თავდასხმას ველითო. ამის გამო მათ თავისი რეზერვის 5 ბრიგადა უნდა გადაესროლათ ამ მიმართულებაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ფანდი იყო და უკრაინელებმა ვითომ თავდაცვითი ოპერაციის მოსამზადებლად, მოახერხეს რეზერვების შექმნა და დარტყმითი დაჯგუფება გადაამზადა. ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ რუსები სხვა ადგილებიდან ძალების მოხსნასაც ვერ ახერხებენ“, - ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, ირონიულია, როდესაც რუსები იძულებუები არიან საკუთარი ტერიტორია დაბომბონ. გენერალი ამბობს, რომ ჯარის ასე სწრაფად სხვა ფრონტის ხაზიდან მოხსნა რთულია. თუმცა დონეცკის მიმართულებიდან დანაყოფის მოხსნა გარდაუვალი იქნება.
„ეს არის ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაძლიერებისთვის. ასევე, დასავლეთის ჩვენებისთვის, რომ უკრაინას ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებები შეუძლია. რუსებს კი აიძულებენ, რომ სხვა მიმართულებიდან ჯარი გადმოიყვანონ, ხოლო იქ გაჩენილი დაცვის სუსტი ხაზით ისარგებლონ. რაც შეეხება ტერიტორიების გაცვლას, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოსაზრებაა და ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. უკრაინას შეუძლია ეს შეტევა ბელგოროდის მიმართულებით გააფართვოს, ან გააგრძელოს და კურსკის ატომური ელექტროსადგური დაიკავოს, რომელსაც იგივე, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში გაცვლისთვის გამოიყენებს. დაველოდოთ, ყველაფერია მოსალოდნელი“, - ამბობს კაპანაძე.
დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი აცახდებს, რომ კურსკზე დაწყებული შეტევა ომის საერთოდ ახალი ფაზაა. მისი თქმით, საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეტევა მეორე მსოფლიო ომის მერე აღარ გვიხილავს. ჩეჩელაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ შეტევა, რომელიც ახლა უკრაინამ განახორციელა, ეს, პრაქტიკულად, უპრეცედენტო სამხედრო ოპერაციაა.
„ამ ოპერაციას სამი განზომილება აქვს, ეს არის პოლიტიკური, სამხედრო და მორალურ-ფსიქოლოგიური მომენტი. ამ სამივე კომპონენტს თავისი საგარეო და საშინაო მიზნები აქვს. დავიწყოთ სამხედრო თავლსაზრისით, ეს ძალიან წარმატებული ოპერაციაა. უკრაინული ოფიციალური წყაროები ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს არის რუსებისგან, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ზოგი ამბობს, რომ ეს არის დივერსიული ოპერაციული, ზოგი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია.
ამ ოპერაციით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ტერიტორია დაცული არ არის. რუსეთმა თავდაცვითი სამუშაოები თითქოს ჩაატარა, რაშიც 150 მილიონი დოლარი დახარჯა. ვფიქრობ, რომ დასაჭერი ეყოლებათ ეს ხალხი, ვინც ვითომ თავდაცვითი ზღუდეები ააგეს. პუტინმა გამოიჩინა სისუსტე და ვნახეთ ამ ოპერაციის შედეგად ის როგორი დაბნეულია. ვერ გამოიყურება იმ გონორზე, როგორზეც არის ხოლმე ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი. რაც შეეხება მორალურ - ფსიქოლოგიურ ფაქტორს, უკრაინაში ამ შეტევის შემდეგ მოსახლეობის განწყობა ამაღლდა“,-ამბობს ჩეჩელაშვილი.
მისივე თქმით, ამავე დროს ამ ოპერაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობას საკუთარი სახელმწიფოს იმედი მაინც და მაინც არ უნდა ჰქონდეს.
„ახლა კურსკში უკრაინის ძალიან სერიოზულად აღჭურვილი, გაწვრთნილი და საკმაოდ ელიტარული ნაწილი მოქმედებს. ამიტომ არის, რომ რეგულარული საჯარისო ფორმირებები მათ წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გახდნენ. უკრაინელები რუსების ტერიტორიაზე უკვე 35-კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ. მათი ასეთი სწრაფი წინსვლა ცხადყოფს, რომ საკმაოდ პროფესიონალი დაჯგუფება მოქმედებს. ასევე, არ არის გამორიცხული, კონკრეტული ვაჭრობაც წავიდეს მოლაპარაკების წინ. ეს იქნება საკმაოდ კარგი ბერკეტი, რომ პუტინს რაღაცა დაათმობინონ“, - ამბობს დიპლომატი.
ომი მალე მთავრდება და სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, უკრაინას უნდა, რომ რაღაც კოზირები მასაც ეჭიროს ხელში.
სულ ესაა.