„სააკაშვილს თუკი სიებთან დაკავშირებით კეზერაშვილ-მერაბიშვილთან შეექმნა პრობლემები, შესაძლოა, გვარამია-მელიას გამოუცხადოს მხარდაჭერა“

„სააკაშვილს თუკი სიებთან დაკავშირებით კეზერაშვილ-მერაბიშვილთან შეექმნა პრობლემები, შესაძლოა, გვარამია-მელიას გამოუცხადოს მხარდაჭერა“

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააანონსეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ძველი ნაცებისგან ხალხის გადაბირებას ცდილობენ. ასევე ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელოდება მათ მიერ დაანონსებულ პარტიას, სადაც გადასავლას გეგმავენ.

როგორც წყარო for.ge-ს უყვება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა და ბევრი ფიქრობს, რომ სჯობს პარტია დატოვონ ან კიდევ მელია-გვარამიას ფლანგში გადაინაცვლონ. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით არჩევნებზე გასვლა ბევრ მათგანს ეთაკილება და ამბობენ, რომ საარჩევნო სიებში შესაძლოა, სრულიად ახალი და გაურკვეველი ხალხი მოვიდეს, რამაც დაპირისპირების ახალი ტალღა გააჩინოს. ამ ეტაპზე დუმან ძველი მიშისტები, რომლებიც სააკაშვილის პოზიციას და საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. არ გამორიცხავენ, რომ თუკი სიებთან დაკავშირებით სააკაშვილი არ იქნება ჩართული, მაშინ მან ძირძველ პარტიას ზურგიც კი აქციოს.

გიორგი ონიანი უკვე არის პირველი მერცხალი, რომელმაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა და არ არის გამორიცხული, ამან უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

ნიკა გვარამიას თქმით, მისი პოლიტიკური პლატფორმა ფორმირების პროცესშია და გუნდის მნიშვნელოვანი ბირთვი ჩამოყალიბებულია.

გვარამიას თქმით, მისთვის პრიორიტეტს ის ახალი სახეები წარმოადგენენ, რომელთაც საკუთარ სფეროში წარმატებას მიაღწიეს. იგი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი, მის პლატფორმაში ისეთი პირები გაერთიანდნენ, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ პოლიტიკასთან.

ახლა მნიშვნელოვანია რომელი ჯგუფის მხარეს დაიკავებს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ორივე მათგანის ხმები, ანალიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილის მხარდამჭერების არის. ცნობილია ასევე, რომ გვარამიამ სააკაშვილი „ვივამედში“ მოინახულა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რაზე ისაუბრეს მან და ექს-პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, მათ კარგს არაფერს მოუტანს და ორივე გაყოფილ ჯგუფს მოუწევს ელექტორატის ასევე გაყოფა. ამიტომ ახლა ორივე მათგანი იბრძვის იმისთვის, რომ ნომერ 5-ის ყველაზე გულწრფელი მატარებელი იყოს და მიხეილ სააკაშვილის თავდადებული მომხრე.

„რა თქმა უნდა, ნაციონალების გაყოფა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს ამომრჩეველში შეეცილებიან. საქმე კი ისაა, რომ მათ არ ჰყავთ მზარდი ამომრჩეველი. პირიქით, შესაძლოა უკვე დაკარგულიც კი ჰყავდეთ რაღაცა ნაწილი. ასევე ენმ-ის ამომრჩეველი საინტერესოა იმ ფორმით, რომ ისინი სხვაგან არ წავლენ და შესაძლოა, გაბრაზებულები სახლში დარჩნენ.

ასევე საინტერესოა სააკაშვილის მიერ წარმოჩენილი კიდევ მესამე პირი სოფო ჯაფარიძე, რომელიც ვერ გავიგე საერთოდ რა დანიშნულების მატარებელია. ამიტომ, თუკი კეზერაშვილი - მერაბიშვილის ჯგუფმა 10% მაინც აიღო, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება, ხოლო მელია-გვარამიას ტანდემი თუ შედგა, მაშინ გამოვა, რომ ისინი 5%-ს მაინც გადალახავენ. ამიტომ მთავარია, ახლა მოვლენები როგორ განვითარდება, თუ ამ ხალხმა არ დაიწყო ერთმანეთის დაჭმა, კომპრომატებით არ დაუპირისპირდნენ, მაშინ ამის შანსი აქვთ. თუ არადა, მაშინ, პირველ რიგში, ერთმანეთს დააზიანებენ და იმ ამომრჩეველსაც დაკარაგევნ, რომელიც ჰყავთ“,  - ამბობს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამ ეტაპზე, არც ერთ ჯგუფს არ ეხება, რითიც ცდილობს იმ შუალედის დაცვას, რომ ამომრჩეველის დაკარგვა არ მოხდეს. მან კარგად იცის, რომ ენმ-ის ამომრჩეველი მისია და მისი ერთი განცხადებაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რომელიმე ჯგუფი ჩაძიროს. თუმცა პოლიტიკურად მას ეს არ აწყობს და ორივე მათგანთან ოქროს შუალედის დაკავებას ცდილობს.

„სააკაშვილი თამაშობს და მას ასეთი სტრატეგია აქვს არჩეული, რომ ორივე ჯგუფთან ასოცირდებოდეს. მან კარგად იცის, რომ ოირივე მათგანს სჭირდება. ამით კი კეზერაშვილ-მერაბიშვილის დაბალანსებას ცდილობს. თუკი წინასაარჩევნოდ სიებთან დაკავშირებით კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან და ხაბეიშვილთან შეექმნა პრობლემები, დაიწყეს ამ ადამიანებმა კონფრონტაცია, მაშინ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაბრაზებულმა საერთოდ უარი თქვას ძირძველ პარტიაზე და გვარამია-მელიას გამოუცხადოს მხარდაჭერა. მისი ხასიათიდან გამომდინარე ყველაფერია მოსალოდნელი“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები ციდლობენ ოპოზიციურ ფლანგზე გაიშალონ და შექმნან ილუზია, თითქოს რაღაც ახალ ძალას ქმნიან. სეფიაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მსგავსი რამ უკვე სცადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, ზურაბ ჯაფარიძემ, „გირჩი - მეტი თავიუსფლება“-მ და „დროამ“. ახლა კი მელია-გვარამია შეეცდება მსგავსი რაღაცის გაკეთებას რაც ისევ არ გამოუვათ.

„ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტიპური წარმომადენელი, ცდილობენ, რომ მასთან ერთად, ვითომ და მესამე ე.წ. ძალა შექმნან. ამით უნდათ ე.წ. შუაშისტი ძალის და ამომრჩევლის მიმხრობა. ეს არ გამოუვათ, რადგან ეს ხალხი არის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომლებიც ხალხს ახალს არაფერს სთავაზობენ. მათი სახელი ნეგატივთან და დესტაბილიზაციასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ახალ ამომრჩეველს ისინი ვერ მიიმხრობენ. ისევ და ისევ დაპირისპირება ექნებათ ერთმანეთში საკუთარი ელექტორატის გაყოფაზე. რატომღაც ამ პოლიტიკური კონიუნქტურის შექმნელებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას მოკლე მეხსიერება აქვს. თითქოს ნიკა გვარამის და მელიას წარსული აღარავის ახსოვს. როგორ შეიძლება გვარამიასი ვინმემ ირწმუნოს, როცა მან თავისი ცხოვრების მთავარი მოღვაწეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვნა.

მას აქვს ადამიანის უფლებების უმძიმეს შელახვაში მონაწილეობა მიღებული. ის იყო იმ რეჟიმის მთავარი პროკურორი. ბოლოს კი ცდილობდა ნეგატიური დღის წესრიგით, დესტრუქციით, საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას. ახლა როგორი სახეცვლილიც არ უნდა გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, მისი ავტორიტეტი არის ნულის ტოლფასი და ის ვერ შეძლებს ახალი ამომრჩევლის გადაბირებას“, - ამბობს სეფიაშვილი.