რადიკალები საქართველოში ისრაელის სცენარის განმეორების გეგმაზე მუშაობენ

რადიკალები საქართველოში ისრაელის სცენარის განმეორების გეგმაზე მუშაობენ

ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ პოლიტიკაში მოდის, მაგრამ პარტიის შექმნას არ ჩქარობს და ამ დრომდე კონსულტაციებს აწარმოებს. აცხადებს, რომ მომხრეა ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, თუ ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა მისთვის, მაგრამ მზად არის ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც.

„მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ჯერ არ შექმნილ პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობის“ ადგილი არ არის, თუმცა პარტიაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა, ნიკა მელიას ხედავს და კონსულტაციებსაც აწარმოებს. მათ შორის დაწყებული აქვს კონსულტაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთან ხატია დეკანოიძესთან. როგორც გვარამია ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია იმგვარი ჯგუფების შექმნა, რომელიც ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს.

ის, რომ გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად გამოეყოფა, არ სჯერათ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაიდგმება დრამატული სცენა თუ როგორ გაემიჯნა ერთი, ან ორი ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოველთვის „ჰეფი ენდით“ მთავრდება.

„ბოლოს ეს „ჰეფი ენდი“ ვნახეთ გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც ასე დასცილდა, გაემიჯნა, აკრიტიკებდა, თავს ესხმოდა „ნაციონალური მოძრაობას“ და საბოლოო ჯამში ჩაეხუტა და ისიც ჩახუტებით მიიღო დედა-პარტიამ უკან, საკუთარ რიგებში. ის მუდმივი პოლიტიკური სიყვარული, რომელიც ამ ადამიანებს შორის არსებობს, იმარჯვებს ხოლმე. კინოც აღარ არის, ტელესერიალია ბრაზილიური ან რომელიმე სხვა, რომლის სცენარიც უკვე ვიცით“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ყოფილი ნაციონალი არ არსებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურა გიორგი ვაშაძემ და უფრო ადრე გიგი უგულავამ, რომელიც დღეს ცდილობს პოლიტიკურ კულისებში დარჩეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიტიკური ტემპერატურა მოიმატებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. კერძოდ, როგორც ირკვევა ნიკა გვარამიასთვის, ისევე როგორც ყოფილი ნაცებისთვის სულაც არ „ტეხავს“ „ნაციონალობა“, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. თითქოს აზრთა სხვადასხვაობა საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან ერთად აღებულმა ოპოზიციამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს ამომრჩევლის იმ რაოდენობას, რომ კვლავ რჩება როგორც მეორე პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, ახლა ოპოზიცია ცდილობს, მიაღწიოს მაქსიმუმს, რომ საქართველოში განმეორდეს ისრაელის მაგალითი. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა ვერ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და პარლამენტში გაჩნდეს მესამე ძალა, რომელის მონაწილეობის გარეშე „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცებას, რაც შექმნის სამთვრობო კრიზისს ქვეყანაში.

რამდენად შეძლებს ოპოზიცია საქართველოს ისრაელიზაციას რთული სათქმელია ანალიტიკოსებისთვის. ჯერჯერობით ოპოზიციის მწყობრ ჩამოყალიბებულ გეგმას, გარდა მისი ტრადიციული ლოზუნგებისა, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და არ უნდა დაუშვან „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ვადით დარჩენა, ვერ ხედავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, ახლა ოპოზიცია იმყოფება საკუთარი ძალების რეალურად შეფასების პროცეში.

„ოპოზიციურ ფლანგზე მიდის პროცესები, არენაზე უნდა გამოვიდეს ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას პარტიები, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება „ხალხის ძალა“, რომელიც ასევე გარკვეეულ ელექტორალურ სეგმენტზე იმუშავებს. შესაბამისად, ასეთი ჭრელი პოლიტიკური სპექტრის პირობებში, ვფიქრობ, რომ მოხდება გარკვეული კორექტირება გეგმისა, რა უნდა ოპოზიციას. ოპოზიციაშიც, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, არ ზიან მთლად გულუბრყვილო ხალხი და რეალურად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობას. ჩემი ვარაუდით, მიუხედავად იმ მყვირალა განცხადებებისა, რასაც ისინი აკეთებენ, ოპოზიციის მიზანია პარლამენტში აიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა, რომ იქ იყვნენ წარმოდგენილი და იქ მოახდინონ სიტუაციაზე ზეგავლენა“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ოპოზიციაში ესმით, რომ ჯერჯერობით ამ მოცემულობით, უახლოეს პერსპექტივაში, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების სერიოზული შანსები არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი მთავარი მიზანი არის როგორმე გადალახანონ 5%-იანი ბარიერი და თუ მოხდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღო 50%-ზე მეტი, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება.

„ასეთ შემთხვევაში, შეეცდებიან ჩამოაყალიბინონ კოალიციური მთავრობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ნაკლებად რეალისტური გეგმა. უფრო რეალისტური გეგმაა, რაც შეიძლება მეტი პარტია მოხვდეს პარლამენტში. ანუ, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არის მათთვის ახლა მთავარი მიზანი. რაც შეეხება გვარამია-მელიას ტანდემს, რთულია ჯერ ჩამოუყალიბებელ და შეუქმნელი პარტიის შანსებზე საუაბრი, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების თვალში როგორც ერთი, ისე მეორე აღიქმება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი დანაყოფი.

რაც შეეხება 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ, რამდენად მოიზიდავენ ფინანსურ, თუ სხვა რესურსებს. შანსები, ვფიქრობ, რომ დიდი არ არის, ასე ვიტყოდი - 40-60-ზეა. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის ვინ არის ნიკა გვარამია და რა ხალხიც არ უნდა შემოიკრიბოს გვერდით, ამ პარტიის მთავარი განმსაზღვრელი ფიგურა იქნება თავად ნიკა გვარამია და შესაბამისად, ის ასოციაცია, რაც აქვს საზოგადოებას მის საქმიანობასთან და მის კრედოსთან დაკავშირებით, ეს ასოციაციები არსად არ წასულა. იგივე შეიძლება ითქვას ნიკანორ მელიაზე. გვახსოვს, როგორც პარტიის თავმჯდომარე რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ დღეს ოპოზიციის მთავარი გეგმა იყოს საქართველოში ისრაელის სცენარის განმეორება.

„ოპოზიცია ყველა ასეთ სცენარს მიესალმება, რომელიც თავის ტკივილი გახდება „ქართული ოცნებისთვის“, ოღონდ, რა თქმა უნდა, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, მათ შორის ისრაელისგან, შეუძლია თუ არა ოპოზიციას შექმნას ასეთი ფრთა, რომელიც ამ კრიტიკულ შემთხვევაში „ოცნების“ გადაწვეტილებას გადაწონის და არ მისცემს მას გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომ აუცილებელი გახდეს „ოცნებისთვის“ ოპოზიციის ჭკუაზე სიარული? არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის არსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს ოპოზიციას. ამისკენ მიდიან, რახან თვითონ ვერ იმარჯვებენ, გახდნენ ანგარიშგასაწევი ძალები, ბუნებრივი მიზანია, მაგრამ მეეჭვება, რომ მაგ მიზანს მიაღწიონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.