„ოპოზიციონრები ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე, როცა თავად ერთმანეთი გაანადგურეს“

„ოპოზიციონრები ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე, როცა თავად ერთმანეთი გაანადგურეს“

არსებობს თუ არა დაპირისპირება საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის?! ოპოზიცია ირწმუნება, რომ ასეთი დაპირისპირება არსებობს. მათი მტკიცებით, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი ბლოკავდა ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას და სწორედ ამით აიხსნებოდა, რომ ქვეყანას სამი დღის განმავლობაში ახალი პრემიერი არ ჰყავდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერის პორტფელი ირაკლი კობახიძემ ჩაიბარა და ვერც ის მოლოდინი გამართლდა, რომ ყოფილ პრემიერთან მეგობრობა დანაშაულად ჩაითვლებოდა და ახალი პრემიერი წინამორბედის მინისტრებს დაფერთხავდა, ახლა მოელიან, როგორ დაუდებენ ერთმანეთს ფეხს კობახიძისა და ღარიბაშვილის გუნდები.

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ კობახიძის გუნდის წევრები განსხვავდებიან ღარიბაშვილის თანაგუნდელებისგან, ღარიბაშვილის გუნდი უფრო კლანური და ერთნაირად მოფიქრალია, მასში უფრო კონსერვატორი ადამიანები შედიან, ძველი სამეგობრო, სანათესაო, ნათელ-მირონი, თუმცა ღარიბაშვილისა და კობახიძის გუნდსაც ერთი გამაერთიანებელი ნიშანი აქვს - ყველა არის ბიძინა ივანიშვილის სრული მონა-მორჩილი.

საკუთარი და ღარიბაშვილის გუნდების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს ირაკლი კობახიძე. ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციის ნაწილია და არის მხოლოდ ერთი გუნდი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის დაპირისპირება მართლაც იყოს, მაგრამ ეს ბუნებრივ პროცესად მიაჩნია. ანალიტიკოსის განმარტებით, დაპირისპირება რომ არ იყოს, ეგ იქნება არაბუნებრივი, მაგრამ გადადის თუ არა ეს დაპირისპირებები პოლიტიკურ პროცესში, ადამიანური დაპირისპირება იქნება ეს, თუ სოციალური, ანუ როცა ერთ ადამიანს მეორის ადგილას უნდა ყოფნა და პოლიტიკურ ძალაუფლებას იყენებს თუ არა ამ დაპირისპირებაში, ეს არის ქვეყნისთვის პრობლემა. სხვა დაპირისპირებები ქვეყნისთვის პრობლემა არ არის. მით უმეტეს, როცა ამას ამბობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც უამრავი დაპირისპირებები ჰქონიათ და ახლაც აქვთ ერთმანეთს შორის, მაგრამ საკუთარ დაპირისპირებებს ვერ ხედავენ.

„ოპოზიციონრები რატომღაც ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე, ეს მაშინ, როცა ოპოზიციამ თავად ისეთი სიხშირით მოახერხა ერთმანეთთან დაპირისპირება და ისე გაანადგურა ერთმანეთი, რომ ამ ოპოზიციაში მდგომარეობა კრიტიკულზე უფრო კრიტიკულია. ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოში პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი. პრემიერობის პერიოდიდან გამომდინარე, ბევრი სატრაბახო აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და მას რომ არ უნდოდეს პრემიერობიდან წასვლა, ესეც ბუნებრივია. აგერ, ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი გადადგა იმ სიტყვებით, უი, რა კარგ ადგილას ვმუშაობდიო“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე აზრით, დიდი დაპირისპირება რომ იყოს მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს შორის, კობახიძე, ალბათ, არ დაიტოვებდა ღარიბაშვილის დროს დანიშნულ მინისტრებს. პოლიტიკური დაპირისპირება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის მომხრეებს დევნიან, ერთმანეთის სახელებს შლიან ისტორიიდან, გვინახავს მსგავსი მოვლენები, ფაქტია, დღეს ასეთი რამ არ ხდება. პოლიტიკური შედეგების მომტანი დაპირისპირება დღეს ნამდვილად არ არის.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ასეთი სპეკულაციები „კოჯრის ტყის სიზმრებს“ აგონებს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრიდან.

მისივე შეფასებით, ჩვენს ე.წ. ოპოზიციონრებს გარედან დავალებული აქვთ, ვითომც დაპირისპირება წარმოაჩინონ საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის, თორემ სინამდვილეში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, არის ერთიანი გუნდი და ამ ერთიანმა გუნდმა დაამტკიცა თავისი ერთობა, როცა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე ორკესტრირებულად მუშაობდნენ გარედან მართული მეხუთე კოლონის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს ჩაბმა უნდოდათ რუსეთ-უკრაინის ომში.

ედიშერ გვენეტაძის აზრით, მეხუთე კოლონას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ახლა ცდილობენ, რაც სურთ, ის წარმოიდგინონ რეალობაში, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ახდება. არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, სტრატეგია ერთი და იგივეა, მხოლოდ ტაქტიკური ცვლილებები, ტაქტიკური გადაადგილებები განხორციელდა. ოპოზიციადწოდებულის გულის გასახეთქად საქართველო წინ წაიწევს.

„ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალი და ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ირაკლი კობახიძემ ეს დაამტკიცა თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც იხილებოდა პრეზიდენტის გადადგომის კანონიერების საკითხი, მაშინ მან ასით ნული მოუგო ადვოკატს - მაია კოპალეიშვილს, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო და მას საკუთარი პირით ათქმევინა, „კი, მე ვიყავი ადეიშვილის მოადგილე და ამით ვამაყობო“. აქედან დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადეიშვილმა სააკაშვილთან, ბოკერიასა და სხვა ნაძირლებთან ერთად მწამებლური სისტემა შექმნა, ამდენად, ეს ქალიც ირაკლი კობახიძემ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე, რომ მან თავად წამოიყვირა ისეთი სისულელე, „ვამაყობ იმით, რომ ადეიშვილის მოადგილე ვიყავიო“. ამითაც დასტურდება, რომ ირაკლი კობახიძე საუკეთესო პროფესიონალი, საუკეთესო მენეჯერია, ყველამ ვნახეთ, როგორ მოიგო მან წინა არჩევნები, გაუძლო გამოწვევებს და პარტიის მონოლითობა და ერთიანობა შეინარჩუნა“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას.