არჩევნებზე გამარჯვების საწინდარი: „ღარიბაშვილი - გარანტი, კობახიძე - სტაბილურობის შემნარჩუნებელი; ივანიშვილი ისტორიის შემოქმედი და რაინდი“

არჩევნებზე გამარჯვების საწინდარი: „ღარიბაშვილი - გარანტი, კობახიძე - სტაბილურობის შემნარჩუნებელი; ივანიშვილი ისტორიის შემოქმედი და რაინდი“

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ პირველი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა. პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე.

დღეიდან პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ. ამის შემდეგ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. ამ ეტაპზე მთავრობის შემადგებლობა მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა დატოვა.

ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ეს საკადრო ცვლილება უშალოდ საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, რადგან თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით არსებობს საკამოდ ბევრი კითხვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, კობახიძე მთავრობის შემადგენლობას ეტაპობრივად შეცვლის.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი, ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა. კობახიძის თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი და ეს არის „ქართული ოცნება“.

„აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც. მომავალშიც იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია, შესაბამისად, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გადადგომაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და მის პოლიტიკურ პრიორიტეტად არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს, შეიძლება ითქვას, საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წელს დავამარცხეთ ჩვენ, ყველამ ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მანამ, სანამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, იგივე ხალხთან, იგივე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან და ასე რომ, 2024 წლის არჩევნებში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, არჩევანი ძალზედ ნათელია - „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. აცხადებს, რომ როგორც „ქართული ოცნების“ რიგით წევრი მთელ ძალისხმევას მოახმარს მორიგ დიდ გამარჯვებას.

ამ საკადრო გადაწყვეტილების უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ წარმატებული და რეიტინგული პრემიერი ხდება პარტიის თავმჯდომარე. როგორც ჩვენი წყრო აცხადებს, ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ გადაყვანის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყოფილი პრემიერი არის კონსერვატიული იდეოლოგიის ფიგურა, რომელიც შეძლებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სწორედ კონსრვატიული ამომრჩევლის მოზიდვას.

არაოფიციალური ინფორმაციით, შიდა კვლევებმა აჩვენა, ამ იდეოლოგიის მატარებელი ამომრჩევლის რაოდენობა 40%-ზე მეტია, რომლებიც არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არიან განწყობილი და შესაბამისად, ხმას არ აძლევენ არც ერთ პარტიას. ამავე კატეგორიის ამომრჩევლისთვის კი ყველაზე მისაღები პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად, ახლა ღარიბაშვილზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის 40% გახადოს „ოცნების“ ამომრჩეველი. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა პარტიაში 2012 წლის ძველი ბირთვი უნდა დააბრუნოს, რომლებიც დღეს პროცესებს შორიდან უყურებენ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ის პოლიტიკური განლაგება, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძეა, პარტიის თავმჯდომარე - ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის უახლესი ისტორიის შემოქმედი, დამანგრეველი ქარიშხლის ტოლფასია.

„ერის ფიზიკური და სულიერი ერთობა - ეს არის საშემოდგომო დამაჯერებელი გამარჯვების საწინდარი; ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო პროცესების სათავეში - ამის დამაიმედებელი გარანტი; ირაკლი კობახიძე - ამ გამარჯვების მკვებავი სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ფონის შემნარჩუნებელი და გამაუმჯობესებელი, ხოლო, ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის უახლოესი ისტორიის შემოქმედი და საქართველოს ერთგული რაინდი. წარმომიდგენია, რა ხდება ახლა „გუგულის ბუდეში“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, ძლიერმა და ეფექტურმა, სამჯერ არჩეულმა ხელისუფლებამ არაერთ წარმატებას მიაღწია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით. დადებით შედეგებზე ორიენტირებულ ერთიან მმართველ გუნდში კლანები არ არსებობს, როგორც ეს ნაცოპოზიციაშია და ჰგონიათ და უაზროდ წარმოაჩენენ, რომ იგივეა „ქართულ ოცნებაში“. მისი თქმით, სწორედ ამ ერთიანი პროფესიონალების მუშაობით გვაქვს ხელშესახები წინსვლა უდიდესი გამოწვევების ფონზე. წინ არაერთი რთული მისიაა, რომელსაც აუცილებლად გაუმკლავდება მკვრივი „ქართული ოცნება“.

„ძლიერი და ეფექტური მმართველი პარტია ემზადება მეოთხე ისტორიული გამარჯვებისთვის. როცა გუნდი ძლიერი და ჰიპერაქტიურია, შინ და გარეთ გამოწვევებს პასუხობს, როტაცია და ცვლილებები ნამდვილად არაა გასაკვირი. ამგვარი რამ ჩვეულია დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში. ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული იყო მთავრობის მეთაურის რანგში და მისი „ნოუ-ჰაუ“ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად დასჭირდება დიდი საარჩევნო კამპანიისას. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა თავად მისი სურვილი იყო და „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ეს გაითვალისწინა“, - აცხადებს აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს საბჭოთა სტერეოტიპები, რომ მთავრობის მეთაური უნდა იყოს ე.წ. მეურნე და ამასთან საერთო არაფერი გვაქვს. მთავარია ცოდნა-გამოცდილება, რაშიც, მისი თქმით, უმწვავესი ოპონენტებიც კი ვერ შეედავებიან ირაკლი კობახიძეს.

„რადიკალი პოლიტიკანების და ე.წ. ანალიტიკოსების კრიტიკა ისევ უმდაბლესია. კოშმარულ სიზმარში წარმოვიდგინოთ ნაცსექტის გამარჯვება არჩევნებში. მინისტრებად ვინ იქნებიან, ჩამოძონძილი ბოროტი ჯამბაზები? ღმერთმა გვაშოროს! ერთიან პროფესიონალთა მმართველ გუნდს წინ არაერთი რთული მისია აქვს, რომელსაც აუცილებლად გაუმკლავდება საზოგადოების მხარდაჭერით“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში თამაშობს გადამწყვეტ როლს. მისი თქმით, დღეს, როდესაც მიმდინარეობს უდიდესი გეოპოლიტიკური გადანაწილებები და ამ ფონზე მსოფლიოში არის გაჩაღებული არაერთი სისხლისმღვრელი ომი, მთავარი ამოცანაა გადავრჩეთ ფიზიკურად და გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო.

„ამისათვის ხელისუფლების ის გუნდი, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად უდიდესი სიძნელეებისა, სრულად ფლობს და წარმართავს ქვეყანის საშინაო და საგარეო ვითარებას. ამის დასტურია 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე განვითარებული პროცესები, როდესაც მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, გარე მტრულმა და შინა მეხუთე კოლონის ძალებმა ვერ შეძლეს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა!

როგორც მოვლენები ცხადყოფს სახელმწიფოს სტრატეგია არ შეუცვლია, არის მხოლოდ ტაქტიკური გადაადგილებანი! სახელდობრ, დღევანდელი ცვლილებები ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ სტაბილიზაციას, განვითარებას და მომავალ არჩევნებში ერთხელ და სამუდამოდ იმ ძალის პოლიტიკურად დასრულებას, რომლის სახელია „ნაცმოძრაობა“ ანუ იგივე მეხუთე კოლონა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

თომა 🤣🤣🤣🤣🤣🤣
3 თვის უკან