„ქართველმა ხალხმა უნდა დააფინანსოს არასამთავრობოები და არა უცხოელებმა და მაშინ უკანონო ენჯეოკრატია მოისპობა საქართველოში“

„ქართველმა ხალხმა უნდა დააფინანსოს არასამთავრობოები და არა უცხოელებმა და მაშინ უკანონო ენჯეოკრატია მოისპობა საქართველოში“

რატომ იყო საუკუნის აფიორა ამერიკული კანონის გარუსულება, ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი აზრით, ამის მიზეზი იყო საეჭვო დაფინანსებები, მათ შორის, თინა ხიდაშელის მაგალითიც, რომ „ფინანსდებიან ტაივანიდან, ისეთი წყაროებიდან და ისეთი მიზნებისთვის, რაც ქართულ ეროვნულ ინტერესებში არ ჯდება“.

მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელის ორგანიზაციის ტაივანთან ფინანსური კავშირის შესახებ გახდა ცნობილი, მმართველ გუნდში ისევ გააქტიურდა „ენჯეოების“ დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობაზე საუბარი. გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში ისევ დადგეს „ფარას“ კანონის მიღება, მით უმეტეს, რომ ევროკავშირში სწორედ იმგვარ და ბევრად უფრო მკაცრი კანონის მიღებას გეგმავენ, რაც საქართველოში ჩააგდეს. ამას ემატება ისიც, რომ ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია, ვინც „ფარას“ კანონის მიღებას იზიარებდა. უფრო მეტიც, კობახიძე მადლობას უხდიდა ამერიკას ე.წ. რუსული კანონისთვის, რადგან სწორედ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ წყალობით გახდა ცნობილი,  რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდიდა საქართველოს გაშავებაში.

რა გამოსავალს მონახავს მმართველი გუნდი პირად კეთილდღეობაზე დაფუძნებული ენჯეოების გასაკონტროლებლად?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ენჯეოების აღვირახსნილი კამპანიის გასაკონტროლებლად კარგი გამოსავალი იყო უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, ვინაიდან არასამთავრობოთა დაფინანსება გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება და რა პოლიტიკას ატარებს, უნდა იყოს აბსოლუტურად ღია. ამის შემდეგ ყველა ყველაფერს დაინახავს და არასამთავრობოებსაც მადა დაეკარგებათ, პოლიტიკაში მონაწილეობდნენ იმ ხერხებით, რაც დაუშვებელია. არ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკაში ამ გზით მონაწილეობდეს, მით უმეტეს, როცა ამის უკან დგას უცხოური დაფინანსება. უცხოეთში ასეთ ორგანიზაციებს პირდაპირ უწოდებენ აგენტებს.

თუმცა იმის გამო, რომ აგენტების შესახებ კანონი არ მიგვაღებინეს, დავით ზარდიაშვილი გამოსავალს გვთავაზობს. მისი აზრით, ამ საკითხში საზოგადოებრივი განწყობა და ხალხის ნება უნდა იყოს მთავარი და ამისთვის შიდა რესურსი უნდა გამოინახოს.

„სხვათა შორის, თავის დროზე ამაზე ბიძინაც ლაპარაკობდა, რომ, პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყარო უნდა იყოს შიდა რესურსი. თუ ქართველ ხალხს სჭირდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, უნდა დააფინანსოს კიდეც, გამოხატოს მატერიალური მხარდაჭერის ნება და იმ საშუალებით უნდა დაფინანსდნენ, რა საშუალებებიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ერთი პერიოდი, გარედან დაფინანსება შეიძლება დასაშვები იყო, რადგან საქართველოს ძალიან უჭირდა, სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში ვიყავით და უცხოური გრანტები და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს არ შეიძლება ისე გაგრძელდეს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა გარედან კარნახით შეიქმნას, ეს გამორიცხულია. ვითარება უნდა შეიცვალოს, შიდა რესურსი გამოინახოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შიდა რესურსით იარსებონ. ასე თუ არ მოხდა, მაშინ მათ არსებობას არც ჰქონია გამართლება. როცა შეიზღუდება გარეშე მხარდაჭერა, მაშინ 10 არასამთავრობო ორგანიზაციიდან დარჩება ერთი. შეიძლება ეს მტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ სინამდვილე ასეთია. ქართველ ხალხს რაც სჭირდება, თვითონვე უნდა დააფინანსოს. რაც არ სჭირდება, იმას გარედან თავს ნუ მოგვახვევენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ახლანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ თანდათან მეტმა ადამიანმა ქვეყნის შიგნით და გარეთ გაიგო და გაითავისა, რომ საქართველო არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია - „ენჯეო“, რომელსაც აღებული აქვს გრანტები და პუნქტობრივად მიჰყვება, რა არის შესასრულებელი, რომ ეს გრანტი გაამართლოს, რათა მერე ამას ისევ ახალი გრანტები მოჰყვეს.

„სწორედ ამ გრანტებისთვის არსებობენ ქართული ნჯო-ები. არაერთ ადამიანს ვიცნობ ნჯო-ებში და ვიცი, რომ გრანტები თაობიდან თაობაში გადადის. 90-იანი წლებიდან დაწყებული, უკვე 30 წელიწადია ასე ცხოვრობენ, ერთ გრანტს გაამართლებენ და, თუ უცხოეთში მოუწონებენ, მეორე გრანტზე შეაქვთ განაცხადი. საქართველო არის მცირე, შედარებით სუსტი, მაგრამ ეროვნული სახელმწიფო, თავისი სუვერენული, ეროვნული ინტერესებით, რომელიც დასაცავია. ამიტომ 12 პუნქტს გვეტყვიან, თუ 9 პუნქტს ევროკავშირიდან, ჯერ უნდა ჩავყვეთ ამ პუნქტებს და ვნახოთ, ეს ჩვენთვის კარგია თუ არა. თუ ეს პუნქტები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამას ვერც ვენეციის კომისია ვერ უნდა შველოდეს, ვერც ვერაფერი. უნდა დავუმტკიცოთ უცხოურ მხარეს, ამა თუ იმ პუნქტს ვერ შევასრულებ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს არასამთავრობო სექტორის დაფინანსების მახინჯ სისტემაზე პატიოსნად წერდა „ჩეთემ ჰაუსის“, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წარმომადგენელი, შესანიშნავი მეცნიერი, რეპორტიორი ორისია ლუცევიჩი და ამას უწოდებდა „ენჯეოკრატიას“ – „ენჯეოკრატია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, როგორ შევაჩეროთ ფერადი რევოლუციები“.

პეტრე მამრაძის შეფასებით, არასამთავრობოებს შორის ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგად მუშაობს სოციალურ თემატიკაზე, სოფლის მეურნეობის თემატიკაზე, ეკოლოგიაზე, მაგრამ არის რამდენიმე ნჯო, რომელიც ვითომდა თავისუფლების, დემოკრატიის, არჩევნების, ტოლერანტობის თემებით სპეკულირებს. სწორედ ასეთ ნჯო-ებზე საუბრობდა თავის კვლევაში ორისია ლუცევიჩი. ლუცევიჩის თქმით, ნაცვლად იმისა, ზემოხსენებულ სფეროებში ხელს უწყობდნენ დემოკრატიასა და თავისუფლებას, ხელს უწყობდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, პირიქით აკეთებენ და აუცილებელია, დასავლეთის დონორებმა ეს დროზე გაიგონ.