ოპოზიციური ხატმებრძოლობა დასჯადი გახდება

ოპოზიციური ხატმებრძოლობა დასჯადი გახდება

ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რითაც ირაკლი კობახიძემ შეიძლება დაიწყოს პრემიერობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადად გამოცხადებაა. როგორც კობახიძე ამბობს, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია და ეს კანონპროექტი ევროპული პრაქტიკის მიხედვით მომზადდება. კანონპროექტი არა მხოლოდ ქრისტიანული ტაძრების დაცვას ითვალისწინებს, არამედ ნებისმიერ კონფესიას შეეხება. აღნიშნული კანონპროექტის საჭიროება სამების ტაძარში განხორციელებულმა ვანდალიზმმა განაპირობა, როცა მაინცდამაინც შობის დღესასწაულზე გაახსენდა ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში, რათა კიდევ უფრო გამძრაფრებულიყო ეკლესიაზე შეტევის მცდელობა. ამ ყველაფერს კი, ირაკლი კობახიძის აზრით, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და ვიღაცებს არ მოსწონდათ ეკლესიის მაღალი რეიტინგი.

კობახიძის თქმით, ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, დაიცვას თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს ხელისუფლების მხრიდან ჩარევა აუცილებელია.

ბოლო პერიოდმა გვიჩვენა, რომ ეკლესია დასაცავია არა მხოლოდ მავანთა შემოტევისგან, არამედ სპეკულაციისგან. ერთ დროს ნაციონალები ეკლესიის თემით სპეკულირების ავანგარდში იყვნენ და ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტს საკუთარი საარჩევნო ყულაბისკენ მიმართავდნენ. დღესაც სპეკულაცია სწორედ ნაციონალებთან აფილირებულმა ადამიანებმა წამოიწყეს, როცა ეკლესია სტალინისტების ბუდედ გამოაცხადეს.

რა იქნება ირაკლი კობახიძის პირველი ნაბიჯები და დასჯადი გახდება თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, რასაკვირველია, ეკლესიას კანონის ძალით დახმარება სჭირდება. დიდი ხანია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი ამ თვალსაზრისით გადასახედია. ერთადერთი მუხლი, რომლითაც მსგავსი ქმედება ისჯება, 155-ე მუხლია, სადაც საუბარია იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს ხელის შეშლა რელიგიური წესის აღსრულებისთვის. უბრალოდ, ინტერპრეტაციის ამბავია, რამდენად მიესადაგება ეს მუხლი ნატა ფერაძის საქციელს. ცალკე მუხლია კიდევ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომელ რელიგიას ეხება და ეს დანაშაული დასჯადია.

„ჩემი აზრით, კობახიძის გაპრემიერებისას პირველი საკითხი ეს არ იქნება, რადგან კრიტიკული ვითარება არ არის ამ თვალსაზრისით, ეს არ იქნება პოლიტიკის ქვაკუთხედი, რომ მართლმადიდებლობის დასაცავად სისხლის სამართლის კოდექსი გავამკაცროთ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რადგან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“,- მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ და სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებმა პოლიტიკურად უნდა იაზროვნონ, რადგან ქართველი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ან ფორმალურად, ან ჭეშმარიტად, მორწმუნეა და ქრისტიანულ რელიგიას დიდ პატივს სცემს. ჩვენ ქრისტიანული ერი ვართ, ამას შევწირეთ მთელი ისტორია, ამდენად, საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმება და ეს თავიდანვე წაგებული ბრძოლაა.

„რატომ აკეთებენ ამას ოპოზიციონრები, რატომ აწარმოებენ წინასწარ წაგებულ ბრძოლას, ჩემთვის გაუგებარია. სანამ ასეთი არაგონივრული პოლიტიკა მათ მიერ მხარდაჭერილი იქნება, ისინი ვერასოდეს ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ღმერთთან გვაქვს საქმე და მოვეშვათ საპატრიარქოს და პატრიარქის უდიერად მოხსენიებას. რაც შეეხება არასამთავრობოებს, არ ვთვლი, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას არასამთავრობოები აწარმოებენ, მაგრამ ისინი არ უწევენ ანგარიშს ქრისტიანულ და საეკლესიო ღირებულებებს და რადიკალურად ებრძვიან ქრისტიანულ ღირებულებებს. შეიძლება ისინი არ უფიქრდებიან ამას და ასე გამოსდით. ცხადია, შეიძლება, გააკრიტიკონ საპატრიარქოს გარკვეული ნაწილი, კონკრეტულად დაასახელონ არასწორად მცხოვრები სასულიერო პირები, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ილაპარაკონ ქრისტიანული ღირებულებების წარუვალობაზე, ხომ შეიძლება ეს ზომიერება დაიცვან და მაშინ რელიგიური გრძნობების დასჯადად გამოცხადების საჭიროებაც აღარ იარსებებს“, - აცხადებს დიმიტრი შველიძე.

მისი აზრით, ქართველები ფიცხი ხალხი ვართ და არაგონივრულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, როგორც არასამთავრობოები, ისე ოპოზიცია. დღეს რომ არჩევნები იყოს, უპირობოდ გაიმარჯვებს ხელისუფლება. ტყუილად ამბობენ, მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციას ემხრობაო. შეიძლება, ოპოზიციას შინაგანად უჭერენ მხარს, მაგრამ რომ მივლენ საარჩევნო ყუთთან, ოპოზიციას არ მისცემენ ხმას. ამის მიზეზად დიმიტრი შველიძეს ის წონადი არგუმენტი მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობის შენარჩუნების მომხრეა, ჩვენს ხალხს არ უნდა ჩარევა იმ სასაკლაოში, რომლის საზღვრებიც ყოველდღიურად ფართოვდება.

„ისტორიკოსი ვარ და ყოველთვის ვეძებ ობიექტურობას. პატარა ქვეყანა ვართ და ყველაზე მეტი სისხლი ჩვენ გავიღეთ, არავინ გვაქცევდა ყურადღებას. დღესაც არავინ არ გამოდის ოპოზიციიდან და არავინ აფიქსირებს, არა ბატონებო, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, არავითარ შემთხვევაში, არ ჩავერევით რუსეთ-უკრაინის ომში რომელიმე მხარის სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ისედაც დასჯილები ვართ, წართმეული გვაქვს ტერიტორიების ნაწილი. მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, ხვალ რომ მოვა ოპოზიცია, ეგრევე სანქციებს დაუწესებს რუსეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი-ორი დრონი რომ ააფეთქონ რუსებმა თბილისის თავზე, ყველაფერი დასრულდება, ერთი ბატალიონი ეყოფა საქართველოს დაპყრობას. ევროპა, რომელიც უკრაინას ეხმარება თუ არ ეხმარება, ჯერ ვერ გადაუწყვეტია და, ალბათ, ოდესმე გადაწყვეტს, მეორე ფრონტს არავითარ შემთხვევაში არ გახსნის კავკასიაში. მკაცრად გამოკვეთილი პროდასავლელი ვარ და, რაც არ უნდა მოხდეს, დედამიწა რომც დაინგრეს, მე მაინც ცუდი ევროპა მირჩევნია კარგ რუსეთს“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა გაჩაღდა, თორემ მატრონა მოსკოველის ხატი თვეების განმავლობაში ეკიდა სამების საკათედრო ტაძარში, ვნებათაღელვა ატყდა სწორედ შობის ღამეს. ამიტომ რელიგიური გრძნობების დაცვა საქართველოში აუცილებელია.

„უდანაშაულობის პრეზუმპციას ყოველთვის ვიცავ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ხელი დავადო, ამ შემთხვევაშიც, ამ ქალმა საღებავი რომ შეასხა ხატს, გაჩნდა კითხვა, ვინ გადაიხადა ფული?! შეიძლება ეს მართლაც თავისი ნებით მოუვიდა თავში ამ თავისებურ ადამიანს, მაგრამ, როგორც წესი, ვიღაცა ამაში ფულს იხდის, თანაც, შობის დღეს. ეს იმისთვის სჭირდებათ, აი, ეკლესია როგორი კონსერვატიული და პროსტალინისტური სტრუქტურაა. ადამიანები, რომლებიც მთელი ერთი წლის განმავლობაში დასავლელ პარტნიორებს უმტკიცებდნენ, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, არ იმსახურებს საქართველო ამ სტატუსსო, ეს ანტიეროვნული სულით გამსჭვალული ადამიანები, ცხადია, დღესაც უმტკიცებენ დასავლელ პარტნიორებს, სტალინისტებითაა გაჟღენთილი ეს რეტროგრადული სტრუქტურა - საქართველოს ეკლესიაო, იმდენი ქნეს, სტალინის ხატი ჩამოკიდესო. არადა, სად იყო იქ სტალინის ხატი, რომ შევხედე, ფარაჯა ეცვა და არა კიტელი, არც გამარჯვების და საბჭოთა კავშირის გმირობის აღმნიშვნელი სიმბოლო ჰქონდა სტალინს იმ ფარაჯაზე. ბოდიში მოიხადა არქიმანდრიტმა, მატრონას ხატი ისე დავაბრძანე, საპატრიარქო არ შემიწუხებიაო. დავით თარხან მოურავი ამას არ იზამდა, რომ განგებ შეეტანა ეს ხატი. ის ღრმად მორწმუნე ადამიანია“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

 

 

Gami ბატონო დიმიტრი, ჩემი პატივისცემა!
3 თვის უკან