როგორი იქნება კობახიძის განახლებული მთავრობის შემადგენლობა?

როგორი იქნება კობახიძის განახლებული მთავრობის შემადგენლობა?

პარლამენტი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირაში დაამტკიცებს. for.ge-ს ინფორმაციით ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტს განახლებულ სამთავრობო გუნდს წარუდგენს. ირაკლი კობახიძის მთავრობაში არ იქნებიან - კულტურის, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.

კობახიძემ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ზრუნვა 24 იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალმა პრემიერმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კანდიდატურა დაასახელა, თუმცა, პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მდინარაძეს ვერც მომავალ პარლამენტში ვიხილავთ, ისევე როგორც ალუდა ღუდუშაურს.

რაც შეეხება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, არაოფიციალური ინფორმაციით ქვეყნის პირველი დიპლომატი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გახდება. ასევე განიხილება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურაც, თუმცა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისი კანდიდატურა არ განიხილება.

„დაველოდოთ იმ დღეს, როცა პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კაბინეტს და ნახავთ, რომ ბევრი ადამიანი იქნება ისე წარმოდგენილი, როგორც დღეს არის. ახალი სამთავრობო გუნდის სურათი გვექნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ბოლო მოხსენებით წარდება პრეზიდენტი. პეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დღის წესრიგში აისახება მთავრობის ახალი შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს, საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების უფლება.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და პოლიტსაბჭო მას დაამტკიცებს, ამის შემდეგ შეთავაზება პარლამენტს გადაეგზავნება. პარლამენტს პრემიერის გადადგომიდან ზუსტად 2-კვირიანი ვადა აქვს მთავრობის ახალი მეთაურის ასარჩევად. მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მას შემდეგ, რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადავედით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირჩევა პარლამენტის წიაღიდან, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ოპოზიციისთვისაც იქნება ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილება, რომ მათი ყოფილი კოლეგა იქნება მთავრობის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სხვა დინამიკას შემოიტანს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მომავალი პრემიერ-მინისტრი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ არავინ უნდა გაივლოს აზრი, რომ პარტიის ლიდერობა არის დაკნინება. მისი თქმით, თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება გამართლებულია.

„ერთი ფლანგიდან მეორეზე გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება. როგორ შეიძლება, რომ პარტიული ლიდერობა, როცა თქვენ გინდათ მაღალი თანამდებობაა, როცა გინდათ - დაბალი? ასე არ არის. თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება არის გამართლებული. ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებით მოხდა, რომ ეს ცვლილება ახლა ხორციელდება - იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, ზაფხული იყო უკეთესი პერიოდი ამისთვის.

კიდევ ერთი მინდა გითხრათ, არ არსებობს 2011 წლიდან მოყოლებული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნულად, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიეღო. მუდმივად არსებობს კონსულტაციების რეჟიმი, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან გასული იყო პოლიტიკიდან და ურთიერთობის ისევ იმავე რეჟიმს დავუბრუნდით,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ახალ შემდგენლობას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება. მისი თქმით, ცვლილებები არაფერს ცვლის, თუმცა, მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია.

„ოცნებამ“ იცის, რომ საზოგადოებას სურს ცვლილებები და ცდილობს შესაკრებთა გადაადგილებით შექმნას ამ ცვლილების იმიტაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ჯამი არ იცვლება. ეს იგივე ოლიგარქის პარტიაა, იგივე რუსი ოლიგარქია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ოლიგარქი არ შეიცვლება, საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მოქალაქისთვის არაფერს ცვლის. რამდენი პანიკური ნაბიჯიც არ უნდა გადადგან და ბუტაფორიული ცვლილებები განახორციელონ, ეს მათ ჩაძირულ გემს ვერ გამოასწორებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი კობახიძის ინტელექტს პატივისცემს „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია და აცხადებს, რომ ეს მისი ძლიერი მხარეა. ხვიჩიას თქმით, კობახიძე ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მისი პრემიერობა არ გაკვირვებია.

„ალბათ, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად მზად არის ასეთი სახის ჩანაცვლებისთვის. ყველასთვის გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერს და მომწონდა თუ არა, ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მისი პრემიერობა არ გამკვირვებია. ვერ გეტყვით, საარჩევნოდ როგორი იქნება ირაკლი კობახიძე, ეს არც მისი ძლიერი მხარე არ არის, რომ ელექტორალულად მიმზიდველი იყოს.

ამ თვალსაზრისით, პრობლემური იყო ღარიბაშვილიც და არის კობახიძეც. ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარეა, რომ სულელი ნამდვილად არ არის, მისი ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს; სუსტი მხარეა, რომ მას ადამიანური ურთიერთობების დალაგება არ შეუძლია. ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარეა ამომრჩეველი, რითიც სარგებლობს“, - ამბობს იაგო ხვიჩია.