„ვფიქრობ, ღარიბაშვილს ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე პრემიერის თანამდებობაა“

„ვფიქრობ, ღარიბაშვილს ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე პრემიერის თანამდებობაა“

მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკური როქი გაკეთდა, დაიწყო იმაზე მსჯელობა, რა არის ამ გადანაცვლების რეალური მიზეზი. ოპოზიციურ ფლანგზე ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოაქვეითა და ახლა ფსონი ირაკლი კობახიძეზე დადო. თუმცა ასე არ ფიქრობს FOR.GE-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ის მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი არა თუ ჩამოაქვეითეს, არამედ ივანიშვილმა მისთვის უფრო სანდო ადამიანი წინასაარჩევნოდ სიის დაკომპლექტებისთვის გადაიყვანა. ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, რომ თუ „ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, ღარიბაშვილი პრემიერად მესამედაც კი დაბრუნდეს. რაც შეეხება კობახიძეს, მისი აზრით, ამით ივანიშვილი დროის მოგებას ცდილობს და მოვლენების განვითარებას დააკვირდება.

სახელისუფლებო გუნდში როტაცია მოხდა და ირაკლებმა თანამდებობები გაცვალეს. არ იყო რაიმე გადაადგილების მოლოდნი, მით უმეტეს ასეთის. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვცილმა მათი გადანაცვლება?

- ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ფრთხილი და ჭკვიანი კაცია, ამიტომ ამ პოლიტიკური როქით დაზღვევაზე იმუშავა. არ ველოდი, რომ მსგავსი გადანაცვლება მოხდებოდა და მე უფრო გვიან ველოდი რაღაცა საკადრო გადაადგილებებს. რეალურად, უფრო სხვაგვარად წარმომედგინა ღარიბაშვილის ჩანაცვლება. მივიჩნევდი, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს არა ირაკლი კობახიძით, არამედ სრულიად სხვა კადრით ჩაანაცვლებდა. უფრო ახლის მოლოდინი მქონდა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა ახლა გააკეთოს ეს ცვლილება, შეხედოს სიტუაციას და თუ ამან რაღაცა პოზიტიური შედეგი გამოიღო, ირაკლი კობახიძეს პრემიერად დატოვებს. მე არ ვიფქრობ, რომ ღარიბაშვილი ჩამოაქვეითა და ა.შ. ორივე მაღალ თანამდებობებზე დატოვა. უბრალოდ, პოლიტიკური როქი გააკეთა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ის სიტუაციას დატესტავს.

რის გამოცდას ცდილობს, რას დააკვირდება, რა განაპირობებს კობახიძის პრემიერად დატოვებას?

- მე ასეთი ვერსია მაქვს, რომ ის ამით ეცდება იმ ელექტორატის გამაგრებას და შენარჩუნებას, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხარდამჭერია. „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი ცოტა მერყევია, რომელმაც თუ დაინახა ოდნავ მისთვის მისაღები სხვა ძალა, იქით წავა. ალბათ, ამისთვის მოახდინა გადაადგილება. ასევე იქნება ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ვხედავთ, რომ ბოლო დროს, ქაოსურად და მოულოდნელად იწყება რაღაცა თემის გარშემო საპროტესო გამოსვლები. ბოლო პერიოდში, ორი სამი თვეა სამი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი ექიმების, მეორე გამოსახლების თემაზე და ა.შ. ამ პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილსაც შეეძლო. თუმცა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს ახალმა კაცმა სჯობს გააკეთოს. შექმნას იმის განცდა, რომ რაღაცა ცვლილებები ხდება. თუკი კობახიძე ამ ყველაფერს თავს გაართმევს, ის შესაძლოა არჩვენების შემდეგაც დარჩეს ამ პოსტზე.

ფიქრობთ ივანიშვილი არჩევნებამდე ამით დროის მოგებას ცდილობს?

- თუ ივანიშვილმა დაინახა, რომ ამ ცვლილებამ და კობახიძის მუშაობამ მის ელექტორატში რაღაცა პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა, ნახეს, რომ სიტუაცია მეტ- ნაკლებად სტაბილურია, ის პრემიერად დარჩება. თუ მან მალევე თავი ვერ გაართვა, ისიც კი არის მოსალოდნელი გაზაფხულზე ახალი ცვლილებები ვიხილოთ. საქმე ისაა, რომ ეს ცვლილება ჰგავს სააკაშვილის მიერ 2012 წელს პრემიერად მერაბიშვილის დანიშვნას. მაშინაც ელექტორალური თვალსაზრისით, ასეთი სურათი იყო. უბრალოდ, მაშინ ოპოზიციური ელექტორატი უფორ ერთიანი იყო, დღეს ასე არ არის. უბრალოდ, რისკია, რომ ოპოზიციაში თუ რაღაცა ცვლილება მოხდა, ოპოზიციური ელექტორატი კვლავ გაერთიანდეს. ვფიქრობ, ღარიბაშვილს ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა. მან, ფაქტობრივად, ღარიბაშვილი უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე პრემიერის თანამდებობაა. თუ „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი პრემიერად მესამედაც კი დაბრუნდეს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილს საპარლამენტო სიის შედგენა ანდო ივანიშვილმა და არც იმას გამორიცხავთ, რომ სწორედ ღარიბაშვილი იყოს სიის პირველი ნომერი?

- ღარიბაშვილი შეარჩევს საპარლამენტო სიის ძირითად ნაწილს, სწორედ, ამიტომ ივანიშვილს მისთვის ყველაზე სანდო ადამიანი ამ პოსტზე უნდოდა. პირველ ნომრად ივანიშვილს გამოვრიცხავ და ისევ მივიჩნევ, რომ ის არჩევანს აქაც ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გააკეთებს. გააჩნია, ვის როგორ წაუვა საქმე. მანამდე დიდი დროა და იმ მომენტისთვის, ელექტორალური თვალსაზრისით, რომელიც უფრო მისაღები იქნება, ის იქნება სიის პირველი ნომერი.

ასეთი ვერსიაც გაჟღერდა, რომ რადგან ირაკლი კობახიძეს პარლამენტზე უფრო მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს, ამისთვის საჭირო გახდა, რომ ის პრემიერად გადაეყვანა? ანუ მისი გუნდი დაასუსტა ამით პარტიაში?

- შესაძლოა, კობახიძეს რაღაცა გავლენა აქვს პარლამენტში, მაგრამ არა იმხელა, რომ ეს მთავრობას ან ივანიშვილს რაიმე საფრთხეს უქმნიდეს. კობახიძის გუნდი უფრო მალაპარაკე თავები არიან. უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მდუმარე უმრავლესობა, რომელიც რეალურად ბევრ რამეს წყვეტს. პარტიაში მილიონერი დეპუტატების კლანია, მათზე გავლენა კობახიძეს ვერ ექნება. გავლენა იქ მხოლოდს ივანიშვილს აქვს. მე უფრო მგონია, რომ ღარიბაშვილი „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ძველი სტაჟიანი და მისაღები კადრია. ამიტომ აქ წინასაარჩევნოდ მისი გავლენა უფრო გამოსადეგი იყოს.

ბოლო დროს ოპოზიციაში გაჩნდა ასეთი ვერსია, რომ შესაძლოა ივანიშვილი პრეზიდენტად მოგვევლინოს. თქვენთვის ეს ვერსია რამდენად რეალურია?

- არ მგონია ახლა ივანიშვილი პრეზიდენტობაზე ფიქრობდეს ან ეს სურდეს. მას რაც უნდოდა, ის მიიღო. მე უკვე ვთქვი, რომ ის საკმაოდ ფრთხილი კაცია, ყველა შესაძლო ვარიანტის დაზღვევას ცდილობს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება სიფრთხილის უკიდურესი ფორმაა. ის უშვებს სადღაც ვარიანტს, რომ „ოცნებამ“ არჩევნები შესაძლოა წააგოს. ამისთვის კი მას გარანტიები სჭირდება. გარანტიები იმაზე, რომ ის ხელშეუხებელი იქნება. ასე ქნა შევარდნაძემ და სააკაშვილმაც.

2012 წელს ამერიკელი სენატორები დარბოდნენ, რომ ივანიშვილისგან მიეღოთ სააკაშვილის ხელშეუხებლობის პირობა, ის პრეზიდენტად დარჩენილიყო. შესაძლოა, ივანიშვილი ამაზეც თავს იზღვევს და თუკი ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, მაშინ ის დასავლეთისგან ასეთ გარანტიებს მოიპოვებს. ასევე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთი და კერძოდ, ამერიკა ივანიშვილის დასანქცირებას ფიქრობდეს. პირიქით, მის პოლიტიკაში შემობრუნებას პოზიტიურად აღიქვამენ. ის არის ხელისუფლების საკვანძო ფიგურა, ამიტომაც მის მიმართ რომ ვინმე ასეთ რამეს აპირებდეს და დასანქცირება ელოდოს, აქამდე იზამდნენ. მით უმეტეს, ახლა ის პოლიტიკაში ისევ შემობრუნდა, ამას ნაკლებად ველი.

აუცილებლად მინდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზეც გკითხოთ. ივანიშვილმა მასზე მხოლოდ ის თქვა, რომ ის მკვეთრად ოპოზიციისკენ არის გადახრილი. ფიქრობთ, რომ თუ ზურაბიშვილი აპირებს პოლიტკაში დარჩენას, მან თანამდებობა უნდა დატოვოს?

- ვფიქრობ, ივანიშვილი სწორად მოიქცა, როდესაც ზურაბიშვილზე სხვა მეტი არაფერი თქვა. პრინციპში, სხვა რა უნდა ეთქვა? ის არ არის იმ ტიპის ფიგურა, რომ რაღაცები გაუთვლელად ილაპარაკოს. ყველაფერს თვლის და ისე საუბრობს. ამიტომ, რაც თქვა ზურაბიშვილზე, სრულიად საკმარისი იყო. რაც შეეხება ზურაბიშვილის პოლიტიკურ კარიერას, თუ მას გაგრძელება სურს, უნდა გადადგეს. პრეზიდენტის რანგში ის აქტიურად ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩვენოდ ვერ გამოჩნდება და ვერც იაქტიურებს.

მეორე მხრივ, მე ნაკლებად ველი, რომ ის ერთიანი ოპოზიციის ლიდერი იქნება და რაღაცა გარდამტეხ როლს შეასურლებს. ჩვენთან ყველას პირველობაზე აქვს ამბიცია და ზურაბიშვილს - მით უმეტეს. ამიტომ რომელი პოლიტიკური ძალის ლიდერი შესაძლოა იყოს, ვერ წარმომიდგენია. რაიმე ალიანსიც რომ შედგეს, ის არ არის მთელი ოპოზიციისთვის მისაღები ფიგურა. ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, მოვლენები როგორ და რა მიმართულებით წარიმართება.

trampi ღარიბაშვილს ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე პრემიერის თანამდებობაა“

100%

ჩემდა გასაკვირად დღეს ვეთანხმები ძაბირაძეს
3 თვის უკან