„შეიძლება, გარედან ისე ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე მასობრივად არც ისე პოპულარულია, მაგრამ პარტიაში მას საკუთარი გუნდი ჰყავს და ძალიანაც ბევრი მომხრე“

„შეიძლება, გარედან ისე ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე მასობრივად არც ისე პოპულარულია, მაგრამ პარტიაში მას საკუთარი გუნდი ჰყავს და ძალიანაც ბევრი მომხრე“

„ქართული ოცნების“ ყველაზე სტაჟიანი პრემიერი, რომელიც ჯამში ყველაზე მეტხანს - 5 წელი იყო თანამდებობაზე, უკვე მეორედ ემშვიდობება ამ პოსტს. ორი ირაკლი ერთმანეთს თანამდებობას გაუცვლის და პრემიერად ირაკლი კობახიძე მოგვევლინება, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდება.

„მაზაკვალი“ გახარიას ღალატის შემდეგ, 2019 წლის გაზაფხულზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მეორედ ჩაიბარა პრემიერ-მინისტრის პოსტი და, როგორც თავად აღნიშნავს, პირნათლად ემსახურა საკუთარ ქვეყანას.

მის მთავარ ღირსებად მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომი აგვაცილა, საქართველომ მის დროს მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის დროს საქართველომ უპრეცედენტო დახმარება გაუწია უკრაინას, ზელენსკის ადმინისტრაციის გული ღარიბაშვილმა მაინც ვერ მოიგო. აწ უკვე ყოფილი პრემიერი ცდილობდა, აზერბაიჯან-სომხეთის შესარიგებლად შუამავლის როლიც მოერგო. საბოლოოდ მისი აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა უფროსი ვაჟისთვის დაქირავებული ჩარტერული რეისი, რასაც სკანდალი მოჰყვა. ამბობენ, ივანიშვილმა არ მოიწონა ეს საქციელი და, მიუხედავად იმისა, პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებისას ივანიშვილი ირწმუნებოდა, ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს შეინარჩუნებსო, იგი თანამდებობას ჩამოაშორა.

რა ნიშნით გაკეთდა არჩევანი ირაკლი კობახიძეზე, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლება ირაკლი კობახიძით მოსალოდნელი იყო, როცა ჩინეთში დელეგაციის სათავეში სწორედ კობახიძე გაგზავნეს. კობახიძის გაპრემიერება და ორი ირაკლის როლების შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტად ენდობა ირაკლი კობახიძეს, რადგან კობახიძე, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, დამოუკიდებელ თამაშში არ არის შემჩნეული?

- რაც მოხდა, ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევანია, მაგრამ ამის უკან რომ რამე იდგეს და ბიძინა უფრო ენდობოდეს ირაკლი კობახიძეს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს, ამას ვერ ვიტყვი. ბიძინას ხელწერა ამაში იგრძნობა, უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ცვლილებები იმუშავებს. უბრალოდ, არჩევნების წინ მდგომარეობა უცნაურია იმ თვალსაზრისით, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური ალტერნატივა არ ჰყავს, „ოცნებამ“ საკუთარ თავს უნდა შეუქმნას ალტერნატივა, ამიტომ, მოდით, ჩავთვალოთ, რომ პრემიერის შეცვლის გადაწყვეტილებაც ამის გამოხატულებაა.

ფიქრობთ, ირაკლი კობახიძე უფრო მოუღებს ბოლოს ნაცმოძრაობას, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი? კობახიძემ ამას წინათ არც დამალა, ჩვენი ამოცანაა, შემდეგ პარლამენტში კოლექტიური ნაცმოძრაობა 35 მანდატს ქვემოთ ჩამოვიდეს.

- ეს გასაგებია, მაგრამ რამდენი მანდატით შევა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, ეს არ არის არც კობახიძის, არც ბიძინას, არც ღარიბაშვილის გადასაწყვეტი. გადაწყვეტილება მისაღებია ქართველი ხალხის მიერ. იმას კი არ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია არ უნდა ჰყავდეს, რასაკვირველია, უნდა ჰყავდეს ოპოზიცია, ოღონდ მასზე უკეთესი, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. როდემდე შეიძლება „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი, დავიღალეთ, არ გვაქვს არც სურვილი, არც შესაძლებლობა, ისევ უკან ვიყუროთ.

ხალხის ძალა გამუდმებით ნაცმოძრაობის გასამართლებაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში, უფრო ეფექტური იქნება ირაკლი კობახიძე მსაჯულის როლში?

- გასამართლება არის სამართლებრივი მომენტი. როცა საუბარია პარტიის გასამართლებაზე, ამას სჭირდება სერიოზული იურიდიული საფუძვლის მომზადება, რაც დღევანდელ მდგომარეობაში წარმოუდგენელია. რასაც „ხალხის ძალა“ აჟღერებს, ეს მორალურ-პოლიტიკური გასამართლებაა. ეს ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხმა არ უნდა მისცეს ხალხმა. „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის, სამართლებრივი გასამართლების დაწყება რთული წარმოსადგენია. ერთადერთი, პარტიის გასამართლება შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი დადგინდა, რომ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა კონსტიტუციის საპირისპიროა. ცხადია, ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, „ნაცმოძრაობა“ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და სამართალსა და სიმართლეს ეომებოდა, მაგრამ რამდენად არის ახლა ამის საშუალება და პირობები სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს, ეს საკითხავია. ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური, იდეოლოგიური გამონათქვამებით შემოიფარგლებიან, რადგან „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, სინამდვილეში, არის ის, რომ მათ არჩევნებში რაც შეიძლება, ნაკლები ხმები მიიღონ, იქამდეც, რომ მათ გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა.

ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობაში გულისხმობთ ლელოსაც და სხვებსაც, ანუ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომლებიც ისე გადაიხლართნენ ერთმანეთში, გარჩევა გართულდა?

- დიახ, ყველა იგულისხმება, სხვადასხვა განსხეულებებია ერთი და იმავე „ნაცმოძრაობის“.

ღარიბაშვილის პირველი გადადგომისას კახურ კლანზე იყო საუბარი, ახლაც ახსენეს სიტყვა კორუფცია. როგორ ფიქრობთ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი? წესით, წარმატებულ ადამიანებს არ აყენებენ პოსტიდან.

- არის მომენტი, როცა საჭიროა სისხლის გამოცვლა, განახლება. გარედან ეს ვერ ხერხდება. ბიძინა როცა პოლიტიკაში მესამედ შემობრუნდა, ზუსტად ეს თქვა, რომ არ არსებობს რესურსი, რომ გარედან, ანუ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების გარკვეული შეზღუდვა მოხდეს. ხელისუფლებას შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, ოპონენტი არ არსებობს, არანაირი გავლენა მმართველი გუნდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე „ნაცმოძრაობას“ არ აქვს. ამიტომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ახალი სული უნდა შთაბეროს პოლიტიკას ამ მოქმედებამ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი. რამდენად გამოვა ეს, უნდა შევხედოთ. ის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას შეცვლის და ამ თვალსაზრისით პოლიტიკა შეიცვლება, ამის მოლოდინი არ მაქვს, გაგრძელდება ის პოლიტიკა, რაც აქამდეც იყო, ეს არის უპირობო პოლიტიკა მშვიდობაზე, განვითარებაზე, სიმშვიდეზე, სტაბილურობაზე. არც ღარიბაშვილი მიდის სადმე, არც კობახიძე.

არ თვლით, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილის დაქვეითებაა?

- არა, ღარიბაშვილი პარტიაში რჩება და ერთ-ერთი უმთავრესი თანამდებობა უჭირავს. გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, პირიქით, მცდელობა იქნება, ჯამი უფრო გაიზარდოს.

ღარიბაშვილის პლუსად თვლიან, რომ მას ჰყავს საკუთარი გუნდი, საკუთარი მომხრეები პარტიაში. კობახიძე ამ მხრივ თითქოს განყენებულად გამოიყურება. ჰყავს მას საკუთარი გუნდი?

- შეიძლება, გარედან ასე ჩანს, რომ კობახიძე მასობრივად არც ისე პოპულარულია, მაგრამ პარტიაში მას საკუთარი გუნდი ჰყავს და ძალიანაც ბევრი მომხრე. ვერ ვიტყვი, რომ კობახიძეს რაიმე პრობლემა აქვს პარტიული თვალსაზრისით, მას უდიდესი ავტორიტეტი და მხარდაჭერა აქვს პარტიელების მხრიდან.

ქართული ოცნების ახალბედა თაობას არაეთიკურობას უწუნებენ, ეს კობახიძესაც შეეხება, რომელსაც ოპონენტები ცინიზმში ადანაშაულებენ.

- ირაკლი მდგომარეობის გამოა ასე, თორემ საკმაოდ ადეკვატურია. როცა მდგომარეობა ითხოვს, ზოგჯერ სიხისტეც საჭიროა და ეს არ არის ნაკლი, ეს მყარი პოზიციის ქონაა. კარგად აჩვენა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მიუხედავად დიდი ზეწოლისა, რაც შიგნიდანაც ჰქონდა ქვეყანას და გარედანაც, მას საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პირნათლად ემსახურა საკუთარ ქვეყანას. მის მთავარ დივიდენდად ითვლება, რომ ომი ააცილა საქართველოს, თუმცა მის პერიოდში შიდა დაპირისპირებაში კიდევ ერთი კომპონენტი ჩაერთო-პრეზიდენტის ინსტიტუტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა, მაგრამ ამის მცდელობა იყო. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობდა, რომ მას არ უშვებდნენ საზღვარგარეთ, არ ახვედრებდნენ საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის პრეზიდენტებს. პრეზიდენტის დელეგირების ხაზი ახალი პრემიერის დროსაც გაგრძელდება?

- სინამდვილეში, თუ შევხედავთ რეალობას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი არავითარ პოლიტიკურ როლს უკვე აღარ თამაშობს. მან საკუთარი თავი დააყენა პოლიტიკური პროცესების მიღმა, ეს დასანანი და სამწუხაროა.

ლევკოთეა მე კი ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი მხოლოდ იმიტომ არ ჩამოაცილა პროცესებს ივანიშვილმა, რომ ძალიან თვალში საცემი იქნებოდა მისი დასჯა. მით უმეტეს, არჩევნებია მალე. დასრულდება არჩევნები და ღარიბაშვილი და მისი ხალხი საბოლოოდ დაკარგავენ გავლენას.
3 თვის უკან