„რევოლუცია ასე არ ხდება, საზოგადოება გიჟი კი არ არის უმიზეზოდ ქუჩაში გამოვარდეს და კომბლები იქნიოს“

„რევოლუცია ასე არ ხდება, საზოგადოება გიჟი კი არ არის უმიზეზოდ ქუჩაში გამოვარდეს და კომბლები იქნიოს“

ოპოზიციის ერთი ნაწილის დღის წესრიგში აქციების დაწყების მოთხოვნა ისევ გაააქტიურდა და კვლავ დაიწყო მსჯელობა იმაზე, არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდეგ, როდის უნდა გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში. ხელისუფლება კი ელის, რომ ოპოზიცია 2020 – 2021 წლის სცენარის გამეორებას შეეცდება. ისვე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნების წაგების მიზეზი გაყალბება იყო და პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებენ. ეს კი აღარ გამოუვათ, რადგან არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ელექტრონული სისტემით ჩატარდება, რაც ოპოზიციას სპეკულაციების საბაბს აღარ მისცემს. ასევე აღარ წავლენ არანაირ მოლაპარაკებებზე, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების დროს მოხდა.

აქციებზე დისკუსია კი თაკო ჩარკვიანის მოწოდებამ გამოიწვია, სადაც მან პოლიტიკურ პარტიებს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლების დაწყებისკენ მოუწოდა. ცენტრალურ გამზირზე კარვების და ლეიბების გაშლის იდეას პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერი ოპოზიციას კიდევ ერთხელ სთავაზობს, თუმცა მისი მიმართვის ადრესატები არ არიან გიორგი გახარია და „ლელოს“ ცალკეული ლიდერები. ჩარკვიანის მხრიდან 2021 წლის არჩევნების შემდეგ გაჟღერებული და ჩავარდნილი ინიციატივა, დიდი ალბათობით, ახლაც უპასუხოდ დარჩება. იქნება თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში მყოფი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში აქციები, ჯერჯერობით უცნობია და ამაზე ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული.

„თქვენ წარმოიდგინეთ სურათი, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მიიღო 30 მანდატი პარლამენტში, ასეთ ვითარებაში ისინი იმავეს გაიმეორებენ, რითაც, საბოლო ჯამში, საკუთარი თავი დაიზიანეს. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სცენარი. მე ველოდები, რომ ისევ იმავე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არასდროს ხელს აღარ მოვაწერთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, არასდროს შევალთ ისეთ მოლაპარაკებებში, როგორშიც შევედით 2021 წელს. აქედან გამომდინარე, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ გარედან თუ საიდანღაც, ამ ყველაფრის პერსპექტივა ნული იქნება. ერთ მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა მათ შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ ეს არის განწირული ფიასკოსთვის“, - ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„თაკო ჩარკვიანის განცხადების ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როცა რუსთაველის გამზირზე ლეიბზე წამოწოლილ თაკო ჩარკვიანს დავინახავ, დანარჩენი, ვიღაცების ფანტაზიაა“, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია.

„30%-ანი პარტიის ლევან ხაბეიშვილის აღფრთოვანებული პარტნიორია და დაელაპარაკოს ბატონ ლევანს. სრულიად საკმარისი მხარდაჭერა აქვს თაკო ჩარკვიანს ლევან ხაბეიშვილთან და გუბაზ სანიკიძესთან იმისთვის, რომ კარვები დაყარონ. ასე მატროსოვივით „მკერდის გადაღეღვა“ არ „მოსულა“. თუ თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილით აღფრთოვანებულია, ელაპარაკოს ხაბეიშვილს. საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ ცალკე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამოუკიდებელი პროცესი შექმნას, მიუხედავ იმისა თუ რას იზამს „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძე. ოღონდ, თაკო ჩარკვიანი ჩემთვის არის ქალი, რომელიც ბინძური ჭორების მოგონებაზე უკან არ იხევს“, -ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ თაკო ჩარკვიანის მოწოდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ქუჩაში მოსახლეობას ვერ გამოიყვანს და ამის მცდელობა უკვე არაერთხელ ჰქონდა. საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციას იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ უკვე ქუჩაში გამოყვანილი ხალხის მართვა და პროცესების სათავეში მოქცევა შეეძლოს. ამის ნათელი მაგალითი 7-8 მარტის აქციები იყო.

„ჩვენი მოსახლეობა ასე ადვილად პოლიტიკოსების დაძახილზე ქუჩაში აღარ გამოდის. ახლა მისთვის სტაბილურობა და სიმშვიდე ფასდაუდებელია, მით უმეტეს, როცა ოპოზიციის მხრიდან გაისმის რადიკალური მოწოდებები. თავად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეც კი თავს იკავებს ქუჩაში გამოსვლისგან. ჩვენს მოსახლეობას წარსულში რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლებების მიმართ ცუდი გამოცდილება აქვს. მათ კარგად იციან, რომ ამ გზით აღებული ძალაუფლება ქვეყანას და ხალხს კარგს არაფერს მოუტანს. მით უმეტეს ევროპულ გზაზე თუ მივდივართ, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ოპოზიციის მიმართ ნდობა არ აქვთ. პოლიტიკოსები მხოლოდ საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ, თუმცა იმ პრობლემებს როგორ მოაგვარებენ, რომელიც ხალხს აწუხებს, ამაზე არ საუბრობენ. ხალხი კი ფიქრობს, მაშინ დავტოვებ კვლავ იმას, ვინც მეტ - ნაკლებად ქვეყნის მართვა მაინც იცის და მშვიდად მაინც ვცხოვრობ. ეგ კი არა, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ უკვე ქუჩაში გამოსული ხალხის მართვაც კი არ შეუძლია. მარტის აქციები ამის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, როცა ხალხმა გიორგი ვაშაძე აქციიდან გააძევა“, - ამბობს საყვარელიძე.

მედია ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ არჩევნები ოპოზიციამ რევოლუციური განწყობებისთვის არ უნდა გამოიყენოს, ამისთვის არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებაა საჭირო. ახვლედიანი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციას თუკი 2020 წლის მსგავსად, არ ექნება არც ერთი იმის მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა, ისინი ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებენ, მანამდე ხომ საუბარიც ზედმეტია.

„რევოლუცია ასე არ ხდება, იმას თავისი საფუძველი, მიზეზი თუ არა აქვს, საზოგადოება გიჟი კი არ არის უმიზეზოდ ქუჩაში გამოვარდეს და კომბლები იქნიოს. როცა მოსახლეობა არ ხედავს ამის ალბათობას და ქვეყანაში არ ხდება იმ დონის უსამართლობა, რაც თუნდაც სააკაშვილის დროს ხდებოდა, ქუჩაში არავინ გამოვა. ჩვენს ხალხს სურს მშვიდობიანი განვითარება. ქართველმა ხალხმა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფასა ის მშვიდობა და სტაბლურობა, რაც დღეს ქვეყანაში არის.

ამიტომ დესტაბილიზაცია და გარეთ გამოვარდნა არავის უნდა, მით უმეტეს ამ ოპოზიციას არავინ ენდობა. ამიტომ ყველას უნდა გავახსებოთ, რომ 2020 და 2021 წელი იყო იმის საუკეთესო მაგალითი, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების ერთი ფაქტიც კი არ ჰქონდა. ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ არჩევნები გაყალბებულია და არიქა, ქუჩაში გამოდითო. ელექტრონულ არჩევნებზე დასრულდება იმაზე სპეკულაცია, რომ არჩევნები დათვლის დროს ყალბდებოდა“,-ამბობს ახვლედიანი.

ლაზი რევოლუციას ახდენს ტოტალური უკიდურესი გაჭირვება, როცა მასებს დასაკარგავი არაფერი აქვთ.
კანვასის დატრენინგებულ და სოროსის გამოჩეკილ, მოტყუებულ ახალგაზრდებს რევოლუციის მოწყობა არ შეუძლიათ. ყველაზე დიდი "საქმე", მათგან არეულობა და პოლიციის მანქანების დაწვაა. ასეთები იქნება და კიდევ უფრო მწვავე ფორმებით.
მსოფლიოში მოდებული რევოლუციების ეპიდემია, სწორედ ტოტალური გაჭირვების შესუსტებამ გამოიწვია. კაპიტალიზმმა ჭკუა ისწავლა 1917 წლის მაგალითზე და მასებს კუჭის პრობლემა შეურბილა. ეს საკმარისი აღმოჩნდა მათ დასაწყნარებლად.
საქართველოში ტოტალური გაჭირვების მითი უკვე დანგრეულია. არ არსებობს და იმიტომ. ვისაც მართლა უჭირს და დასაკარგავი არაფერი აქვს, სიმცირის გამო ძალა არა აქვთ. არც დაჩაგრულთა და გამწარებულთა რაოდენობაა კრიტიკულ დონეზე.
აგრესიულ რევანშისტებსაც იგივე ძალის უკმარისობის პრობლემა აქვთ. თავისი ძველი იდეური მომხრეებიც კი არ მიყვებიან ქუჩაში. არ უღირთ თავის ატკივებად, ანუ დასაკარგავი აქვთ და იმიტომ.
აი, ეს არის დღევანდელი სიტუაციის მთელი ფილოსოფია.
3 თვის უკან