მორიგი სპეცოპერაცია „რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“

მორიგი სპეცოპერაცია „რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“

სააკაშვილის გარემოცვა და მისი უცხოელი მფარველები არ წყვეტენ სააკაშვილის საქართველოდან გაყვანის მცდელობებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სავარაუდოდ, უშედეგოდ დასრულდება მეორე მცდელობაც, რომელშიც ამჯერად მთავარ როლის შემსრულებლად გავლენიანი ორგანიზაცია - წამების და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპის კომიტეტი (CPT) მოგვევლინა. 2023 წლის 25-27 მარტში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შედეგები, კომისიამ 2024 წლის იანვარში გამოაქვეყნა.

კომისიის ანგარიშში მთავარი ადგილი მიხეილ სააკაშვილს ეთმობა, რომელიც კომისიამ „VivaMedi Clinic“-ში მოინახულა და ის მოხსენებულია როგორც „პაციენტ“-ს. კომიტეტის ანგარიშში სიტუაცია ისეა წარმოჩენილი, თითქოს საქართველოში ის არასათანადო პირობებში იმყოფება, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სიტუაციის ირონია იმაშია, რომ სწორედ ეს არის ის მთავარი თეზისი, რაზედაც აგებულია სააკაშვილის გათავისუფლების მილიონებად ღირებული კამპანია, რომლიც მიზანიც სააკაშვილის საქართველოდან გაყვანა იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ვერ იპოვა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძვლები, წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს, რომ იტყვიან, ფასი დაუვარდა. თუმცა, არსებობს ალბათობა, რომ ისინი, ვინც სააკაშვილის პოლიტიკური რეანიმირებისთვის იბრძვიან, ბოლომდე შეეცდებიან ამ ანგარიშიდან ყველა პოლიტიკური და პროპაგანდისტული საშუალება გამოწურონ.

აღნიშნული ანგარიში არაერთ ისეთ პასაჟს შეიცავს, რომელიც ერთი მხრივ, ღიმილის, მეორე მხრივ კი სევდის მომგვრელი უნდა იყოს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისათვის. ალბათ, ღირს ამ დოკუმენტის რამდენიმე „მარგალიტი“ გავაცნოთ მკითხველს, რომლის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რამხელა ნაპრალია ქართულ და ევროპულ ხედვებსა და აღქმებს შორის.

მაგალითად, ევროპელებს არ მოეწონათ, რომ კლინიკა „ვივამედის“ მე-5 სართულზე, სადაც სააკაშვილის განთავსებული, უსაფრთხოების მოსაზრებები ჭარბობდა სამედიცინო მოსაზრებებს, ხოლო სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლები (ზოგიერთი სამოქალაქო ტანსაცმელში, ზოგი კი ფორმაში ხილვადად ატარებდა იარაღს და ხელბორკილებს). ამავე დროს, იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს ჰქონდა წვდომა ყველა ძირითად სამედიცინო რესურსებზე. უსაფრთხოების ზომებისადმი მსგავსი დამოკიდებულება, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, როდესაც არაერთხელ იქნა გაცხადებული სააკაშვილის ძალის გამოყენებით დახსნის მცდელობა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, უფრო მძიმედ კი - არაკეთილსინდისიერი. ფაქტობრივად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს უსაფრთხოების ზომების მინიმუმამდე დაყვანას, რამაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს და ვის მოსთხოვენ პასუხს თუ ასეთი შედეგები დადგა?

იგივე კონტექსტში გადის წამების პრევენციის კომიტეტის პრეტენზები სათვალთვალო კამერებთან, სააკაშვილის სიმარტოვესთან და გარეთ გასეირნებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ის, რომ სააკაშვილმა თავად მოისურვა მარტოობა და უარი თქვა გარეთ გასეირნებაზე, კარგად მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინია, რომ პალატის კედლებს გარეთ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ისე დაცული, როგორც ციხის ტერიტორია, მის სიცოცხლეს შეიძლება რეალური საფრთხე დაემუქროს. სწორედ სათვალთვალო კამერებია ერთ-ერთი საშუალება, იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საფრთხეები და თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, არ ცხრება დაინტერესებული მხარეებისგან. თუ რატომ უყურებს წამების პრევენციის კომიტეტი „ვარდისფერი სათვალეებით“ უსაფრთხოების საკითხებს სააკაშვილის შემთხვევაში, კიდევ გასარკვევია.

კომიტეტის მიერ განმეორებითი აქცენტირება სიტუაციის „რეპრესიულობაზე“ რომელიც „ხელს არ უწყობს მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, აშკარად ცდილობს, ახალი სტიმული მისცეს პატიმრობიდან სააკაშვილის გათავისუფლების მინავლებულ კამპანიას.

სხვათა შორის, FARA-ს ანგარიშები, საიდანაც ყველამ გაიგო, თუ როგორ იქმნებოდა მითები „მომაკვდავი სააკაშვილის“ შესახებ ავტორიტეტული „ექიმების“ მიერ, რა დონის შეღწევადობა აქვთ სააკაშვილის ლობისტებს ევროპულ სტრუქტურებში (ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის ტექსტის თავსმოხვევა!), გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „რიგითი სააკაშვილის გადარჩენის“ მორიგი სპეცოპერაციის მცდელობასთან.