„ამერიკის შიდა დაპირისპირება, უკვე მსოფლიოზე მოქმედებს და უკრაინის დამარცხება მათ სინდისზე იქნება, რაც ცუდად იმოქმედებს, ევროპაზე, ნატოზე და თავად ამერიკაზე“

„ამერიკის შიდა დაპირისპირება, უკვე მსოფლიოზე მოქმედებს და უკრაინის დამარცხება მათ სინდისზე იქნება, რაც ცუდად იმოქმედებს, ევროპაზე, ნატოზე და თავად ამერიკაზე“

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები კი ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული და მხოლოდ ამ ფორმით დათანხმდებიან მის მიღებას.

რამდენიმე კვირაა, სენატის მომლაპარაკებელთა ორპარტიული ჯგუფი მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას და უკრაინის გადაუდებელი საჭიროებებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ცდილობს. მოლაპარაკებებმა $110-მილიარდიან პაკეტზე გასულ კვირას შედეგი ისევ ვერ გამოიღო, რადგან სენატორებმა განაცხადეს, რომ მათ შორის კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა.

ამ თემაზე for-სთან სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საუბრობს და ინტერვიუში ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე უპირატესობა უკვე ერთი თვეა რუსების ხელშია. ამიტომ თუკი უკრაინელების დახმარება დროზე არ მოხდა, რუსების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, თუკი კონგრესი იანვრის ბოლომდე ამერიკისთვის დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებს, სიტუაცია შესაძლოა დრამატულად განვითარდეს და უკრაინამ ეს ომი სულ რამდენიმე დღეში წააგოს. ამის საშიშროება რამდენად რეალურია?

- ნებისმიერ ომს „დიდი მუცელი“ აქვს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ყოველ დღე „ჭამა“ უნდა. აქ საუბარია სახარჯი მასალის მომარაგებაზე, იგივე ჭურვები, ვაზნები, ბომბები, ნაღმები და ა.შ. ასევე საწვავით მომარაგება და, რა თქმა უნდა, ახალი ტექნიკის მიწოდება, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა და აფეთქდა. მუდმივად კვება უნდა ფრონტის ხაზს, ამიტომ თუკი უკრაინას ის დახმარება შეუწყდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა დასავლეთიდან, საქმე ძალიან გართულდება. რასაც ფრონტის ხაზზე უკრაინა იყენებს, განსაკუთრებით დასავლური წარმოების საბრძოლო მასალა, ვაზნები, ჭურვები, რა თქმა უნდა, დასავლეთმა უნდა მიწოდოს, რადგან უკრაინაში არ იწარმოება. ეს პრობლემა უკვე არსებობს და კიდევ უფრო გაღრმავდება თუ ამერიკამ და იგივე ევროპამაც, დახმარების მოცულობა თუ არ მოუმატა.

ბოლოს ამერიკამ უკრაინას დახმარება როდის მიაწოდა და რამდენად რთულად არის საქმე?

- ამერიკამ უკრაინას ბოლო დახმარება ახალი წლის წინა დღეს მიაწოდა. დაახლოებით, 200 მილიონი იყო. ეს არაფერია იმასთან, რა რაოდენობის თავდასხმასაც რუსეთი ახორციელებს. როცა ფრონტზე გესვრიან, შენც ხომ ანალოგიური პასუხი უნდა გასცე. ამერიკას კი შეუძლია დახმარების გაწევა, მაგრამ კონგრესის გარეშე ვერ შეძლებს. კონგრესის რესპუბლიკელი წევრები ტრამპის წინასაარჩევნო პროცესში არიან უკვე ჩართულები. ამიტომ ბაიდენის ხელისუფლებას არ აძლევენ საშუალებას ფრონტის ხაზზე უკრაინას დროული დახმარება გაუწიონ. ამერიკის ეს შიდა დაპირისპირება, რეალურად, უკვე მსოფლიოზე მოქმედებს. უკრაინის დამარცხება მაშინ მათ სინდისზე იქნება, ეს კი ცუდად იმოქმედებს, ევროპაზე, ნატოზე და თავად ამერიკაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ რიგში, დაკარგავენ მსოფლიოში მომხრეებს, რომლებიც აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ამერიკას სხვების დაცვა შეეძლო. თუ რუსეთის აგრესიამ გაიმარჯვა უკრაინაზე, მაშინ სხვა აგრესორებიც დაიწყებენ სამხედრო მოქმედებებს საკუთარი მიზნების მისაღწევად.

შესაძლოა რუსეთი სწორედ ამას ელოდებოდეს და ის პარალელურად კონტრშეტევისთვის ემზადებოდეს? ბოლო დროს, რუსეთი ფრონტის ხაზზე ტაქტიკურ უპირატესობას ფლობს. საუბარია იმაზეც, რომ ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან სამხედრო დახმარება მიიღო და არსებობს მოლოდინი, რომ კრემლი შეტევას სამხრეთ უკრაინის ფორონტზე დაიწყებს. თქვენ რამდენად ფიქრობთ, რომ რუსეთი ამ ფაქტს კონტრშეტევის დასაწყებად გამოიყენებს?

- სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით, რადგან რუსეთი ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივას უკვე ერთი თვეა რაც ინარჩუნებს. ისინი ფრონტის ხაზზე 5 მიმართულებიდან შეტევებს ისედაც აწარმოებენ. ეს არის ჩრდილოეთით, სატოვოსთან, ბახმუტთან, ავდიევკასთან, გრობოტინოსთან და გრინკეისთან, უშუალოდ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც უკრაინულ დესანტს პლაცდარმი აქვს აღებული. ეს შეტევები რუსეთის მხრიდან, ისედაც მიმდინარეობს. თუმცა უკრაინას თავდაცვითი ზღუდეები ჯერ უჭირავს. რაც შეეხება იმას, ისარგებელბს თუ არა ამერიკიდან დაგვიანებული დახმარებით, რა თქმა უნდა, ამას ეცდება.

ამ ეტაპზე იმხელა ძალა მაინც არა აქვს, რომ მთლიან ფრონტზე გენერალური შეტევით გადავიდეს, თუმცა ეტყობა, რომ ემზადება. თქვენ ბრძანეთ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე დახმარებაზე. დიახ, ასეა და მათი მხრიდან ჭურვების და რაკეტების მიწოდებამ რუსეთს ხელი შეუწყო. თავად არ ჰქონდა რესურსი წარმოების და ეს მისთვის დიდი დახმარება აღმოჩნდა. ასევე ირანიდან მიწოდებული უპილოტო დრონი კამიკაძე შაჰიდები. თუკი უკრაინას დასავლეთი ეხმარებოდა, რუსეთმა დამხმარედ ირანი და ჩრდილო კორეა გამოძებნა. სიტუაცია მარტივი არ არის.

ბოლო დროს სიტუაცია უკრაინის გენერალიტეტსა და პრეზიდენტ ზელენსკს შორისაც დაძაბულია. საუბარია მობილიზაციის გამოცხადებაზე და სამხედროების მოთხოვნაზე, რომ ჯარში გაწვევის ასაკმა 25-დან 18 წლამდე დაიწიოს. ჯარს როტაცია და დასვენება სჭირდება, ახდენს ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე ესეც გავლენას და რა სახით?

- ომის დასაწყისში უკრაინამ პირდპირ განაცხადა - ჯარი ჩემი, პირადი შემადგენლობა და იარაღი თქვენიო. ომის უკვე მეორე წელი მიდის და უკრაინის ჯარში დანაკარგები დიდია. რუსეთს ბევრად მეტი აქვს, მაგრამ უკრაინისთვის რა დანაკარგიც არის, ეს ძალიან დიდია. ამის შემხედვარე უკრაინის ჯარში მობილიზაცია ჭირს. ადამიანები, ვინც სამობილიზაციო ასაკს ექვემდებარებიან, მათი უმეტესობა ქვეყნიდან გასვლას ცდილობს. ვინც გადარჩა და ცოცხალია, ისინი კიდევ ფრონტის ხაზზე ომის დაწყებიდან იბრძვიან. რა თქმა უნდა, მათაც სჭირდებათ დასვენება და როტაცია. ფრონტის ხაზზე ყოფნა ურთულესია და მათ დასვენება უნდათ.

პოლიტიკური თვალსაზრისითაც, უკრაინაში სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ზელენსკის გაუჩნდა ოპოზიცია და მასთან დაპირისპირებულია მისივე ყოფილი მრჩეველი არესტოვიჩი, ასევე საუბარია იმაზე, რომ თავდაცვის მინისტრი ვალერი ზალუჟნიც მოიაზრება საპრეზიტენტო კანდიდატად. ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ამ წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნები ომის გამო არ ჩატარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა და ზელენსკის ხელახალი ლეგიტიმაცია?

- ახლა უკრაინა, როცა ამხელა ომში იმყოფება, იქ დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება ძალიან რთული იქნება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საუბარია არა მარტო ფრონტისპირა ქალაქებსა და სოფლებზე, არამედ ქვეყნის სიღრმეშიც კი, რომელიც რუსეთის მიერ იბომბება. ხალხის მასობრივი შეკრება არჩევნების დროს, ესეც წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, დიდი საფრთხის მატარებელია. გარდა ამისა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაა ოკუპირებული, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა, აქაც არჩევნების ჩატარება ძნელია. ბევრი კი უკმაყოფილოა ზელენსკის ხელისუფლების, რადგან საკადრო პოლიტიკა პრეზიდენტის ბევრისთვის მიუღებელია. ასევე კორუფციის ფაქტები, რომელიც ჯარისთვის, საკვების, ტანსაცმლის და იარაღის შესყიდვას ეხება. ჩნდება კორუფციული გარიგებების ფაქტები. თუმცა იდიალურ მთავრეობას უკრაინა მაინც ვერ დანიშნავს, რადგან ომია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს წელი იყოს უკრაინის ომისთვის გადამწყვეტი და ის რუსეთთან იძულებული გახდება მოლაპარაკებაზე წავიდეს?

- არაფერია გამორიცხული, რადგან ამ ომს დასასრული უნდა ჰქონდეს. თუმცა, ომის დროს ყველა მხარე ცდილობს, რომ მოლაპარაკების მომენტისთვის უკეთესი პოზიციები ჰქონდეს, მეტ საბრძოლო ინიციატივას ფლობდეს, მეტი ტერიტორია ჰქონდეს დაკავებული, რომ მოლაპარაკების პირობებს თავად კარნახობდეს. ამ ეტაპზე უკრაინას სიტუაცია მთლად სახარბიელო ვერ აქვს, ხოლო დასავლეთიდან თუ დახმარება არ მიეწოდა, შესაძლოა უარესიც გახდეს.

trampi 2025 დიდი ამბები იქნება..... დიდი ამბები ........თუ მანამდე არა
3 თვის უკან