„ტერორისტების მთავარი მიზანი დეზინფორმაციის მიწოდებაა, რომ სპეცსამსახურების ყურადღება გადაიტანონ, ბრეივიკმაც ტერაქტამდე რამდენიმე ავტმობილი ააფეთქა“

„ტერორისტების მთავარი მიზანი დეზინფორმაციის მიწოდებაა, რომ სპეცსამსახურების ყურადღება გადაიტანონ, ბრეივიკმაც ტერაქტამდე რამდენიმე ავტმობილი ააფეთქა“

ვინ ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დაშინებას და შანტაჟს? - სუს-ის ინფორმაციით, აფეთქებების მუქარის შესახებ ზარი საქართველოში უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. ახლა ქართული სპეცსამსახური ცდილობს დაადგინოს, ვინ დარეკა, საიდან და რატომ გადაწყვიტეს, საქართველოს მოქალაქეების დაშინება.

განგაში ჯერ ბათუმში გამოცხადდა, სადაც რამდენიმე ობიექტი სპეცრაზმის ალყაში იყო და ბომბს ეძებდნენ. ორ საათში კი საგანგებო ზომები ამოქმედდა თბილისშიც, სამთავრობო კვარტალში. სპეცსამსახურები ამ დრომდე არ ამბობენ, აქვს თუ არა კავშირი აჭარის აფეთქებების მუქარას დედაქალაქთან.

სამი საათის განმავლობაში, სრულად ჩაიკეტა სამთავრობო კვარტალი, პოლიციელების ალყაში იყო ცხრა აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების კვეთა. მოქალაქეებს გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ. სამართალდამცველები ეუბნებოდნენ, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის ხდებოდა.

ვინ დაგეგმა ხალხის დაშინება? - არ არის გამორიცხული, კვალი რუსეთამდე მივიდეს, რადგან 21 იანვარს ჩატარებული ოპერაციის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთ „ტელეგრამ-არხზე“ გამოქვეყნებული მუქარის შემცველი პოსტები, რომელთა ავტორიც ირწმუნებოდა, რომ ჰქონდა უკანონოდ შეძენილი იარაღი, ასევე ფეთქებადი ნივთიერებები და ბათუმში გარკვეულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა. „ტელეგრამ-არხზე“ მუქარა რუსულ ენაზე გამოქვეყნდა, რომელიც უკვე აღარ იძებნება.

21 იანვარს ბათუმში ოთხ სავაჭრო ცენტრში, „მეტრო სითიში“, „გრანდ მოლში“, „ბათუმი პლაზასა“ და „ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. 20 იანვარს კი, შეტყობინების მიღების გამო გამნაღმველები ბათუმის აეროპორტში მუშაობდნენ.

სუს-ის ცნობით, შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედანაა განხორციელებული.

„ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს. შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ აღნიშნული შეტყობინებების გაშიფრვა და ანალიზი უნდა მოხდეს, რათა ბევრი ვერსია იქნას დამუშავებული და თუკი არსებობს რაიმე რეალური საფრთხე, მისი პრევენცია მოხდეს. ბერიძე ფიქრობს, რომ არ შეიძლება ახლა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მიეცეს და უსაფრთხოების სამსახურებს მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ.

„ძალიან რთულია ასეთ დროს დაადგინო საიდან ვინ მოქმედებს. როგორც წესი, ასეთი შეტყობინებების ავტორები კარგად ორგანიზებული და შენიღბული ჯგუფია, რომელთაც კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ. მე ნაკლებად ვუკავშირებ ამას პოლიტიკურს და ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის შიგნიდან არ მოდის და უფრო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერაა. ყველაზე მეტად კი ქართველი ხალხის დაშინებით და შანტაჟით რუსეთია დაინტერესებული. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ და მივცეთ საშუალება სპეცსამსახურებს იმუშავონ. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთს შესწევს იმის ძალა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია ან სხვა დივერსიები მოაწყოს. შესაძლოა, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ტერორი იყოს, რომლის მიზანიც, ღმერთმა არ ქნას, უფრო მძიმე იყოს. ამიტომ ძალიან დიდი ანალიზი და რესურსი სჭირდება ამ ყველაფერს. მხოლოდ ბავშვების რაღაცა გართობა არ არის ეს და ამის უკან ორგანიზებული ჯგუფი დგას. შესაძლოა, ეს ასევე ეთნიკურ ნიადაგზე ქართველებს და რუსებს შორის დაპირისპირების მცდელობაც იყოს, რომლიდანაც ვიღაცას ხელის მოთბობა უნდა. ამიტომ პოლიტიკა გვერდით არის გადასადები და მეტი დაკვირვებაა საჭირო“, - აცხადებს ბერიძე.

უსაფრთხოების სპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი ზარები რამდენიმე წლის წინაც იყო და ეს უფრო ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობაა. ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ აქ შესაძლოა, რამდენიმე ვერსია განვიხილოთ.

„მე რასაც ყურადღება მივაქციე, ეს უფრო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის ხდება. აქ უკვე საკმაოდ რთულია განვსაზღვროთ, ეს ვის ინტერესებში შედის. აქ ვერსიები შესაძლოა, ბევრი იყოს. არაა გამორიცხული, ეს ემსახურებოდეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რაღაცა ინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა გავიდეს ჩვენი სპეცსამსახური, რომ მთავარი ვერსია გამოიკვეთოს და დაკონკრეტდეს რას ემსახურება ეს.

აქ ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს, რადგან ამის დადგენა ხშირად რთულია. ვხედავთ, რომ მეორე და მესამე პირებს არეკინებენ და ამით რეალურად კვალს შლიან. ამიტომ დადგენა რთულია, გინდა თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ეს დაკავშირებულია უამრავ, არა მარტო ფინანსურ, ასევე ადამიანურ რესურსთან. ეს, ასევე, დაკავშირებულია ყურადღების გადატანასთანაც. ამიტომ, ზოგადად, ტერორისტების მოქმედების მთავარი მიზანი დეზინფორმაციის მიწოდებაა. ამით კი ტყუილი სამიზნის გამოყენება და სპეცსამსახურების ყურადღების გადატანა მოუხდენიათ. ასეთ ცრუ კვალზე დაყენების მეთოდი ხშირია და ამის არაერთი მაგალითი არსებობს“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, ბრეივიკმა ნორვეგიაში სწორედ მსგავსი მანევრი გააკეთა, როდესაც ძირითად ტერაქტამდე ოსლოში რამდენიმე ავტმობილის აფეთქება მოაწყო და მთელი საპოლიციო ძალები სრულიად სხვა მიმართულებით იყო გადატანილი. მან კი ასეთი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.

„ეს ერთი შეხედვით, შესაძლოა, საყმაწვილო გართობად მოგვევლინოს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ყურადღება სჭირდება. ამას კარგი ანალიზი და ანალიტიკა უნდა. ამ დროს კი ჩვენც სამხელმწიფოებრივი მიდგომა უნდა გამოვიჩინოთ და ჩვენს ძალოვან უწყებებს დავეხმაროთ. აქ ყოველთვის უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ ის, ვის ინტერესებშია საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს ხელისუფლებაზე რაღაცა ზეწოლის ბერკეტი ჰქონდეს, იგივე, რაც ხდება სამაჩაბლოსთან მიმართებაში - ხელისუფლების მუდმივი დაშანტაჟება, თუნდაც ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცების.

ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ რუსეთის მხრიდან ეს ახალი შანტაჟის და დაშინების ბერკეტი იყოს. გარკვეულწილად, რუსეთი იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მას საქართველოზე გავლენა და ზეწოლის ბერკეტი კვლავ აქვს. სამწუხაროდ, რუსების რაოდენობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა, შესაძლოა, მეხუთე კოლონად იქცეს. ამიტომ სპეცსამსახურები ამ მიმართულებით ძალიან მობილიზებულები უნდა იყვნენ“, - ამბობს ალადაშვილი.