„როგორ შეიძლება აქციები ჩაატარო იმ მიზეზით, რომ „დარწმუნებული ხარ“ ხვალ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს?!“

„როგორ შეიძლება აქციები ჩაატარო იმ მიზეზით, რომ „დარწმუნებული ხარ“ ხვალ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს?!“

ხელისუფლება ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში 60%-ს აიღებენ, ოპოზიციას კი უჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამიტომ წინმსწრებად საპროტესო აქციების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

„დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ოპოზიციას „ხელმოცარული“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი „უსუსური მცდელობაა, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ვის რა წარსული აქვს“.

მისი თქმით, „არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, დღეს არსებობს მხოლოდ ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე, ლუზერების ძალა, რომელთა მცდელობებიც მმართველი პარტიისთვის უინტერესოა“.

ის, რომ „ოცნება“ 60%-ს აიღებს, ამის არ სჯერა ოპოზიციას. მაგალითად, დეპუტატი არმაზ ახველდიანი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო პარტია ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის და ამავე დროს „არჩევნები ჯიბეში აქვს ჩადებული“, ხელისუფლების შეცვლისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება და ეს არის პროტესტი სხვაგვარად.

კითხვაზე, პროტესტი როდის უნდა მოხდეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ახვლედიანი პასუხობს: „რა თქმა უნდა, არჩევნებამდე“.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რას ნიშნავს ამ მოცემულობით არჩევნებისკენ წასვლა. ეს არის წყლის ნაყვა. ამ პროტესტში, მხოლოდ, ქუჩის პროტესტი არ მიგულისხმია, თუმცა ეს არის შესანიშნავი ფორმა. ასე რომ, ოპოზიციის ნაწილში გამოსავალი ის არის, რომ ოპოზიცია გადაეწყოს ახალ რელსებზე“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი მილევის პროცესში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამით აიხსნება მისი თავდასხმა ოპოზიციაზე.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ „60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მით უმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია“, - აღნიშნა მან.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ამით თავის თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებს.

ანლიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილს რომ არ ეთქვა 60%-ს ავიღებთო, მაშინ ოპოზიცია მშვიდად იქნებოდა?! მისი თქმით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ხელისუფლება ნამდვილად მოუგებს ოპოზიციას და პარლამნეტში მხოლოდ ორი პარტია „ოცნება“ და „ნაციონალები“ შევლენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ შეძლებს მაქსიმუმ 40%-ამდე ხმების აღებას. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ის ხელისუფლებაში კვლავ 76 მანდატით, ანუ უმრავლესობით მოვიდეს.

„5%-იან ბარიერს ნაციონალების გარდა, ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს. „ოცნების“ მხარდამჭერები დღეს 35-დან მაქსიმუმ 40%-მდე არიან. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, ეს სიტუაცია პროცენტებში გადაიყვანოს. პროცენტულად ხელისუფლება მიიღებს, ნაკლებს, მაგრამ თუ ასეთ ვითარებაში იქნება ოპოზიცია, ის უმრავლესობით მოსვლას მაინც შეძლებს. პრემიერის ეს განცხადება ემყარება იმას, რომ დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც 5%-ს ვერ გადალახავს და გარეთ დარჩება, ეს ხმები გადავა მათ ყულაბაში. ან ისევ გადანაწილდება ხელისუფლებაზე და ნაციონალებზე მოხდება“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან აქციებზე საუბარს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ წარმოუდგენელია ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და უკვე ისაუბროს იმაზე, რომ ის გაყალბდა, თანაც წინმსწრებად აქციები მოაწყო.

„ოპოზიციის ქცევა მაგონებს მოლასა და ბავშვის ამბავს, რომელმაც ის წყალზე გააგზავნა და წინასწარ სცემა, რათა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვი კოკას გატეხავდა. როგორ შეიძლება აქციები ჩაატარო იმაზე, რომ დარწმუნებული ხარ, ხვალ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა ვითარებაა, ზოგადად, ქვეყანაში?! „ოცნება“ მუდმივად მუშაობს ორ ფორმულაზე, რომ ქვეეყანაში არის სტაბილურობა და არ გვინდა არეულობა და ომი. სწორია ეს თუ არასწორი, ორივე ეს მესიჯი მოსახლეობისთვის მისაღებია და სჯერათ ხელისუფლების ამ ნათქვამის. როდესაც ოპოზიცია წინასწარ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს ვიწყებ, ეს პირდაპირ „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა. ისედაც ოპოზიციას ეძახიან, რომ ომის პარტიაა, არეულობა უნდა და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ წარმატება ექნება თუ არა აქციებს, ყველამ კარგად ვიცით, რომ აქცია მაშინ არის წარმატებული, თუ მას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა. მოსახლეობამ თუ ირწმუნა არჩევნების გაყალბება, მაშინ აქციები წარმატებული იქნება, მაგრამ თუ არ ირწმუნა, მაშინ აზრი არა აქვს ასეთი საპროტესტო აქციების გამართვას. ის დამთავრედბა ისე, როგორც დამთავრდა 2020 წლის არჩევნების დროს. ოპოზიციას თუ აქციები უნდა, ეს უნდა იყოს საარჩევნო და არა საპროტესტო. აჩვენონ თუ აქვთ ამის თავი, რამხელა მხარდაჭერა აქვთ საზოგდოებაში. თუ არა აქვთ, მაშინ აქციაზე მისული ცოტა ხალხი მით უფრო ცუდია, რადგან ამას ხელისუფლება ისევ სათავისოდ გამოიყენებს“, - ამბობს ძაბირაძე.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ 2024 წელს თუ ვინმე მომზადებული და ამომრჩეველთან პირნათელია, ეს არის „ქართული ოცნება“. for.ge-სთან საუბრისას ბოჟაძე  ამბობს, რომ 2020 წელს ხელისუფლებას სარჩევნო პროგრამაში ეწერა - კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირისთვის უნდა მიემართა. ახლა კი ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ ხელისუფლებამ შეძლო და სტატუსი უკვე ჩვენია. ამიტომ ბოჟაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ დაპირებები შეასრულა და გასაკვირი არ არის, რომ ამ წლის არჩევნებს მოიგებს.

„ოცნებას“ იმის შიში არ აქვს, რომ ხელისფლებაში კვლავ უმრავლესობით მოსვლაზე ისაუბრობს. პირიქით, სწორება არის საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ხელისუფლება მომავალი 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი მანდატით აპირებს საზოგადოების წინაშე წარდგენას. ეს კი საშუალებას მისცემს „ოცნებას“ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ჩვენს პარტნიორებთან და მოსახლეობასთან მიმართებაში გვაქვს. არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და დაბრუნდა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ. ეს კი პარტიისთვის დამატებით რეიტინგი და მხარდაჭერაა“, - ამბობს ბოჟაძე.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მდგომარეობას, მისი თქმით, სამწუხაროდ, ძალიან მარგინალიზებულია, მით უმეტეს - „ნაციონალური მოძრაობა“.

„ხომ უკვე სასაცილოა, როცა ხელისუფლების მთავარი კონკურენტი ენმ-ია ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით. სამწუხაროდ, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ხოლო მასზე ზემოთ რამდენს აიღებენ, ეს უკვე ხაბეიშვილზე, ვაშაძეზეა დამოკიდებული. ამიტომაც საუბრობენ ოპოზიციაში გაურკვეველ კოალიციებზე.

ჩვენ რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ და კონსტიტუციური უმრავლესობით მთავრობას ჩამოვაყალიბებთ, ეს ოპოზიცია რა კოალიციაზე საუბრობს, საინტერესოა. ბარიერის გადალახვაზე საუბრობს „ლელო“, რომელმაც 2020 წელს 60 ათასი ხმა აიღო 2021 წელს, 12 თვეში კი 47 ათასი ხმა. ანუ ერთ წელში ამ ხალხმა 13 ათასი ხმა დაკარგა. თანაც ეს თითოეული ხმა ამ პარტიას ყველაზე ძვირი დაუჯდა. ასე რომ, რატომ უკვირს ოპოზიციას, როცა ხელისუფლება უმრავლესობით მოსავლაზე საბრობს, ეს ხომ ისედაც ცხადია“, - ამბობს ბოჟაძე.