„ადეიშვილს წაღებული აქვს „ნაცმოძრაობის“ ელიტის პირადი კომპრომატები და ამიტომ ვერ სცილდებიან ისინი ქართულ პოლიტიკას და ვერ იხსნიან ბორკილებს“

„ადეიშვილს წაღებული აქვს „ნაცმოძრაობის“ ელიტის პირადი კომპრომატები და ამიტომ ვერ სცილდებიან ისინი ქართულ პოლიტიკას და ვერ იხსნიან ბორკილებს“

მთელი ამ წლების განმავლობაში „ნაციონალებისგან“ გაწამებული ადამიანები ელოდნენ, როდის მიუჩენდა ისტორია „ნაცებს“ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე და ყველაზე უტყუარი მსაჯული - დრო როგორ განაჩენს გამოუტანდა ჯალათთა პარტიას. დღემდე, „ნაცები“ ხან იშლებიან, ხან ერთდებიან, ხან სულს ღაფავენ, ხან ერთმანეთს ემტერებიან და ურთიერთს ჭამენ, ამის მიუხედავად, მაინც ყოფნით გამბედაობა, ყოველ არჩევნებზე საკუთარი თავი შესთავაზონ ამომრჩეველს წარსულის გადაფასებისა და მონანიების გარეშე.

რა მოხდება 2024 წელს, „ნაცები“ კვლავ შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ მიხვდებიან, რომ წლების განმავლობაში წარუმატებელი იყო მათი ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად და დაკავდებიან სხვა საქმით, თუნდაც მემუარების წერით, რადგან პოლიტიკა მათი საქმე არ არის?!

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ინტერესდება, სად არიან ყველაზე ცნობადი ადამიანები, თუნდაც ბოკერია და სხვები? მათი დიდი ნაწილი რატომ არ ჩანს, ან იშვიათად ჩნდება? ფაქტია, ყველა მათგანი მდიდარია, პრაქტიკულად, ყველა მათგანი მილიონერია, თანაც, ახლაც ძალიან მაღალი შემოსავალი აქვთ, მხოლოდ სააკაშვილის დროს კი არ დააგროვეს ფული და მაშინდელ დაგროვილს კი არ ხარჯავენ, არამედ ბიზნესი და წილები დღესაც მშვენივრად აქვთ.

პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ბევრი „ნაცი“ წავიდა აქტიური პოლიტიკიდან, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ პოლიტიკაში, ხან პეტრე ცისკარიშვილს დავინახავთ, ხან გია ბარამიძეს. თუ რატომ ვერ ელევიან ხელმოცარული „ნაცები“ ქართულ პოლიტიკას, ამის შესახებ პეტრე მამრაძეს თავისებური მოსაზრება აქვს. ის იხსენებს, რომ ადეიშვილს პირადად წაღებული აქვს ამ ელიტის ზოგიერთი წევრის შესახებ პირადი კომპრომატები.

„ამიტომ ცალკეული ადამიანები ვერ სცილდებიან ამ კაუჭს, ანუ ქართულ პოლიტიკას და ვერ იხსნიან ბორკილებს. 2008 წელს, შემოდგომაზე, როცა დასტაბილურება ვითარება, მაშინვე საჯაროდ გამოვაცხადე (მანამდე გუნდის შიგნით ვამბობდი), რომ ვტოვებ „ნაციონალების“ სიას, რომლითაც შესული ვიყავი პარლამენტში, თორემ „ნაცმოძრაობის“ პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. იმ პერიოდში ვთქვი, რომ 2008 წლის აგვისტოში მოხდა საშინელება, ნამდვილი ღალატი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ერთმა-ორმა ადამიანმა, დერეფნებში რომ მხვდებოდნენ, ერთგვარი შურით ჩუმად მკითხა, „შენ შეძელი ამ ბორკილების მოხსნა?“ მერე თანდათან სხვებმაც შეძლეს ბორკილების მოხსნა და აღარ ჩანან საერთოდ პოლიტიკაში. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს. როცა ვამბობთ, რომ სააკაშვილმა 2016 წელს 28 ადამიანი გაიყვანა პარლამენტში და მათგან 22 გაექცა, ახლა რომ 36 ადამიანი შეიყვანა პარლამენტში, რამდენია წასული? ნახევარი გაქცეულია. ამიტომ იყო ბიძამისის - თემურ ალასანიას პროექტი და მოთხოვნა, არც ერთი კაცი არ შევიდეს პარლამენტში, ბოიკოტი. ალასანია ეუბნებოდა მიშას, „პარავოზად“ გიყენებენ, შეგყავს ხალხი პარლამენტში, მაგრამ გარბიან და თავის პარტიებს ქმნიან, ამას წერტილი უნდა დაესვასო. ყველას გვახსოვს ალასანიას გეგმა, ხელში ვიღებთ ძალაუფლებას, კომიტეტს ვქმნით, არც ერთი ადამიანი პარლამენტში, გუბაზ სანიკიძე პატაკს აბარებდა, რა თქმა უნდა, მე ბოლო ვიქნები, ვინც პარლამენტში შევაო“, - იხსენებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

ამდენად, მიიჩნევს, რომ ხელმოცარულ „ნაციონალთა“ ნაწილი 2024 წელს მემუარების წერას დაიწყებს, 2024 წელსვე პარლამენტში შეიცვლება სპექტრი, ვიხილავთ გარკვეული სიით შესულებს, მაგრამ რას გააკეთებენ გარეთ დარჩენილები? თუ დაინახავენ, რაც არ უნდა გააკეთონ, პარლამენტში მაინც ვერ ხვდებიან, ჩამოშორდებიან პოლიტიკას, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ დაფინანსების სუნი ტრიალებს, ფული მოდის რომელიღაც წყაროდან, რაზეა ლაპარაკი?! მაშინვე პოლიტიკურად გააქტიურდებიან.

„გაიხსენეთ სააკაშვილის მნიშვნელოვანი საუბარი გიორგი ვაშაძესთან, რომელსაც ეკითხება, „კი, მაგრამ დათო ბაქრაძე რას ამბობს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება?“ ვაშაძე პასუხობს: „დათო ბაქრაძე ამბობს, ფული-ფული, ფული-ფული. მე კი დათოს ვეუბნები, მოდი, რაღაც შედეგი დავდოთ, ხალხს ვაჩვენოთ და მერე ფულიც გაჩნდება და სხვა რამეც-თქო“. ფულის სუნი თუ დატრიალდა, ადვილი წარმოსადგენია, „ნაცებიც“ როგორ დატრიალდებიან. ასე რომ, „ნაცების“ გააქტიურება დამოკიდებულია იმ სტიმულებზე, რაც შეიძლება იყოს მომავალში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მემუარების წერით არასდროს დაკავდება, რადგან ესენი არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, ხოლო მეხუთე კოლონის წარმომადგენლები იკვებებიან გარედან შემოსული ფულით.

„არავითარ შემთხვევაში, „ნაცებს“ გარედან არ დააფინანსებენ, თუ ისინი საზიზღარ საქმეს არ გააკეთებენ, საზიზღარი საქმე კი იქნება ის, რომ სულ მოკლე ხანში დაიწყება ყივილი, რატომ არ იწყებს საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს ევროკავშირთან? ამის შემდეგ ყიჟინი ატყდება იმის შესახებ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ზუსტად ეს ტექნოლოგიები აქვს გლობალური ომის პარტიას ქვეყნის გარეთ და ეს გლობალური ომის პარტია აფინანსებს საქართველოში არეულობას. ნახეთ, სერბეთში რას აკეთებენ? სერბეთში არჩევნები მოიგო კონსერვატიულმა პარტიამ, ვუჩიჩის პარტიამ და უმტკიცებენ, არ მოგიგიათო და გარე ძალები სწორედ მათ უჭერენ მხარს, ვინც პროვოკაციებზე მიდის“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

მანვე განმარტა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი „ნაციონალებს“ მიუჩენს თავის ადგილს. ცხადია, „ნაცები“ აიღებენ ხმებს, მაგრამ როგორც დღეს არიან მინდობილი მშიერი ტურებივით და კივიან, რას დაბოდიალობენ, თავად არ იციან, ისე 2024 წლის შემდეგ დროის ამბავი იქნება მათი სრულიად გაქრობა პოლიტიკური ველიდან.