როგორ შეიძლება საქართველომ გამოიყენოს ჩინეთი?!

როგორ შეიძლება საქართველომ გამოიყენოს ჩინეთი?!

„ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით, ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და განმარტავს, რომ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

როგორ უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და რა უნდა იყოს საქართველო- ჩინეთის ურთიერთობის პროგრამა მაქსიმუმი 2024 წელს?

საქართველოს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ჩინეთთან მიმართებით. ჩვენი ხელისუფლება ჩინეთს მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად. ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი ჩინეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ საქართველოს ყოფნას იმედით შეჰყურებს, რომ ამ უზარმაზარმა ქვეყანამ დააბალანსოს აგრესიული რუსეთი. ცალკეული ანალიტიკოსები უფრო შორს მიდიან და ფიქრობენ, რომ სწორედ ჩინეთი დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და, თუ ჩინეთმა დაუმტკიცა რუსეთს, ანაკლიაში პორტს ვაშენებ და შენი ბაზები ხელს მიშლისო, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი დაიძვრება ჩვენს სასარგებლოდ.

პარალელურად, ჩინეთის მიმართ ეჭვიანობის მომენტი უჩნდებათ ნატოს მაღალჩინოსნებს. ნატოს ოფიციალური პირი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა გვაფრთხილებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან დაბალანსებული უნდა იყოს, რადგან ჩინეთი დაკავშირებულია გარკვეულ უსაფრთხოების გამოწვევებთან. თუმცა ნატოს ოფიციალური პირი აღიარებს, რომ გეოპოლიტიკური შეჯიბრის სამყაროში ჩინეთს შეუძლია იყოს პარტნიორი და გლობალური აქტორი.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას მიიჩნევს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ქართული სუვერენიტეტის, სტრატეგიული მოთმინებისა და ხედვის ძლიერი რეალიზაცია. ამან ძალიან იმოქმედა დასავლეთზეც.

„თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო რომ იყო ჩამოსული, გამოვიდა და სასწაულები ილაპარაკა, მან იმპერატიულად გვითხრა, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, ოღონდ არც რუსეთი უნდა გააკაროთ, არც ჩინეთიო. იმ დალოცვილს რომ ეთქვა, ამერიკელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენ დავაზღვევთ ამ პორტის მშენებლობას, ჩვენ მოვიზიდავთ დიდ თანხებს, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები მოვლენ, ჩვენს თავზე ავიღებთ უსაფრთხოების გარანტიას, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა გეუბნებიან, უნდა ააშენო, ოღონდ მე კაპიკს არ დავხარჯავ, უსაფრთხოების გარანტიასაც არ მოგცემ, როგორ უნდა აგვეშენებინა ეს პორტი? საქართველოს ბიუჯეტი ასი წელი არ ეყოფა ანაკლიის პორტის აშენებას. ამდენად, ეს იყო მარაზმი. ანაკლიის პორტი პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზეა, იქით დგანან რუსული ტანკები და, სხვათა შორის, რაკეტები, რუსები სოხუმს იყენებენ, როგორც ბაზას, ხელშეკრულებაც კი დადეს, რომ სოხუმში განთავსდება სამხედრო ფლოტი. ეს ყველაფერი ანაკლიის სიახლოვესაა. რუსებმა რომ დააყენონ აფხაზეთში სამხედრო გემები, ვინ ისარგებლებს ანაკლიის პორტით?! თუმცა ვაღიაროთ, რომ ჩინეთს აქვს გავლენა რუსეთზე“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამის მიუხედავად, პეტრე მამრაძეს უჭირს იმის თქმა, რომ ჩინეთს დავავალებთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას. მისი აზრით, ამას სჭირდება გეოპოლიტიკური ეპოქის შეცვლა. სჭირდება ისეთი ვითარება, რაც იყო 1917 წელს, როცა პირდაპირ პეტერბურგიდან და მოსკოვიდან შემოუთვალეს ქართველ ლიდერებს, ამიერიდან ვეღარ დაგიცავთ, თქვენს თავს თვითონვე მიხედეთო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სჭირდება ისეთი გეოპოლიტიკურ ცვლილებები, რაც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროსაც, როცა ელცინმა საჯაროდ თქვა, ახლა რესპუბლიკებს მივმართავ, აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი თქვენს ხელში, რამდენსაც გადახარშავთ და წადით.

„აქეთ რომ გეტყვის ადამიანი, ოღონდ წადით და სუვერენიტეტი აიღეთო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. კარგია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში გაჩნდა პოლიტიკური სიბრძნის ელემენტები. როდესაც საქართველოს აქეზებდნენ, გაისეირნეთ და გამოისეირნეთ აფხაზეთსა და ცხინვალში, ის მომენტია, რომ ახლა დაიბრუნოთ ტერიტორიებიო და ეს მოწოდებები უკრაინიდანაც ისმოდა, ცხადია, უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა. ამის საპირისპიროდ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად ღარიბაშვილმა გამოაცხადა, არავითარ შემთხვევაში, ისიც რომ წარმოვიდგინოთ, რუსული ჯარები ტოვებენ ჩვენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ბოლო ჯარისკაციც რომ გავიდეს ჩვენი რეგიონებიდან, მაშინაც კი არავითარ შემთხვევაში არ შევიყვანთ საჯარისო ნაწილებს და ძალას არ გამოვიყენებთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობით მივაღწევთ იმას, რომ ისინი თვითონვე მოინდომებენ ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას. ამ მხრივ გპირდებით, ორივე რეგიონი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება და მონაკოს გავხდით აფხაზეთსა და ცხინვალს“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერანაირად ჩინეთი ვერ დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, უშუალო დიალოგის გარეშე არაფერი არ მოხდება არც აფხაზეთში, არც ცხინვალში. ელოდებიან თუ არა იქაურები ამას, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, რომ ჩვენ ეს საქმე გასაკეთებელი გვაქვს, ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი მეორე მხარესთან. თუ კარები არ გავაღეთ, არავინ შემოვა ამ კარებში და ჩარაზული კარები გვექნება. კარები მაინც უნდა გავაღოთ, რომ ვნახოთ, ვინ შემოდის და ვინ არა.

„პირადად მე თურქეთზე უფრო ვამყარებ იმედს, ვიდრე ჩინეთზე. ჩინეთი არ ჩაერევა ჩვენს საქმეში ამ გაგებით, თუ ვერ დაინახა ამაში მკაფიოდ გამოკვეთილი თავისი როლი, მაგრამ ფაქტია, თურქეთი ბრუნდება კავკასიაში, აქ ჩინეთის ადგილი არ არის. ჩინეთი მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით შეიძლება გამოგვადგეს. ჩინეთის სტრატეგიულ ჩართულობას კავკასიაში ვერ ვხედავ. აბრეშუმის გზის დატვირთვა მარტო ეკონომიკურია, მაგრამ სტრატეგია არ არის მარტო ეკონომიკა, სტრატეგია არის პოლიტიკური, ღირებულებითი, კულტურული, ყველაფერი ერთად აღებული“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ თურქეთი საინტერესოა, პირველ რიგში, უსაფრთხოების კონტექსტში, რათა რუსეთმა ნახოს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას იცავს თურქეთი, თავისი ინტერესებიდან და, ასევე, საქართველოსა და კავკასიის ინტერესებიდან გამომდინარე,

პოლიტოლოგის აზრით, როგორც თურქეთმა დადო ხელშეკრულებები აზერბაიჯანთან უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე უნდა დავდოთ ჩვენ ხელშეკრულება თურქეთთან და რუსეთი უცბად მიხვდება, ჩვენ პატრონი გვყავს.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, როცა აცხადებენ, ჩვენ მარტონი ვართ რუსეთის წინაშეო. ამ დროს თურქეთს აინტერესებს კავკასია, ის ეხმარება უკრაინას შავ ზღვაში, ეხმარება აზერბაიჯანს კავკასიაში, საქართველო არის შავ ზღვაზე, უფრო მეტად სჭირდება თურქეთს ინტერესები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ ჩვენ არ ველაპარაკებით თურქეთს უსაფრთხოებაზე, მხოლოდ ეკონომიკაზე ველაპარაკებით. რუსეთმა ოჩამჩირეში რომ შეგვიქმნა სამხედრო ბაზა, არც კი ვაცხადებთ, რომ ჩვენს ინტერესებში იქნებოდა, თურქეთი დაინტერესებულიყო ამ საკითხით და საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირის ბაზის საპირწონედ ქართულ-თურქული ბაზა შეექმნა. აფხაზეთის თემა ამის შემდეგ მოვა, ნომერ მეათე-მეთხუთმეტე თემა იქნება აფხაზეთის საკითხი ქართულ-თურქულ ურთიერთობაში. პირველი თემაა კავკასია - შავი ზღვის უსაფრთხოება, რასაც თურქეთი გაქაჩავს.

ლაზი ვიღაცის გამოყენება რაღაც უსიამოვნოდ ჟღერს და სიტყვაში უხერხული აზრია ჩადებული. საქართველომ ჩინეთი არა, მაგრამ მასთან დადებული ხელშეკრულება უკვე გამოიყენა, როცა ევროპას და საერთოდ ყველას დაანახა ალტერნატივა. ამ პოლიტიკამ გაჭრა და კანდიდატის სტატუსიც, დიდწილად მისი ნაყოფია. თუ ვიმე დარწმუნდა, რომ მის იქით გზა არ გაქვს, ბოლომდე ამოგხდის სულს ხვეწნა-მუდარაში. ახლაც ასე იქნებოდა, მაგრამ, როცა ალტერნატივა დაინახეს, იძულებული გახდნენ სტატუსი მოეცათ.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მას ვერავინ დაიცავს ჩინეთის გარდა. ეს ყველამ იცის და ამიტომაც არ დებენ ინვესტიციას. ასე რომ, აქ ჩინეთის ინვესტიცია საუკეთესო ვარიანტი და საიმედო ჯავშანია. რუსეთს ჩინეთი ჰაერივით სჭირდება და მის ინვესტირებულ პორტს მაქსიმალურად მოერიდება.
3 თვის უკან