„სააკაშვილი სხვა პარტიას ვერ შექმნის, სად უნდა მოძებნოს ხალხი? მარტო სააკაშვილი იქნება და ერთი სოფო ჯაფარიძე ეყოლება“

„სააკაშვილი სხვა პარტიას ვერ შექმნის, სად უნდა მოძებნოს ხალხი? მარტო სააკაშვილი იქნება და ერთი სოფო ჯაფარიძე ეყოლება“

როგორი იყო 2023 წელი ქართული პარტიებისთვის, გაჩნდა თუ არა მესამე ძალის კონტურები, თუ ისევ ორ ძალას შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და დანარჩენები მხოლოდ შირმის ფუნქციას ასრულებენ?! საითკენ მიექანება „ნაცმოძრაობა“, რატომ ტოვებენ ამ პარტიას მისი წევრები გამუდმებით და როგორ იყენებენ ნაცები საკუთარი ყოფილი ლიდერის - სააკაშვილის სახელს მაშინ, როცა სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ ფინანსებთანაც ჩაუხერგეს გზა და ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების უფლებასაც არ აძლევენ?! უბრალოდ, ნაცებს სჭირდებათ ბელადი, ოღონდ - პატიმრობაში.

ალბათ, ამიტომაც ხუმრობით ურჩევენ სააკაშვილს, ხომ არ აჯობებდა მისთვის, საკუთარი სახელობის პარტია შეექმნა, რადგან კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა წაართვეს „ნაცმოძრაობა“. თუმცა საკუთარი სახელობის პარტიის შექმნა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ სააკაშვილს რომც შეეძლოს, მას არავინ ეყოლება წონადი, ვისაც დაეყრდნობა. ერთადერთი, სოფო ჯაფარიძეღა შერჩა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეს წელი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცუდად ჩაათავეს. სექტემბერ-ოქტომბრამდე მათ ჰქონდათ დრო, საკუთარი ძალები მოესინჯათ და შემდეგ უკვე ჩამოყალიბებულიყვნენ, რანაირად მივიდოდნენ არჩევნებზე, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, დროში გაჭიმეს ძალების მოსინჯვა და, ამდენად, ბოლო ვადაღა შერჩათ - თებერვლის მიწურულამდე.

პოლიტოლოგის აზრით, თუკი თებერვლის ბოლომდე ოპოზიციამ არ მიიღო რაღაც სახე, მაშინ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც დღეს არიან, წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ყოველგვარი გაყალბების გარეშე მოიგებს არჩევნებს. არსებობს 5%-იანი ბარიერი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ დასწევს. თუნდაც „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვით, მარტო „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ აქვთ გარანტირებულად 5%-იანი ბარიერის დაძლევის შესაძლებლობა. დანარჩენები საერთოდ არ ჩანან.

„ახლა კიდევ ხაზარაძე-მელიას ალიანსზეა საუბარი, ამ ალიანსებზე მსჯელობა ჯერჯერობით თეორიულია. რა თქმა უნდა, არსებობს ყველანაირი ტიპის ამომრჩეველი და, თუ ამ ამომრჩეველმა ნახა, რომ თეორიულად, მისთვის, მეტ-ნაკლებად, მისაღები ჯგუფი შეიქმნა, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად მისაღები ჯგუფი ჯერ ვერ იქმნება. ცალ-ცალკე რა შედეგი ექნებათ?! 5%-იან ბარიერთან ყველაზე ახლოს დგას გახარია და შემდეგ „ლელო“. ისიც არ ვიცით, მელია როდის მიიღებს პარტიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილებას. ჯამურად ისინი „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ მაინც ვერ მოუგებენ. დანარჩენ პარტიებს კი შანსი არ აქვთ, 5%-იანი ბარიერი გადალახონ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება სააკაშვილს, ანალიტიკოსის აზრით, გასაგებია, რომ ექსპრეზიდენტს საკუთარი პარტია წაართვეს და დღეს „ნაცმოძრაობას“ სააკაშვილი ვერ აკონტროლებს, რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს არა სააკაშვილი, არამედ კეზერაშვილი. მას არც ფინანსებთან, არც საარჩევნო სიის დაკომპლექტებასთან შეხება არ აქვს.

„სააკაშვილს თავისი თანაპარტიელები მუდმივად გამოიყენებენ, როგორც დროშას, როგორც ლენინს იყენებდა სტალინი. სააკაშვილი სხვა პარტიას ვერ შექმნის, იურიდიულად მას ამის უფლება არ აქვს და, თანაც, სად უნდა მოძებნოს ხალხი? ვიღაცებს კი მოძებნის, მაგრამ მარტო სააკაშვილი იქნება და ერთი სოფო ჯაფარიძე ეყოლება“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ერთადერთი გზა დარჩენია, შექმნას საკუთარი სახელობის პარტია კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ „ნაცმოძრაობის“ ხელში ჩაგდების შემდეგ, ოღონდ ამისთვის მას საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს.

„კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა შეძლეს სააკაშვილის გადაყენება და სასახლის კარის გადატრიალება მოუწყვეს. ეს ნიშნავს, რომ თუ ახლა სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლის დევნის გამო შიდაპატიმრობაშია, თავისმა თანაპარტიელებმა მას შიდა პატიმრობა მოუწყვეს პარტიულ დონეზე. ანუ ორმაგი შიდაპატიმრობაა. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ანუ კრემლის გავლენის აგენტების ხელშია. არის ასეთი ფილმი „არასერიოზული კაცი“, სააკაშვილი უკვე არასერიოზული სუბიექტია. თუმცა მარტო ნაცებში არ არის პრობლემა, „ქართულ ოცნებაშიც“, სავარაუდოდ, სერიოზული კლანური დაპირისპირებებია, ოთხი პოლიტიკური კლანი მაინც არსებობს, მათ შორის სერიოზული ბრძოლაა, ამაზე მეტყველებს, რომ პოლიტსაბჭოში 20-დან 15-მდე დავიდა ლიდერშიპის რაოდენობა. როგორც წესი, კარგ მდგომარეობაში მყოფი პარტია არ ამცირებს ლიდერშიპის წევრებს. ეს ლატენტური დაპირისპირება ამოხეთქავს აპრილ-მაისში. სამაგიეროდ, შეიძლება წინ წამოვიდნენ სხვა პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, „ხალხის ძალა“. ახლა კიდევ შეიქმნა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, ნეოკონსერვატორები, პროევრაზიული პარტიები. სამ პროევრაზიულ პოლიტიკურ პარტიას, სამწუხაროდ, ძლიერი პოტენციალი აქვს. ე.წ. ლიბერალური ფლანგი კი საერთოდ მოშლილია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგი, ამასთან, ფიქრობს, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, ევრაზიული ორიენტაციის მქონე საქართველოს პარლამენტი მივიღოთ. მისივე აზრით, წესით, ევრაზიული პარლამენტი არ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“, რადგან ამგვარი პარლამენტი არც ქვეყანას არ წაადგება. ვახტანგ მაისაიას განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ უნდა იდგეს ამ ევრაზიული ორიენტაციის მქონე პარტიების უკან, მაგრამ თვითონ, „ოცნების“ შიგნით რამდენიმე კლანს შეიძლება ჰქონდეს პროევრაზიული სენტიმენტები.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ჯერჯერობით, მდორე სიტუაციაა მმართველ პოლიტიკურ გუნდში. სიტუაცია 1927 წლის ბოლშევიკური პარტიის მსგავსია, როცა იმდენად მდორე და ამორფული ვითარება იყო, რომ იქ მერე რამდენიმე კლანმა ამოხეთქა და დაიწყო სერიოზული ბრძოლა, რაც დასრულდა იმით, რომ სტალინმა ყველას დამარცხება მოახერხა. თუმცა მაშინ სტალინი იყო, სტალინის მსგავსი ქარიზმა კი „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს.

„მესამე ძალის შექმნა ზღაპარია. სამწუხარო რეალობაა, რომ რუსებმა კარგად იმუშავეს, ქართული ოპოზიცია მარტივ მამრავლებად დაშალეს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რომლებმაც „ნაცმოძრაობა“ ჩაიგდეს, რუსული პროექტია, ისინი შევლენ პარლამენტში, რადგან გარკვეულ ხმებს „ნაცმოძრაობა“ აიღებს, ეს უფრო ჰიბრიდული „ნაცმოძრაობა“ იქნება. მეორე მხარეს კი იქნება ევრაზიული შემადგენლობა, მათ შორის, „ქართული ოცნებიდანაც“ გამოვლენ პროევრაზიული ტიპის პოლიტიკური ძალები. ცხადია, „ქართული ოცნება“ პროდასავლური ორიენტაციისაა, მაგრამ იქ, სულ მცირე, ოთხი კლანი მაინც არის, ამ კლანებიდან პროევრაზიული რამდენია, არავინ იცის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

 

ცუგო- მაისაია, "ხალხის ძალას" რას უწუნებ უფრო დააკონერეტე, თორემ ამ ზოგად საუბარით მხოლოდ ის გავიგე, რომ შენ ხარ უკმაყოფილო შენდამი არასათანადო მოპყრობით. რა, არ დაგიფასეს სათანადოდ ციხეში გატარებული დრო?
შენს ყველა ინტერვიუში იგრძნობა ეს და თქვი რა ვალი აქვთ ასეთი...
4 თვის უკან
ლაზი თუ მაისაიას დავუჯერებთ, - "ე.წ. ლიბერალური ფლანგი კი საერთოდ მოშლილია“.
მიუხედავად 2023 წლის ულოგიკო არეულობების და ვიღაცების სასოწარკვეთილი ჩხავილისა, ამ წელს დადებითი შედეგი მოუტანია. შესანიშნავია.
4 თვის უკან