ხელისუფლება დილემის წინაშეა - გადაიყვანოს სააკაშვილი ციხეში თუ დატოვოს „ვივამედში“?

ხელისუფლება დილემის წინაშეა - გადაიყვანოს სააკაშვილი ციხეში თუ დატოვოს „ვივამედში“?

ოპოზიცია ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ნიადაგს ამზადებს მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადასაყვანად და არგუმენტად სახალხო დამცველის „ვივამედში“ კონსილიუმის შესვლას ასახელებს, რომლიც იანვარშია დაგეგმილი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკნად ქცეული პალატის, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება. სწორედ, ამიტომ, ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზს ამზადებს.

ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის ექიმი გიორგი გრიგოლია კი ამბობს, რომ კონსილიუმს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს პაციენტის ციხეში დაბრუნება ან არ დაბრუნება. ექიმის თქმით, კონსილიუმი მხოლოდ იმას იტყვის, ნამდვილად არის თუ არა გაუმჯობესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ეს არის კონკრეტული ექიმების საქმე. ექიმები როცა იტყვიან, რომ კატეგორიულად გამორიცხულია საჭიროება, რომ ეს ადამიანი (სააკაშვილი) იყოს კლინიკაში, იმ დღესვე იქნება გადაყვანილი, ასეთი წარმოდგენა მაქვს მე“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ თემის წამოწევით პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ ხელისუფლება გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენონ, რადგან გახარიას პარტია სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ – პირიქით.

„ამ ადამიანთან დაკავშირებით როგორც კი რამე მინიმალური, რაღაც სამედიცინო თემები, რისკები აბსოლუტურად გამორიცხული იქნება, მაშინვე მოხდება მისი ციხეში გადაყვანა. კლინიკის ხელმძღვანელის ინტერვიუ ვნახე, მე მასთან კონტაქტი არ მქონია და არც მაქვს ამის უფლება, რაც ვნახე ტელევიზიით ვნახე, ის ადამიანი ამბობს, რომ მდგომარეობა გაცილებით და რადიკალურად შეცვლილია პოზიტივისკენ, მაგრამ რაღაც რჩება. რას გეგმავენ ახლა – გამოთქმა რომაა, „წინ წყალი და უკან მეწყერიო“ – „მეწყერს“ გვიქმნის გახარია თითქოს და „წინ წყალს“ „ნაცმოძრაობა“. გადაიყვან და „კლავენო“ ატყდება ამბავი, არ გადაიყვან და – აქედან ესენი დაგვხვდებიან. ბუფერული ზონა შეგვიქმნეს, რომ თუ არ გადაგვყავს გახარია გვაწვება და თუ გადაგყავს – „ნაცმოძრაობა“ გაწვება და ყველა ვარიანტში, წაგებულ თამაშს გვათამაშებენ თითქოს.

სინამდვილეში, ის იხდის სასჯელს, აქვს მშვენიერი მოპყრობა და სამედიცინო დაწესებულებაში არის თავისი დიაგნოსტიკური რაღაცების გამო. როგორც კი აბსოლუტურად განიკურნება და ის პატარ-პატარა რაღაცებიც არ ექნება სამკურნალო, ალბათ, მოხდება მისი გადაყვანა, მე ასე ვფიქრობ“,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ლევან იოსელიანი ექიმი არ არის და მიხეილ სააკაშვილზე ციხეში გადაყვანის დასკვნა სამედიცინო კომისიამ უნდა დაწეროს. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქ ერთი შეუსაბამო მომენტია, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმი წერს. ამ კონსილიუმმა კი ძალიან გაიფუჭა რეპუტაცია, რადგან საზოგადოებას ექს-პრეზიდენტის ჯამრთელობის შესახებ მცდარი ინფორმაციით ამარაგებდა.

„ამ კონსილიუმის ინტერესები და სააკაშვილის ოჯახის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს ფარას მიერ გამომზეურებულმა დოკუმენტებმა დაადასტურა. იგივე კონსილიუმი თუ შევა ისევ დასკვნის დასაწერად, კითხვა ჩნდება რამდენად იქნება ეს რეალური დასკვნა. როგორც ჩანს, ამ ექიმებს, პროფესიული ინტერესის გარდა, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები და ინტერესებიც გააჩნიათ. ისინი დაწერენ ისეთ დასკვნას, რომ არ მისცემენ იუსტიციის სამინისტროს იმის საშუალებას, რათა სააკაშვილი ციხეში გადაიყავნონ.

თუმცა ხელისუფლებას საკმარისი მიზეზები აქვს იმისთვის, რომ ის ციხეში გადაიყვანოს. სააკაშვილი სასამართლო პროცესებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს. ასევე მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პოლიტიკურად ძალიან აქტიურია. ეს კი „ოცნების“ ამომრჩეველში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. ამით რეალურად კანონი ირღვევა, რადგან მას ამის უფლება არა აქვს. თუმცა ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის შეფასებას, რათა სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ისე მოახერხოს, რომ ამან საერთაშორისო დონეზე გართულებები არ გამოიწვიოს“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისვე თქმით, ამიტომაც სჯობს შეიქმნას ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც საკაშვილის რეალური მდგომარეობის შესახებ დასკვნას დადებს. რაც შეეხება იმას, რას იგებს ხელისუფლება სააკაშვილის ციხეში არ გადაყვანით და მისი პოლიტიკური აქტიურობით, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის მხრიდან სისულელეების საუბარი, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ემსახურება. ამიტომ ხელისუფლება ფიქრობს, ახლა მისთვის უფრო უკეთესი გამოსავალი რომელი იქნება, გადაიყვანოს თუ სააკაშვილმა ამ სისულელეების ლაპარაკით საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი კიდევ უფრო გაანადგუროს.

„ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანს, რადგან სასწორის მეორე პირზე საზოგადოების და „ოცნების“ პოზიცია დგას. ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, არჩევანის გაკეთება მოუწევს, რა უფრო უპირატესია მისთვის, დატოვოს ამ მდგომარეობაში სააკაშვილი თუ გადაიყვანოს ციხეში. მგონია, ეს მხოლოდ დროის ამბავია და ამ გადაწყვეტილებამდე „ოცნება“ აუცილებლად მივა“,-ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ადამიანების გარკვეულ წრეებში მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა ხელისუფლებას უკვე უბიძგებს იმისკენ, რომ ის ციხეში გადაიყვანოს, თუმცა აქ არსებობს დაბრკოლება დასავლეთის სახით, სადაც შესაძლოა, სააკაშვილის თემა ვიღაცებისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ბერკეტი გახდეს.

„საქართველოში არის დიდი ჯგუფი „ოცნების“ მხარდამჭერების სახით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი აუცილებლად ციხეში უნდა იქნას გადაყვანილი. თუ კანონით განსაზღვრულია ციხის პირობებში სააკაშვილის ყოფნა, მაშინ ხელისუფლების მხარდამჭერები სვამენ კითხვას, რატომ იმყოფება ის სასტუმროს ტიპის კომპლექსში, როცა ხედავენ, რომ ძალიან კარგად არის და აქეთ საარჩევნო კამპანიაშია უკვე ჩართული? თუმცა არსებობს - „მაგრამ“, სადაც უკვე წინა პლანზე დასავლეთი და ის არსებული პოლიტიკური ძალები მოდიან, რომლებიც სააკაშვილის საკითხს ასე მარტივად არ უყურებენ. ენმ-ს ჰყავს უცხოური მხარდამჭერები, რომლებიც სააკაშვილის თემას, როცა და როგორც დასჭირდებათ, „ოცნების“ წინააღმდეგ ისე გამოიყენებენ. შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, იმ თაღლითობის შემდეგ, ვითომდა სააკაშვილი კვდებოდა, როგორ შეიძლება თავმოყვარე პოლიტიკოსებმა კიდევ ილაპარაკონ. კი ბატონო, ახლა ამიტომაც არიან ჩუმად, თუმცა მათ არ გაუჭირდებათ, თუ დასჭირდათ ამ თემის ხელახლა აქტუალიზება.

ამიტომ ხელისუფლება ამ დილემის წინაშე ნამდვილად დგას. მას მოუწევს რისკების შეფასება, რა შემთხვევაში როგორ სჯობს - დატოვოს იქ სადაც არის სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის შიგნით უკვე აღარ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს, რადგან რაც უფრო მეტს საუბრობს, მის მიმართ მხარდამჭერების მხრიდან იმედგაცრუება მით უფრო დიდია, თუ ისევ გახადოს „მსხვერპლი“, რომლის გამოსარჩლების მიზნით დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი ისევ ახმაურდებიან“, - ამბობს საყვარელიძე.

Gami ხო, ხო, რა "ხიტრია" გახარია... არარაობა.
4 თვის უკან