რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება - ოკუპანტმა სახელმწიფომ ბიჭვინთის აგარაკი დაიკანონა

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება - ოკუპანტმა სახელმწიფომ ბიჭვინთის აგარაკი დაიკანონა

„მორიგი უკანონო ქმედება“, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რუსეთის ეს ნაბიჯი სათანადოდ შეაფასოს. ილია დარჩიაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ცხადია, რომ რუსეთი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, არ იღებს ვალდებულებას პატივი სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ოკუპანტმა სახელმწიფომ საქართველოს შემთხვევაში არაერთხელ დაადასტურა და იგივე აკეთებს უკრაინაში.

რამდენიმეწლიანი წინააღდეგობის შემდეგ, ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის კანონპროექტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ“ ძალაში უკვე შევიდა.

კანონი ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ასევე - დოკუმენტში მითითებული იმ შენობებისა და ნაგებობის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რომელიმე მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, დენონსაციასა და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას გულისხმობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება დაჩქარებული წესით უზრუნველყო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს. ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ აფხაზები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების აღსრულებას ყველა ხერხით შეეწინააღმდეგებებიან.

ვითარება აფხაზეთში იძაბება. ქართული მხარე კი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ქართული მიწა-აქტივები არასდროს გახდება რუსული. ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის გაცხადებით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, რაც სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება.

„ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით. ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა. არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება უფრო რადიკალური განცხადებები, თითქოს, ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. განცხადება გაკეთდა ყოველთვის, როცა ეს საჭირო იყო, მიღებულია შესაბამისი რეზოლუციები და დოკუმენტურად დადასტურებულია ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. ოპოზიციას სურს, რომ ვითარების გართულება სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვითარების შექმნაში დანაშაული მათ მიუძღვით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, გამთენიისას სეპარატისტთა პარლამენტმა ე.წ. პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ხალხის შიშით გამოიყენა ბოლშევიკური მეთოდები და მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციაზე გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება, რასაც 28 დეპუტატიდან ხმა მისცა 26-მა დეპუტატმა. როგორც დავითაიამ აღნიშნა, შეთანხმება გაფორმდა დათქმით, თუ ეს აგარაკები მოხვდება მესამე პირის ხელში, ხელშეკრულება გაუქმდება.

„ეს არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება, რისთვისაც „სამართლებრივად“ მოხდა პარლამენტის გამოყენება. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები, რომ ჰააგის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსეთის პრეზიდენტი ითვისებს საქართველოს ქონებას. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის საქართველოს ანექსიის დასაწყისი. რუსეთის ფედერაციამ უკვე „იურიდიულად“ დაიწყო იმ ტერიტორიების გადაფორმება, რომელიც ოკუპირებულია მის მიერ“, - აცხადებს პაატა დავითაია.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზი საზოგადოებისგან განსხვავებით, ხელისუფლება მდუმრედ ემორჩილება რუსეთის მოთხოვნებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ე.წ. პარლამენტში და მთავრობაში არის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა, მაგრამ მიზეზთა გამო თვლიან, რომ ეს გარდაუვალია და იქნებ ამით დაიცვან აფხაზეთი რუსეთის მომავალი ზეწოლისგან.

„თუმცა ასე არ იქნება. ვინც აპროტესტებს, ისინი თვლიან, რომ შეიძლება კატასროფა არაა ეს ფაქტი, მაგრამ ბიჭვინთა იმით არის საშიში, რომ გაგრძელება მოჰყვება. ამას მოჰყვება აპარტამენტები, იგივე სხვა მიწების და მაგალითად, ახალ ათონზე არსებული აგარაკების გადაცემა. ეს პროცესი გაგრძელდება და არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს პროცესი გაჩერდება. მით უმეტეს, რომ არც რუსეთი და არც აფხაზეთის ხელისუფლება არაფერს ამბობს. ეს პროცესი იქნება პერმანენტული და ეს არის შემაშფოთებელი აფხაზებისთვის. ამიტომ, მგონია, რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდება. საკითხის განხილვა დაამთხვიეს საახალწლო დღეებს, სამარცხვინო ნაბიჯები გადადგა დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ამით გააძლიერა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, აღიარა, რომ მათ ეშინიათ საზოგადოების, ხალხის და ხალხმა ეს დაიჯერა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროტესტები გაგრძელდება იმ განცდით, რომ მათი ეშიანიათ და შესაბამისად, მათში არის ძალა“, - აცხადებს ზარაქეიშვილი.

რაც შეეხება ბჟანიას, რომელიც წინააღმდეგი იყო ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის და წელავდა პროცესს, ბოლოს მაინც იძულებული გახდა ხელი მოეწერა ამ კანონპროექტზე. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ბჟანია დააშინეს.

„დააშანტაჟეს, უთხრეს, რომ შეუწყვეტდნენ ყოველგვარ დახმარებას აფხაზეთს, როგორიც არის პენსიების შეცირება, შეზღუდვა ვაჭრობაში და ა.შ. ყველა მიმართულებით შეუქმნიდნენ პრობლემებს აფხაზებს. ჩვენი ტრაგედია არის ის, რომ ამ დროს საქართველო არაფერს არ სთავაზობს აფხაზურ საზოგადოებას. მაგალითად, იმას, რომ საქართველოსთან ერთად თუ იქნებიან, გამოირიცხებოდა საკუთრების ასეთი ფორმით ხელამოგრეხა, მაგრამ საქართველო ამაზე არ ლაპარაკობს საერთოდ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებამ ერთად მოაქციეს აფხაზური საზოგადოება ჩიხში, ისე, რომ გამოსავალას არ უტოვებენ. დარწმუნებული ვარ და გარანტირებულად იცის რუსეთმა, რომ საქართველო არაფერს არ შესთავაზებს აფხაზეთის მოსახლეობას და ამიტომ თამამად ახდენს ეგზეკუციას და აფხაზური საზოგადოების გაწეწვას. აღშფოთებული არ ვარ იმდენად რუსეთზე, რომელიც ასე იქცევა. გული მწყდება და გაოგნებული ვარ საქართველოს ხელისუფლებაზე, როგორ მიაგდო და მიყარა აფხაზები. ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მოვიდა დრო, საერთოდ გავუთიშოთ ელექტროენერგია აფხაზებს. გამაოგნებელია, ასე აჯდებოდეს „ევროპული საქართველო“ რუსულ პოზიციებს. იმ დროს, როდესაც ჩიხში მოაქცია აფხაზები რუსეთმა და არის შანსი მათი ჩიხიდან გამოყვანის, ამ დროს ჩვენ კისერზე ფეხს ვაბიჯებთ, რომ კარგად დაკლან რუსებმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას და გააგერძელებს მანამ, სანამ შეიძლება. თუმცა, ის, რომ რუსეთი არ ელოდა აფხაზებისგან წინააღმდეგობას, სწორი არ არის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

„მაგალითად, არჩევნების დროსაც ბილბორდებზე გამოჩნდა გამოსახულება, პუტინი როგორ ართმევს ხელს პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს, მაგრამ აფხაზებმა აირჩიეს მეორე კანდიდატი. არადა ამ ბილბორდის ფუნქცია სწორედ ეს იყო, რომ ხალხს გაეგო სად იყო პუტინი. აი, სადაც იყო პუტინი იქ დატოვეს, შეტრიალდნენ და სხვა არჩევანი გააკეთეს. მართლაც ვაჟკაცი და საამაყო ხალხია ამ მხრივ, მაგრამ ამ საამაყო ხალხმა არასაამაყო ნაბიჯებიც გადადგა. იგივე რუსეთის ჯარი შემოიყვანა თავისი მიზნების მისაღწევად საქართველოში და უცხო ქვეყნის ჯარის შემოყვანა თავისთავად უღირსი საქციელია“, - ამბობს პოლიტოლოგი.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთმა საშუალება მისცა აფხაზებს ასეთი სახელმწიფოებრიობის თამაშის და მათთან ჭიდაობაც უმადურობის გამოხატულებაა. პოლიტოლოგის შეფასებით, მისასალმებელია, რომ აფხაზი ხალხი არ ეგუება დამპყრობელის ამ საქციელს, მაგრამ იმდენი შორსმჭვრეტელობა არ ეყოთ, რომ მიზნად დაესახათ არა ის, რომ ყოფილიყვნენ ცალკე სახელმწიფო, არამედ ის, რისთვისაც უნდოდათ, რომ ყოფილიყვნენ ცალკე სახელმწიფო.

„თუმცა, მეორე მხრივ აფხაზების რაოდენობას რომ გაითვალისწინებ, ალბათ, იტყვი კაცი, რომ მცირე ერია, ბრძოლის უნარი არ აქვთ და თავისი მიზნის მიღწევა უნდათ ყველანაირი საშუალებით. აქ უკვე პრობლემა ისაა, რომ აფხაზებს შეიძლება მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანიც არ აქვთ. დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდოდა იმას, რომ რუსეთი ვისაც გაათავისუფლებს, იმას მერე თვითონ დაისვამს მოსამსახურედ. აღმოსავლეთ ევროპა გაანთავისუფლა ჰიტლერისგან, ოღონდ მერე ამოიდო ქვეშ. მისი მხიდან ეს განთავისუფლებები ოკუპაციის, დაპყრობის გარკვეული ფორმაა. იგივე გაუკეთა აფხაზებსაც და იქცევა ისე, როგორც დამყრობელი.

აფხაზები ვაჟკაცები არიან, მაგრამ გონიერი არიანო ვერ ვიტყვით, ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული, ისევე, როგორც ჩვენც უდავოდ ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული იმავე აფხაზებთან. თუ მოხდა სასწაული და ამ პერიოდმა ჭკუა გვასწავლა ორივე მხარეს, ალბათ, უკეთესი მომავალი გვექნება. ქართველებმა რომ ისწავლეს ჭკუა, ფაქტია. თქვენი სიტყვებიდან ისმის, რომ აფხაზეთის ომის შედეგად საქართველომ კი წააგო და ამ ომისგან დაზარალებული ადამიანები არსებობენ, მაგრამ გაბოროტება არ არის აფხაზების მიმართ. მაგრამ აფხაზებში ქართველების მიმართ გაბოროტება დღემდე არის. ამ უგუნურობას რა ჩაბერავს გონიერების სულს, ეს უკვე არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

trampi ვაი დედასა -----ვინ ვისას იყოფს???/


ამათ ამერიკელების შიშით პუტინს მარტო შორიდან აგინონ ჯოტია--- ღინტუსავით და ქვეყანაც აშენდება
მიდით პუტინთან, მიდით, დაელაპარაკეთ იქნებ აფხაზეთს კი არა ნახევარ ციმბირსაც გვჩუქნით..... რატო არ დაელაპარაკებით??
არ გამოვა არაფერიიიი??არ მოგეწონებათ და იმისი ოხერი დედაც............... ისედაც ხო ვართ გაღიმებულები??
ჰოოოდა რას კარგავთ, სინჯეთ, მიდით მიდით .........................იქნებ გაგიჟდა პუტინი და ნახევარს კი არა ფეშქაშად მთლიან ციმბირსაც გვჩუქნის??
ააარ მოგვცეემს ?............................ააააარააა..??......... რა იცით, მიხვედით დაელაპარაკეეეთ ????
გაბედვამდე ასი მოკვდა და გაბედეს და არც ერთიო.....იქნებ ესე ხდება?? მიდით მიდით დაელაპარაკეთ
თუ მაინც და მაინც ამერიკას(დაგნარა დეიდას) უნდა ჩაყვეთ საფლავში?
რას უყურებთ ამერიკას?? ამერიკა არ იყო დაგნარა დეიდას პირით, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთთან ძმობას რო გვიშლიდაააა???------------- ჩინეთი პუტინის ძმაკაცია, ზნაჩიტ თქვენც პუტინი გინდათოო...................................კეთილმოტყნული
(ეგ მანახა დამლაგებლად სალიარკიანი ტრიაპკიტ პოლს რომ წმენდს და ვითომაც არაფერი მტკენია)
ხოოდა მანამ თქვენ ამერიკას შესციცინებთ თვალებში, მანამდე პუტინი დაჩას კი არა სუ წაიღებს საქართველოს და მიგვიერთებს კიდეც
და ეს მთელი -33 წელი წყალშიც ჩაიყრება
4 თვის უკან