დაპირისპირება, რომელსაც ბოლო არ უჩანს

დაპირისპირება, რომელსაც ბოლო არ უჩანს

ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს დეპოლარიზაციას, თუმცა, თუ ქართულ პოლიტიკურ რეალობას გავითვალისწინებთ, საქართველოს შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია. საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება. ამჯერად დაპირისპირების მიზეზი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვიეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მაგრამ არ იყო საქართველოს პრეზიდენტი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, „ელჩების კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ხელისუფლების ორმა შტომ - საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა, რომლებიც ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდნენ შედეგის მისაღწევად, მიმართეს ელჩებს“. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი შარშანდელ კონფერენციაზე იყო მოწვეული, თუმცა მან მონაწილეობა არ მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ უტოვებს მთავრობას, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აწარმოებს, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის პასუხისმგებლობაა რეაგირება ჰქონდეს, როდესაც ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება.

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს - აქაც ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სრულად დაფუძნებული იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ატეხეს ისტერია. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ დამაზიანებელია ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება თავად კანონს და ნათია თურნავას დანიშვნას, აქ სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს - იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვა. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღმასრულებელ ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს ოპოზიცია. „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია, იყოს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა.

„ფაქტობრივად, ეს არის დანაშაული, უზნეობა, როდესაც მთავრობა პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას უზღუდავს. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების აკრძალვა, მისი უცხოეთში არგაშვება. საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გაუსვლელი“ გახდა და უცხოეთში როგორც კერძო პირი, ისე დადის.

ასევე სამარცხვინოდ მოიქცნენ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აღნიშნეს, პრეზიდენტი ტრიბუნაზეც არ აუშვეს და საერთო სახალხო ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად აქციეს. ეს არის უზნეობა და დანაშაული - დანაშაულია იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და ისეთ კონსტიტუციურ ორგანოს აკნინებს, როგორიც პრეზიდენტია, რომელიც იმავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თვლის, რომ ზურაბიშვილის ამბასადორიალზე არმიწვევა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის გამოხატულებაა. მისი თქმით, როდესაც ამბასადორიალზე არ იწვევენ პრეზიდენტს, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, საინტერესოა რომელი ბუმბერაზი საგარეო პოლიტიკის მცოდნეა მიწვეული პარლამენტის უმრავლესობიდან.

„რეალურად მათ არ სურთ მინიმალურად განსხვავებული აზრის და დისკუსიის შეტანაც კი არც ერთ სამთავრობო ფორმატში, რადგან ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა არის ის არაევროპული და არაეროვნული გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია. ეს ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხი აუცილებლად სახლში გაუშვებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს ამბასადორიალი იმ პირობებში ჩატარდება, როდესაც საქართველოს გახსნილი ექნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამით საქართველოს ყველა ელჩი იამაყებს, რომელიც იმედი მაქვს, რომ დააფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ელჩებთან შეხვედრას პრეზიდენტი არ ესწრება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციისგან განსახვავებით ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ მართებული გადაწყვეტილებაა, როდესაც კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი, ელჩების კანდიდატურების მბლოკავი, ფორმალური პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ უნდა ესწრებოდეს სახელმწიფო ღონისძიებებს, რადგან საკუთარი ნებით თავისი ნიშა აირჩია და მისი ადგილია ნაცრადიკალების ფლანგზე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს სავსებით ნორმალურად მიაჩნია პრეზიდენტის ამ სიტუაციაში ყოფნა და თვლის, რომ 7-8 მარტის ცნობილი განცხადების შემდეგ პრეზიდენტი არც ერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ უნდა იყოს.

„აშშ-დან პირდაპირი ჩართვებით, ფაქტობრივად, მან გაწირა არა მარტო ქართული სახელმწიფოებრიობა, არამედ ფიზიკურად ქართველი ხალხი, ვინაიდან ქართველი ხალხის წარმომადგენლები იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც კანონს იცავდნენ და რომელთა დაწვისკენ მოუწოდებდა პრეზიდენტი. ამდენად, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც იგნორირებას უკეთებს ამ ქალბატონს. პრეზიდენტი არის ქართული სახელმწიფოს წინსვლის შემაჩერებელი, ის არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მტერი.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს განვითარების კუთხით ასეთი დაპირისპირება კარგი არ არის, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა უნდა იგრძნოს, რომ მას შემდეგ რაც მის მიმართ გატარდა იმპიჩმენტის პროცედურა, ამის შემდეგ ის არის არალეგიტიმური საქართველოში. ანუ, ფაქტობრივად, არალეგიტიმური არის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამიტომ, მის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. დარწმუნებული ვარ, ჩაივლის ახალი წლები და საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი კვლავ გამოიჩენს დესტრუქციას და კვლავ ჩაუდგება სათავეში მე-5 კოლონას, რომელიც ფიქრობს საქართველოს სახელმწიფოს დაქცევას, განადგურებას და ომში ჩაბმას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ყველანაირი საფრთხე მომეტებულია, არათუ მიჩქმალული და მილეული. კიდევ უფრო მძიმე ვითარება იქნება როგორს საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში და ამ დროს, მისი თქმით, მთავრობა ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორი იქნება 2024 წლის არჩევნები.

„ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტი მთლიანად გაანადგუროს და ყველაზე მეტად ცდილობს, რომ ზურაბიშვილი, რომლის რეიტინგი მზარდია, არ გახდეს კიდევ კიდევ უფრო მზარდი და არ ჩამოყალიბდეს ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, ამის შიში აქვს მთავრობას და ამიტომაც ყველანაირ ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ზურაბიშვილის იგნორირება მოხდეს. ეს რა ბავშვური დაპირისპირებაა - შარშან დავპატიჟეთ და არ მოვიდა, ამიტომ წელსაც არ უნდა დავპატიჟოთ? ეს რა მსჯელობაა? რა ნათქვამია? რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა?

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, უმაღლეს დონეზეც კი არ იციან რა არის სახელმწიფოებრივი მიდგომა ან საერთოდ არ აინტერესებთ და აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ყველაფერი მოდის აქედან. ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნისთვის კი არა, თავისთვის უნდათ. სამწუხაროდ, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ქვეყანაში. ეს არის პრობლემა, მაგრამ მთლიანობაში თუ საზოგადოება მიხვდება, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და პოლიტიკურად ცოტა უფრო მომწიფებული გახდება ჩვენი საზოგადოება, მაშინ შეიძლება რაღაცა გვეშველოს. მანამდე ვიქნებით ამ მდგომარეობაში, რაშიც ვართ ახლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ლევკოთეა ზურაბიშვილი რანაირად უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, როცა ტვინი მაგას არ აქვს, არც ადამიანური ტაქტი და არც შორსმჭვრეტელობა. არც პირადი ელექტორატი ჰყავს.
ფაქტია, ვიღაც მასზე ჭკვიანი მრჩეველი კი ჰყავს, რომელიც არ ჩანს. მარტო მრჩეველებით კი არჩევნებს ვერ იგებენ. ცოცხალი კომუნიკაციაა საჭირო ამომრჩეველთან.
4 თვის უკან
ზურაბი კარგად გვახსოვს ქართველებს, რაც ზურაბიშვილმა და მისმა ქმარმა,ჟანრი კაშიამ უმტრეს საქართველოს. ქალბატონმა სალომემ მიულოცა პუტჩისტებს დიქტატორ გამსახურდიას დამხობა,რასაც ქვეყნის დაქცევა, გაძარცვა და მთლიანობის რღვევა მოჰყვა.
4 თვის უკან