ფრანგულ-აზერბაიჯანული სკანდალი გრძელდება - გამოვლენილია ფრანგული სადაზვერვო ქსელი

ფრანგულ-აზერბაიჯანული სკანდალი გრძელდება - გამოვლენილია ფრანგული სადაზვერვო ქსელი

აზერბაიჯანში ფრანგული სადაზვერვო ქსელი გამოააშკარავეს, სადაც რამდენიმე ათეული აგენტი შედიოდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული არიან პირები, რომლებიც აზერბაიჯანში, უკრაინაში, საქართველოში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში მოქმედებდნენ. აზერბაიჯანული მხარე სხვა დეტალებზე არ საუბრობს. მათ შორის ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა სუს-ში, რადგან ინფორმაციაში საქართველოც არის ნახსენები. დამატებით განცხადება არც ფრანგულ მხარეს არ გაუკეთებია.

უკრაინაში წარუმატებელი ომის შემდეგ სამიზნე სამხრეთ კავკასია გახდა და კერძოდ, აზერბაიჯანი, რომლის უკან რეალურად, დგას თურქეთი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. როგორც ილჰამ ალიევი აცხადებს, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ.

ალიევმა ფრანგული მხარე ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად, სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. მეტიც, როგორც ალიევმა აღნიშნა, მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს სომხეთის შეიარაღებით, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აქეზებს და ნიადაგს ამზადებს რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის.

შეგახსენეთ, რომ ფრანგი ჯაშუშების დაკავებას წინ უძღოდა კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც საფრანგეთმა ქართული მხარე ჩართო. კერძოდ, ფოთის პორტში შემოვიდა ხომალდი, რომელიც დატვირთული იყო მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი Bastion-ით, რომელსაც ფრანგული კომპანია Acmat აწარმოებს. ამასთანავე, ფოთის პორტში შევიდა კომპანია ARQUUS-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც Bastion-ის ჯავშანტრანსპორტიორის ოპერირებისთვის არის საჭირო. ფოთის პორტიდან ამ ტვირთის ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით მოხდება. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა ცენტრალურ აზიაში - ყაზახეთში, ტაჯიკეთში, სადაც მას სთხოვეს საბრძოლო თვითმფრინავები და მაკრონიც დაპირდა, რომ მიიღებენ.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საფრანგეთში ყველანაირად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ რუსეთის ყოფნა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით აქტიურობს საფრანგეთი. რაც შეეხება ჯაშუშების სკანდალს, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ელოდება ფრანგული მხარის განმარტებას და იმედი აქვს, რომ პასუხი არ იქნება ის, რომ დაკავებული პირები აზერბაიჯანში აღმოსავლური ხალიჩების ქსოვით იყვნენ გატაცებულნი, ხოლო საქართველოში ხინკლის მოხვევის ტექნოლოგიას სწავლობდნენ. როგორც გოგავა ამბობს, უმრავლეს შემთხვევებში ჯაშუშებს არ იჭერენ, მათ უთვალთვალებენ ან აძევებენ ქვეყნიდან.

„როგორც ჩანს, დაუკრეფავში გადავიდნენ „მადამ პრეზიდენტის“ კომპატრიოტი კოლეგები. ჩემი დაკვირვებით, საქართველოში მინიმუმ 30 სახელმწიფოს ჯაშუშური ქსელი მოქმედებს. აქედან 15 ევროპული ქვეყნაა, 13 აზიური, 1 აფრიკული, 1 ჩრდილოეთ ამერიკული. მათი ადგილობრივი აგენტების, გავლენის აგენტების და ინფორმატორების ჯამური რაოდენობა 20,000-მდე უნდა იყოს, საიდანაც თითქმის ნახევარი მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე მოდის.

დაახლოებით ამდენივე სასარგებლო იდიოტია. ასევე საფარქვეშ მოქმედებს რამდენიმე დახურული ტიპის რელიგიური ხასიათის ქსელური ორგანიზაცია და ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ებრძვის ჩვენს ტერიტორიაზე, რითაც ქართულ სპეცსამსახურებს საქმეს უადვილებენ. მათი კრებსითი ბიუჯეტი სადაზვერვო და გავლენის ოპერაციებზე, 400 მილიონ დოლარს აღწევს წელიწადში“, - აღნიშნა გოგავამ.

პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოკეანეთის 2 ქვეყანაც პასიურად მოქმედებს, ძირითადად, ელექტრონული დაზვერვის კუთხით.

„დასკვნა: ქართულ სპეცსამსახურებს მეტი რესურსი სჭირდებათ, კონტრდაზვერვა უნდა გახდეს ყველაზე პრიორიტეტული და მაღალანაზღაურებადი მიმართულება სახელმწიფოში. ისტორიიდან გავიხსენოთ: დავით მეოთხემ მსტოვრების ინსტიტუტით დაიწყო ქვეყნის აღორძინება“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ, ზოგადად, საქართველო იმყოფება უცხო ქვეყნების სადაზერვო ზეგავლენის შეღწევადობის ზონაში და როდესაც ჯაშუშური საქმიანობა ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, დამაზიანებელია იმ სახელმწიფოსთვის, ვინც ახორციელებს ჯაშუშობას, რადგან, პრაქტიკულად, ეს არის კომპრომეტაცია იმ ქვეყნის სპეცსამსახურის და სახელმწიფოსი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მზერავი სახელმწიფოს ინტერესი.

„მეორე და მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება, თუ რა მიმართულებით მუშაობდა აღნიშნული ქსელი და რა ტიპის დამაზიანებელი ქმედებები განახორციელეს უკვე კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ. ამ შემთხვევაში, საუბარია აზერბაიჯანსა და საქართველოსთან მიართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ მნიშვნელოვანი ინფორმაციული ნაკადები არ გაგვაჩნია, რაც უფრო მეტი კომენტარის საშუალებას მოგვცემდა. როდესაც გამოიკვეთება პირთა წრე, მათი განთავსების ადგილები, რა სტატუსი ჰქონდათ, ლეგალები იყვნენ, თუ არალეგალები, ამის მერე შეგვეძლება უფრო მეტი ინფორმაციის გაანალიზება და საფრთხეების იდენტიფიცირება. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაციები არ გაგვაჩნია“, - აცხადებს კუხალაშვილი.

რაც შეეხება ფრანგული მხარის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, დავით კუხალაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის პრობლემა მოაგვარა, დღის წესრიგიდან არ ამოვრდინლა სომხეთის ქმედებები და მათ შორის სომხური ლობის გამოყენებით, რომ კვლავ იზრუნონ მადესტაბილიზირებელი პროცესების ორგანიზებაზე, რომელიც დაუბრუნებს მათ ე.წ. დაკარგულ ტერიტორიებს.

„ეს ფაქტორი არის გასათვალისწინებელი და მეორე, საფრანგეთში არ არსებობს უახლესი იმპერიის არც ერთი ეტაპი, როდესაც თავისი სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით ძალიან აქტიურად არ მოღვაწეობდეს როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან მიმართებაში. მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, შესაბამისად, ამოცანები და კონკრეტული სტრატეგიები თავისი მიზნების აღსასრულებლად. ასე რომ, ის მიმართულებები, რომელიც შემდეგ უკვე დაექვემდებარება გამომჟღავნებას, ღია ინფორმაციები, რომელიც გამოვა დღის სინათლეზე, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაციის გაანალიზებისა და განვრცობის საშუალებას მოგვცემს.

მაგრამ, მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის ჩვეულებრივი საქმიანობა, რომელსაც არა მარტო საფრანგეთი, არამედ სხვა სახელმწიფოებიც ახორციელებენ. ამიტომ, თუ ჩვენ დღეს ერთ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, მინდა დაგიდასტუროთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სხვა ქვეყნები, როგორც მეზობელი, ისე არამეზობელი სახელმწიფოები აქტიურად ახორციელებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ საქმიანობას. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი წინ გვაქვს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის ინტერესით მოქმედებდეს და თვლის, რომ შიდა ინტერესი აქვს. მისი თქმით, ფინანსური თვალსაზრისით, ჰყავს ძლიერი ფრანგული დიასპორა, რაც ასევე პოლიტიკურ სიძლიერესაც გულისხმობს და რომელსაც თავისი გავლენები საფრანგეთშიც აქვს.

„ვიცით, რომ საფრანგეთთან სომხეთის კავშირი დღეს არ დაწყებულა, აგერ კულტურას გადავხედოთ - შარლ აზნავურით რომ დავიწყოთ, უამრავი სომეხი ტრიალებს ფრანგულ სივრცეში. ანალოგიური მდგომარეობაა ბიზნეს სივრცეებში და შეიძლება პოლიტიკურ სივრცეებშიც. ამ ფონზე არ გამკვირვებია საფრანგეთის ასეთი ნაბიჯი. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი დიასპორის ინტერესების მიხედვით გადადგას რაღაცა ნაბიჯები, მოიმადლიეროს ეს დიასპორა და ამ ფონზე გააგრძელოს არსებობა.

რაც შეეხება საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სადაც, ალბათ, ასევე ფრანგული აგენტურა მოქმედებს, იქამდე, სადამდე ქვეყანას არ დასჭირდება ამ აგენტურის გამოვლენა, მანამდე მასზე თავდასხმა არ არის მიღებული. ყველა ქვეყანაში დიდია აგენტურის რაოდენობა, მით უმეტეს ისეთ გზაჯვარედინის ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ და საერთოდ, ქვეყნები არ ცდილობენ, რომ საჭიროების გარეშე გამოავლინონ აგენტურა. ის, რომ აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი გადადგა, მას ეს ნაბიჯი სჭირდება უკვე საფრანგეთის პოლიტიკის დასაბლოკად“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ აზერბაიჯანს უანგაროდ არ დაუპატიმრებია ფრანგი ჯაშუშები, მას თავისი ანგარიში და ინტერესი აქვს. პოლიტოლოგის შეფასებით, სანამ არ გამოიკვეთება ქვეყნის ინტერესები, ისე აგენტების ძებნა არც რეალურია და არც მიზანშეწონილი, რადგან ძალიან ხშირად ამა თუ იმ აგენტურის გამოყენებას უფრო მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე მათ ძებნას - ერთს დაიჭერ, მეორეს შემოუშვებენ.

„თუ გაგრძელდა ეს ფრანგული, არცთუ ისე წინდახედული ნაბიჯი - რუსეთის წინააღმდეგ იარაღის მიწოდება სხვა ქვეყნებს გაუტკბათ და ეს მიღებულ ფორმად ჩათვალეს, ანუმ მიაწოდონ სომხეთს იარაღი და აზერბაიჯანს ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს, არარეალისტურია. აზერბაიჯანის რეაქცია ამავე დროს თურქეთის რეაქცია არის. არ ვარ დარწმუნებული იყო თუ არა საფრანგეთის მხრიდან კარგად გათვლილი ეს ნაბიჯი.

დიასპორის მიმართულებით არ ვარ ჩახედული, რაღაცა პრობლემები შეიძლება დიასპორასთან აქვს, მაგრამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც დასავლეთმა გააკეთა უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ, იგივეს გაკეთება აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ არის ადეკვატური და მიზანშეწონილი. ის, რაც ეპატიება ამერიკას და დასავლეთს რუსეთთან, შეიძლება არ ეპატიებოდეს საფრანგეთს როგორც უფრო მცირე პოტენციალის ქვეყანასთან აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

trampi სუ ამას ვამბობ---------------- ნებისმიერი დამწყები შტირლიცი საქართველოდან იწყებს შტირლიცობას. მერე უკვე დიდი ქვეყნებში მიდიან ,,სამუშაოდ,,

საერთოდ საქართველოში რომ შტირლიცების დიდი პარადია ამას მამაუკა არეშიძე დიდი ხანია ამბობს ისე კი მართლა ოპიტნი შტირლიცი არც კი იკადრებს საქართველოში ჩალიჩს---ისეთი ბალაგანია აქ
აქ მხოლოდ დამწყები შტირლიცები გადიან პრაქტიკას...მართლა შტირლიცობა აქ სულაც არაა საჭირო
მოკლედ ეს შტირლიცები იმდენი ყავს საქართველოს შემოსეული რომ დაჟე ისინი ერთმანეთს ფეხებშიც კი ედებიან


-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აზერბაიჯანში აღმოსავლური ხალიჩების ქსოვით იყვნენ გატაცებულნი,

ზუსტად მაგიტომ დახოცეს ის ცოლქმარი ხადას ხეობაში, მერე საწყალი პატარა მწყემსი რომ დაიჭირეს..აზერბაიჯანული ხალიჩების ,,ქსოვით რომ იყვნენ გატაცებულები,,
სხვათა შორის ის ცოლქმარი აზრებაიჯანულს პირდაპირ სხლავდნენო...
ისე როგორც მაშინვე ითქვა ის ცოლქმარი აზერბაიჯანულმა დაზვერვამ მოკლაო--ბრაიზასთან ერთად ეგენი მაშინ აზერბაიჯანულ ვარდების რევოლუციას ჩალიჩობდნენო. იმიტომაც გამოაბუნძულეს მაშინ ბრაიზა აზერბაიჯანიდან
ანუ ის ბიჭი მაშინ ,,დიდ საქმეს,, შესწირეს ........................
.ვუდფორდის მკვლელობისა არ იყოს, მაშინ კიდე ,,ზრდილობისათვის,, ვიღაც ჯარისკაცი დაიჭირეს--საქმეს ისე სჭირდებოდა
4 თვის უკან