ვისია საქართველო?

ვისია საქართველო?

გახსოვთ ცნობილი სცენა „კავკასიური ცარცის წრიდან“ - ვინაა ბავშვის დედა - ვინ ბავშვს თავისკენ ექაჩება, ვინც გააჩინა თუ ვინც გაზარდა? დღეს საქართველო ასეთი ბავშვის როლშია რუსეთსა და დასავლეთს შორის - თითოეული თვლის, რომ საქართველო სწორედ მას ეკუთვნის. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, დასავლეთმა საქართველო ცოტათი თავისკენ გადაქაჩა.

ქართველთა დუალიზმი რუსეთის მიმართ

71 წლის ვლადიმირ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო, „არჩევნების“ შედეგიც წინასწარ ცნობილია. ეს ნიშნავს, რომ მომავალი 6 წლის მანძილზე საქართველოს ისევ პუტინის რუსეთთან მოუწევს ურთიერთობა.

პუტინის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 14 დეკემბერს, ასევე სხვა პლატფორმებიდან, მკაფიოდ ითქვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთი დასავლეთთან დათმობებზე არ წავა და გავლენებისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ რუსეთი საკუთარი იმპერიული კომპლექსის მძევალი აღმოჩნდა, რაც ახსნას უძებნის მის ქცევის მოდელს სამეზობლოში.

თუ რა პოლიტიკას გაატარებენ ერთმანეთის მიმართ რუსეთი და საქართველო 2024 და მომდევნო წლებში, ბევრ ფაქტორზე, მათ შორის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ხალხის განწყობაზე იქნება დამოკიდებული.

სწორედ ხალხის განწყობებია ის სფერო, სადაც რეალური სურათი ბოლომდე არ ჩანს.

ზოგადად, ანტი-რუსული განწყობები ქართველ საზოგადოების უმრავლესობაში, უკვე იმდენად მკაფიო მოცემულობაა, რომ მისი ფესვების და მიზეზ-გარემოებების შეხსენებას აზრიც კი აღარ აქვს. ეს გრძელი და მტკივნეული ისტორიაა.

თუმცა, რუსეთთან დამოკიდებულება ჩვენს სოციუმში ხასიათდება ერთი საინტერესო და უნიკალური ნიშნით. ერთი მხრივ, რუსეთის მიუღებლობა, მეორე მხრივ, მასთან ურთიერთობის დაუძლეველი სურვილი. ამ ორი თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი პარადიგმის თანაარსებობა ჩვენს სოციუმში, ნაწილობრივ დაადასტურა ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა NDI-ს გამოკითხვამაც.

თავად განსაჯეთ, გამოკითხულთა 80% ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და NATO-ში, მაშინ როდესაც მათი მხოლოდ 7%(!!) ასახელებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უმნიშვნელოვანეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორის. ასეთი დრამატული სხვაობა ძალაუნებურად გაფიქრებინებს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას ევროინტეგრაცია კი უნდა, მაგრამ არც ისე ძლიერ და არც ისე შეგნებულად. NDI არ ეცადა ამის დაზუსტებას შესაბამისი კითხვებით.

გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეორე რესპონდენტი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საუკეთესო იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომ აშშ და ევროპა საქართველოს უახლოესი პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირეები უნდა იყვნენ. ამავე დროს, 20%-25% (!!) საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირედ რუსეთს მიიჩნევს, რაც სულ ცოტა დასაფიქრებელი მაჩვენებელია.

იმავე გამოკითხვის მიხედვით, იკლებს მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პრო-დასავლური უნდა იყოს. თან კლება თვალშისაცემია - 47% დან 37% მდე(!!). ჯამურად, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით, პრორუსული, მაგრამ კარგი ურთიერთობით NATO-სთან და ევროკავშირთან და მხოლოდ და მხოლოდ პრორუსული. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს მთავარ საფრთხედ განიხილავს, მათი მხოლოდ 2%(!!) მიიჩნევს საფრთხედ მაგალითად, რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას. უფრო მეტიც, გამოკითხვის თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველ მესამე მხარდამჭერს და ოპოზიციის ყოველ მეხუთე მხარდამჭერს სურს რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა(!!).

უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ჯამურად 59% მიიჩნევს რომ საქართველომ უნდა გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, და/ან შეინარჩუნოს ისინი არსებულ დონეზე. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში (65,6%) სადაც დომინანტი რუსეთია, ხუთჯერ (!!) აჭარბებდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს (12%). არადა, საქართველოს 2016 წლიდან(!!) აქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.

ამ მშრალი ციფრების უკან კი, ბუნებრივია, დგანან საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახები, თავიანთი სრულიად კონკრეტული ინტერესებით.

დიდი ალბათობით, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ასეთი გაორებული სენტიმენტები რუსეთის მიმართ, სათავეს საქართველო-რუსეთის და საქართველო-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებიდან იღებს. ამ ურთიერთობების სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ ემოციურ-მენტალურ მდგენელებს, ჩვენთან ხშირად ზედაპირულად აფასებენ, რაც ზრდის შეცდომების რისკს, გამომდინარე შედეგებით.

ასეთ პირობებში, ქართველების დუალიზმი რუსეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ტოვებს იმედს და შესაძლებლობის ფანჯარას, რომ შესაბამის მომენტში სიტუაცია სათავისოდ შემოაბრუნოს. ამას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობების ზრდა. თუ შევაჯერებთ NDI-ს გამოკითხვის კითხვა-პასუხებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენს მოქალაქეთა პრო-დასავლური განწყობები ერთგვარ „კოაბიტაციაში“ იმყოფება რუსეთის მიმართ ტრადიციულ პრაგმატულ-მომხმარებლურ დამოკიდებულებებთან, და მოდით, პირდაპირ ვთქვათ - შიშებთან. ეს უკანასკნელი კი განპირობებულია ბოლო ათწლეულის მოვლენებით.

ანტი-ამერიკანიზმის საფრთხეები

მოქალაქეთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ერიდება დასავლეთისადმი საკუთარი რეალური დამოკიდებულების ღიად დაფიქსირებას გამოკითხვაში, რაც მეტწილად გამოწვეულია ან თავის გადაზღვევის ბანალური მოტივით, ან მკაფიო ღირებულებითი ორიენტირების არარასებობით.

ანტი-დასავლური და განსაკუთრებით ანტი-ამერიკული განწყობების კულტივირებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო იმ ახალი ილუზიების და მითების თანდათანობითმა ნგრევამ, რაც ქართველ საზოგადოებას რუსულ-საბჭოური მითების და ილუზიების ალტერნატივად შესთავაზეს. ჩვენი საზოგადოების ცნობიერების მასობრივმა მანიპულირებამ, ამჯერად უკვე დასავლური პარადიგმებით, ძალიან სწრაფად წარმოშვა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დასავლური სამყაროს აღქმის უტოპიური სურათი. თუმცა, ამ სამყაროს მკაცრ და დაუნდობელ რეალობებთან შეჯახებამ ჩვენს ჯერ კიდევ დიდწილად კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურ სოციუმში, დასავლეთისათმი ანტაგონიზმის ტალღა გააღვივა, რასაც ყველანაირად ხელს უწყობდა და უწყობს რუსეთი. ამ სოციუმში შემავალი დაქსაქსული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფები ამჟამად ახალი ეროვნული ლიდერის ძიებაში არიან.

რაც უფრო დიდხანს გასტანს ქართული საზოგადოების ყოყმანი სახელმწიფო იდეოლოგიის, მსოფლმხედველური და ფასეულობითი კატეგორიების მიმართ, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება საშუალო სტატისტიკური ქართველის გაორება „რუსულსა“ და „დასავლურს“ შორის.

აქვე გვინდა შევახსენოთ, ჩვენს მკითხველს, რომ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, აშშ-ს დომინირება მსოფლიოში ობიექტური და, დიდი ალბათობით, მუდმივმოქმედი ფაქტორია. თავიანთ გლობალურ დომინირებას ისინი უზრუნველყოფენ სამხედრო ყოფნით 80-ზე მეტ ქვეყანაში, 12 სამხედრო-პოლიტიკური ბლოკით და 1000-ზე მეტი სამხედრო ბაზისა და ობიექტით მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, მათ შორის საქართველოში (ნუ გაგიკვირდებათ!). აშშ აწარმოებს მსოფლიო ინდუსტრიული მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს და ფლობს მსოფლიო ოქროს მარაგის 70%-ზე მეტს. ეს საშუალებას აძლევს აშშ-ს შეინარჩუნოს ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის პოზიცია. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობის დანაზოგები კი დოლარებშია.

რჩება რა თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკურ გიგანტად, აშშ, ფაქტობრივად, არის თანამედროვე მსოფლიოს არაფორმალური იმპერიაც (ჩინეთთან ერთად) და საგარეო პოლიტიკური ექსპანზიონიზმი მას ახასიათებს ისევე, როგორც იმპერიის სტატუსის დაბრუნებაზე მეოცნებე რუსეთს. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, ასე თუ ისე, აღიარებს აშშ-ს მსოფლიო ლიდერობას და საქართველოს მხრიდან „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსი თამაშები, განსაკუთრებით აშშ-სთან, ძალიან დიდ სიფრთხილეს და ფილიგრანულ პოლიტიკურ უნარებს მოითხოვს.

საქართველოს ინტერესები დღეს იმ დოზით არის ინტეგრირებული ამერიკულში და სტრატეგიული დამოკიდებულება იმდენად დიდია, რომ ყოველგვარი აგრესიული ანტიამერიკანიზმი ჩვენს საზოგადოებაში თუ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, უბრალოდ, განწირულია და სახიფათოც, ყველა პარამეტრით.

საქართველოში აშშ-ს გავლენების დონის გათვალისწინებით, ამერიკელებს არ უნდა გაუჭირდეთ ჩვენს ქვეყანაში ანტი-დასავლური ლოკომოტივის ნეიტრალიზება, ასეთის გაჩენის შემთხვევაში.

საქართველო და მისი საზოგადოება დღეს პოსტიმპერიულ გავლენისგან გათავისუფლების უკიდურესად მტკივნეულ პერიოდს გადის.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ეს რაც შეიძლება ნაკლები სისხლით და ნგრევით მოხდეს, თან ისე, რომ არ დაუშვას ხელისუფლებაში იმ ძალების მობრუნება, რომლებიც მზად არიან გარე ინტერესებს საქართველო ზვარაკად შესწირონ. ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლება მისი მხარდამჭერი საზოგადოება, რომ იტყვიან, დანის წვერზე დადიან, რაც დასავლეთში ბევრს ძალიან არ მოსწონს და არც ერიდებიან ამის ღიად დაფიქსირებას.

ლამის საკრალურად ქცეული ცნობილი ტრიადა - „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც ქართული „სუვერენული დემოკრატიის“ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა, სხვა ტრადიციული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად, წინააღმდეგობაში მოვიდა გაცხადებულ პროევროპულ ლიბერალურ კურსთან. ლოზუნგი „ღირსებით ევროპაში“, სწორედ, ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დისკურსს შორის „ოქროს შუალედის“ პოვნას ემსახურებოდა.

ყველა ერს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, საკუთარი ბიოგრაფია და კულტურული კოდი გააჩნია და სწორედ მისი ზედმიწევნით ცოდნით და თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით არის შესაძლებელი საერთაშორისო არენაზე ცივილიზებული და პასუხისმგებლიანი ქცევის დემონსტრირება. სწორედ, ამიტომ არის საჭირო, ჩვენი ქვეყნის და მისი უახლესი ისტორიის ყველა რთული და ტრაგიკული ეპიზოდების ხელახლა შეფასება და გადააზრება. ამის გარეშე, საქართველოს ვერ ექნება ძლიერი პოზიციები საერთაშორისო არენაზე. ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეცეპტი - ჩამოწერეთ წარსული და იფიქრეთ მომავალზე, ვერანაირად ვერ გამოდგება ჩვენი საზოგადოებისთვის.

რაც მთავარია, დასავლეთთან ურთიერთობაში ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს ერთი მხრივ იმ ინსტრუმენტებისგან, რომლებიც აყალიბებენ მითოლოგემას, რომ დასავლეთს ჩვენი როგორც ერის და კულტურის ნიველირება სურს და მეორე მხრივ, იმ ინსტრუმენტისგან რომლებიც აყალიბებენ განცდას, რომ ამერიკასთან და დასავლეთთან კონფრონტაცია საქართველოს ხახვივით შერჩება.

ამერიკული ზეგავლენა საქართველოზე ძალიან დიდია. ასე განსაჯეთ, ის ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სფეროებზე. ამიტომაც ანტიამერიკანიზმის ექსპლუატაცია უპერსპექტივოა და სახიფათოც.

 

ლევკოთეა ძალიან კარგი ანალიზია და იძლევა ახსნას იმ წინააღმდეგობრივ პროცენტულ მაჩვენებლებზე, რაც გამოკითხვამ აჩვენა.
ერთში შევიტანდი ეჭვს მხოლოდ.
კერძოდ, მოსაზრებაში, რომ მოსახლეობის დანაზოგების მეტი წილის დოლარიზაცია პლიუსებს უმატებს ამერიკულ განწყობებებს ქვეყანაში.
არ აქვს ეგრე მნიშვნელოვანი გავლენა მაგ ფაქტს. თუნდაც იმიტომ, რომ არ აქვს ხალხის რაიმე არსებით ნაწილს დანაზოგი. დოლარი იქით იყოს, არც ლარში არ აქვს.
4 თვის უკან
trampi გეთანხმები დღეს ესეა, მაგრამ ორი წლის მერე ვილაპარაკოთ მედასავლეთელობაზე....
მაგრამ უბედურება ისაა რომ რუსები კიდე დებილები არიან,თან პლიუს უტვინოებიც
მოკლედ წინ კინჯალი უკან კლკლკლკლ-ო ჩვენზეა ნათქვამი

და წარმოიდგინეთ საუკუნეების მანძილზე რამდენი უბედურება აქვს გამოვლილი საქართველოს
მუხრანი მართალია............................
არადა ..იმ ლექსის მნიშვნელობას ადრე ესე მძაფრად ვერ შევიგრძნობდი
,,შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო....
4 თვის უკან