ნაცებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე უფრო სჭირდებათ სიტუაციის ასარევად, თუ 2024 წლის არჩევნებში ჩასართავად?!

ნაცებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე უფრო სჭირდებათ სიტუაციის ასარევად, თუ 2024 წლის არჩევნებში ჩასართავად?!

გამოცდის თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქართველი ხალხის რისხვას და შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ფაქტია, ის ამ თემაზე ფიქრობს და ოპოზიციასთან მისასვლელ გზებსაც იმდენად ეძებს, რომ ამტკიცებს, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს უთქვამს.

„არა და არასდროს“ სიტყვების ავტორი რატომაც ივიწყებს პირვანდელ ნათქვამს სააკაშვილთან მიმართებით, ეს რთული გამოსაცნობი არაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ზურაბიშვილმა უკვე ირიბად მიანიშნა, რომ ორ ვარიანტს განიხილავს - ან პრეზიდენტობის ვადას ბოლომდე მიიყვანს, ან 2024 წლის არჩევნებში ჩაერთვება, თუკი დაინახავს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ნაცები ზურაბიშვილის მიღებას არ ჩქარობენ მანამ, სანამ ის სააკაშვილს არ შეიწყალებს. თუკი ზურაბიშვილს უნდა, ლევან ხაბეიშვილის თვალში ამაღლდეს, ცხადია, სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. ყოველ შემთხვევაში, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „სააკაშვილის შეწყალებით დაამტკიცებს ზურაბიშვილი თავის დამოუკიდებლობას“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის გადადგომას არ გამორიცხავს. ის ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის გადადგომის შემთხვევაში, ივანიშვილი ახალ პრეზიდენტს 5- წლიანი ვადით აარჩევინებს „ქოცხმოსნებს“. ამიტომ ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი პრეზიდენტის არჩევის ფუფუნება არ უნდა მისცენ.

„არა მგონია, „ქოცხმოსნებს“ ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალური საარჩევნო გარემო უნდა იყოს საქართველოში. პრეზიდენტის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რისთვის სჭირდება ოპოზიციას პრეზიდენტი ზურაბიშვილი? მხოლოდ სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალება მათ იმდენად არ ადარდებთ, სავარაუდოდ, ოპოზიციისთვის მთავარია, ზურაბიშვილი გამოიყენონ სიტუაციის ასარევად არჩევნების პერიოდში, როცა კვლავინდებურად დაიწყებენ იმის მტკიცებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა. სწორედ ასეთ პიკურ სიტუაციაში მათ სჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც სიტყვას შეაწევს საერთაშორისო ასპარეზზე და არჩევნების „გაყალბებას“ დაადასტურებს.

მმართველი გუნდი კი მეორე სცენარს ავითარებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით აპირებს გამოსვლას ამ არჩევნებზე. ერთი იქნება თავად „ნაცმოძრაობა“, ხოლო მეორე იქნება ახალი გაერთიანება, სადაც, მაღალი ალბათობით, შევლენ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია. ეს კი ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი არჩევნებამდე უნდა გადადგეს.

გამოაყენებინებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ თავს ნაცებს და გამართლდება თუ არა მმართველი გუნდის შეფასება, რომ ის, სინამდვილეში, „ნაცების პრეზიდენტია“? გადადგება ის არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ დაიწყებს აფილირებას ვითომ არანაცურ ოპოზიციასთან?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ზურაბიშვილის პერსპექტივას ვერ ხედავს. ანალიტიკოსის აზრით, ახლანდელმა პრეზიდენტმა თავად უნდა უპასუხოს კითხვას, რის იმედად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, თუკი ამას აპირებს?!

„ალბათ, თვითონ რაღაც საიმედოს ხედავს და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ თუკი საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. პირადად მე პოლიტიკაში ზურაბიშვილის კარიერის გაგრძელებას ვერ ვხედავ, ვერც გახარიასთან, ხაზარაძესთან, ლომჯარიასთან ერთად, რადგან ურეიტინგო სუბიექტების გაერთიანება არა მგონია, პერსპექტიული იყოს, ეს იქნება ურეიტინგო პარტიები, თუ კონკრეტული ურეიტინგო პოლიტიკოსები“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვერავითარ შემთხვევაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ცალსახად მისი გარე პატრონების დამოკიდებულება აისახება მის საქციელზე, ანუ როგორც უბრძანებენ გარე პატრონები, ისე მოიქეცევა.

ანალიტიკოსი ამის დასტურად ერთ ფაქტს იხსენებს, როცა 7-8 მარტის მოვლენების დროს ზურაბიშვილი ჩაიყვანეს ერთ-ერთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაში, დააყენეს თავისუფლების ქანდაკების ფონზე, საქართველოში კი წარმართეს პროცესები ე.წ. ფარას კანონის ვითომდა რუსულ კანონად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„ასეთ მძიმე პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი, მოუწოდებდა მარტის კატებივით მოხტუნავე მომიტინგეებს, მოლოტოვის კოქტეილები ესროლათ და ცოცხალად დაეწვათ ქართველი სამართალდამცავები. ამის შემდეგ რაზე შეიძლება საუბარი? ეს ქალი ყველაფერზე წამსვლელია, იმდენად ჰყავთ ჩაჭერილი და დავერბოვკებული, თვით ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებაზეც უარს არ იტყვის, ოღონდ საკუთარი პიროვნული ინტერესები დაიკმაყოფილოს და საკუთარი შვილები კარგად ჰყავდეს. არ გამიკვირდება, თუკი ეს ქალბატონი მომავალში გვეტყვის, თითქოს საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ და განმარტა, რომ, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახლა არ გადადგება და პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩება არჩევნების ჩატარების პერიოდში. ამას მარტივი მიზეზი აქვს, რადგან ზურაბიშვილი აპირებს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას ზუსტად იმ პერიოდში, როცა ოპოზიცია დაიწყებს ლაპარაკს, თითქოს არჩევნები ყალბდება.

ანალიტიკოსის აზრით, ქვეყნის პირველი პირი - პრეზიდენტი როდესაც იტყვის, არჩევნები გაყალბდაო, უკვე ცხადია, რა რეზონანსიც ექნება ამ ფაქტს უცხოეთში.

„ცხადია, ამ არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუკი ასე გაგრძელდა პროცესები და რაიმე მამაძაღლობა არ ჩაიდინეს შინაურმა და გარეულმა მტრებმა, გაღმელმა და გამოღმელმა მეხუთე კოლონის პატრონებმა საქართველოში. თუმცა როდესაც ოპოზიციონრები ატეხენ ყიყინს, ამ დროს გამობრძანდება ეს ქალბატონი და იტყვის, არჩევნები გაყალბდაო. ეს კანდიდატობის სტატუსიც ჩვენს თავზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი იყო, მაგრამ, ღვთის მადლით, ერისა და ბერის ერთად დგომით ყველა სიძნელე დავძლიეთ, არჩევნებსაც მშვიდობიანად ჩავატარებთ“, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.