სააკაშვილის შეწყალება არ ნიშნავს, რომ იგი დატოვებს საპყრობილეს, რადგან მის მიმართ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება

სააკაშვილის შეწყალება არ ნიშნავს, რომ იგი დატოვებს საპყრობილეს, რადგან მის მიმართ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნებოდა, საქართველოს პრეზიდენტის მისვლას ინციდენტი მოჰყვა. სულხან მოლაშვილის და ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრებმა სთხოვეს სალომე ზურაბიშვილს, მიეცა მათთვის პირობა, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს, რაზეც პრეზიდენტმა არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ პასუხის შემდეგ ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველი პრეზიდენტს პირობის დადებას სთხოვდა, რომ არ შეიწყალებს ექს-პრეზიდენტს.

„პირობა მომეცით, რომ არ შეიწყალებთ. არ უნდა შეიწყალოთ, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ შეიწყალებთ“, - მიმართა ია მეტრეველმა, რაზეც პრეზიდენმა უაპუხა: „თქვენ გაქვთ იმედი და საკმარისია“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა და თავისულების მოედანი დატოვა.

შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი მსჯავრდებულ სააკაშვილს, უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი მუშაობს და როგორც for.ge წერდა, ზურაბიშვილის გეგმაზე - შეწყალების აქტი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოსცეს. ამის შემდეგ გადადგეს და უკვე ოპოზიციური ფრთიდან ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, რამდენიმე განაჩენი უკვე სახეზეა და პრეზიდენტს შეუძლია მათზე გამოიყენოს შეწყალების უფლება. იმ საქმეებზე კი, რომლებზეც ჯერ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, შეწყალების შემთხვევაში, დამატებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იქნება საჭირო. თუმცა, სანამ პროკურატურა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით შევა სასამართლოში, ამ დროისთვის სააკაშვილი თავისუფლებაზე იქნება.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურას შეუძლია იმავე დღეს, ან მეორე დღეს შევიდეს სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, როდესაც პირი უკვე არ არის მსჯავრდებული, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე, პროკურატურას უფლება აქვს შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.

„ეს მას შემდეგ მოხდება, როდესაც გამოცხადდება შეწყალება. სავარაუდოდ, სააკაშვილი რამდენიმე საათი იქნება თავისუფლებაზე. თავისთავად ცხადია, რომ იმ დანაშაულებისთვის და მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ იხილება მსჯავრდების საკითხი, ყველანაირ ლოგიკას და საფუძველს მოკლებულია სააკაშვილის შეწყალება. მაგრამ, თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, მისთვის იქნება საზიანო, რადგან ცხადი გახდება მისი პოლიტიკური მდგენელი. მაგრამ ძნელია იმის თქმა, რას იზამს ზურაბიშვილი. მას შემდეგ, რაც სრულიად ურთიერთსაწინააღმეგო ნაბიჯები გადადგა, შეიძლება ყოველ წუთას მოხდეს შეწყალება, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. ძალიან არაპროგნოზირებადი ქალბატონია. ამიტომ ვერ გეტყვით, რას იზამს“, - აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის სათვალავზე ორი განაჩენი და მიმდინარე სამი საქმე ირიცხება. 2018 წელს მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის. ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. პიჯაკების საქმე) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით. საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ, ამას ასევე დაემატა მესამე საქმე - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრლდებით. გარდა ამისა, სააკაშვილს ჯერჯერობით ბრალი არ აქვს წაყენებული ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, კერძოდ დავით გარეჯის გასხვისების საქმეზე.

იმ საქმეებზე, რომელზეც მისჯილი აქვს, შეწყალების ფაქტი ცვლის თუ არა სააკაშვილის მომდევნო ბედს, უკვე იმ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში რომელთა განხილვა მიმდინარეობს სასამართლოზე, კომენტარს არ აკეთებენ გენერალურ პროკურატურაში.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება, რომ პატიმრობა მოითხოვს იმ საქმეზე, რა საქმეზეც არის ბრალდებული. მისი თქმით, შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ დამდგარ განაჩენზე. მიმდინარე საქმეზე, სადაც ბრალდებულის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები იხილება, რა თქმა უნდა, შეწყალების უფლება პრეზიდენტს არ აქვს.

„ყველა საქმე რომ იყოს დასრულებული და ის იყოს მსჯავრდებული, ასეთ შემთხვევაში, ეფექტური ინსტრუმენტი იქნებოდა შეწყალება, ვინაიდან ყველა საქმიდან გათავისუფლდებოდა და იქნებოდა შეწყალებული. კონკრეტული საქმის მასალები არ ვიცი და დეტალებზე არ შემიძლია ლაპარაკი. ქალბატონი ზურაბიშვილის ნათქვამი ყველას კარგად ახსოვს. ბუნებრივია, მას აქვს უფლება, რომ შეწყალების აქტი განახორციელოს, თუმცა რატომღაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონმა სალომემ ეს არ გააკეთოს. ვერ გეტყვით, ნამდვილად გამიჭირდება ამაზე საუაბრი. არ იქნება ეფექტური ეს შეწყალების აქტი და ვფიქრობ, რომ მრჩევლები ვინც ჰყავს, აუხსნიან, რომ ბატონი სააკაშვილის შეწყალება დამდგარ განაჩენზე არ ნიშნავს, რომ დატოვებს საპყრობილეს. იმიტომ, რომ მის მიმართ მიმდინარეობს სხვა საქმეზე გამოძიება და როგორც ვიცი, არ აქვს პატიმრობა შეფარდებული.

როცა გამოდის შეწყალების აქტი, ბუნებრივია, ავტომატურად თავისუფლდებიან. დროში როგორ იქნება, ის დატოვებს საპატიმროს და ამის შემდეგ შევა ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოში, ეს უკვე ტექნიკური დეტალებია და, ალბათ, ამაზე უფრო პროკურატურამ უნდა ისაუბროს. თუმცა, წინასწარ ვერც პროკურატურა იტყვის, იმიტომ, რომ ეს იქნება ვარაუდი. რთულად საპროგნოზოა, რას იზამს პრეზიდენტი, შემდეგ პროკურატურა და მოგვინებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - ამბობს ჭკადუა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ადვოკატები ყოველთვის მომხრე არიან ჰუმანური აქტების, ანუ შეწყალების, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, საზოგადოების უმრავლესობა ამაზე ცალსახად ამბობს - „არა“.

„ეს არის ადამიანი, რომელიც თავად არ ითხოვს შეწყალებას და რატომღაც ამ ბოლო ხანებში ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც არ ითხოვდნენ შეწყალებას და უფრო მეტიც, მხოლოდ და მხოლოდ მისი რეპუტაციის და ღირსების შელახვით იყვნენ დაკავებულები. იცით, დრო რომ გადის, ადამიანების ნაწილს ავიწყდება ის ტკივილი, რაც მათ გამოიარეს. თუმცა, ახალი თაობა გაიზარდა და ბევრი სხვანაირად უყურებს ამ ამბავს. პიარიც კარგად მუშაობს.

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ სააკაშვილმა აუცილებად უნდა მოიხადოს სასჯელი, თუმცა მას გააზრებული უნდა ჰქონდეს რატომ იხდის სასჯელს. ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვნახეთ სააკაშვილი, რომელიც იტყოდა, რომ მას შეეშალა, ან მიზანმიმართულად ბოდიში მოეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დატანჯეს, მოკლეს და ა.შ. შესაბამისად, ჩემი აზრით, იგი არ იმსახურებს შეწყალებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონტექსტი თან ახლავს ამ ყველაფერს.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, რომლებიც ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ქალბატონი სალომე მათ არ იწყალებს. შესაბამისად, მას როგორც ვხედავთ, მომავალი პოლიტიკური გეგმები აქვს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში, მინიმუმ, მის ამომრჩეველთან, ვისთანაც ანგარიშვალდებულია. შესაბამისად, არ ვიცი, რას გეგმავს. მიჭირს ამაზე პასუხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.