სტატუსის მონიჭებით ევროკავშირმა პასუხი გასცა ოპოზიციას, რომ ფსონს მათზე არ დადებენ

სტატუსის მონიჭებით ევროკავშირმა პასუხი გასცა ოპოზიციას, რომ ფსონს მათზე არ დადებენ

ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი საქართველოს 27 ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიენიჭა და უკვე წინმსწრები მოლოდინიც გაჩნდა, ბარემ ნატოც იყოს...

„ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ქართველი ხალხი თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმის აღსანიშნად დაპატიჟა. თუმცა საზოგადოების ნაწილი პრემიერის მიპატიჟებამდე თავად ეპატიჟებოდა საკუთარ თავს დედაქალაქის ქუჩებში და ღამითვე აწყობდა საზეიმო ავტომსვლელობას, მანქანებიდან აფრიალებული საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. ზეიმის თანმხლები ატრიბუტია თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის ევროკავშირის დროშის ფერებში განათება.

წარსულს ჩაბარდა პირვანდელი წყენა, როცა ევროპამ ერთხელ უკვე არასამართლიანად გამოგვისტუმრა უკან, უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით არ მოგვცა სტატუსი და, პირდაპირი მნიშვნელობით, რუსეთს შეგვატოვა. იმ პერიოდში განმეორდა ისტორია, ასევე მოექცა სულხან-საბას „მეფე მზე“ -ლუი მე-14, როცა ვერსალის სასახლეში დიდხანს ლოდინის შემდეგ უცერემონიოდ უარით გამოისტუმრა.

დღეს სწორედ ფრანგული წარმომავლობის ბელგიელი პოლიტიკოსის - ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის აქტიურობით მოგვენიჭა ეს სტატუსი, რაშიც თავისი წვლილი მიუძღვით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ვარჰეის. პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის შესახებ.

ამ ისტორიულ დღესაც არ წყდება იაფფასიანი ქიშპობა იმის შესახებ, ვინ მოიტანა გამარჯვება - ქართველმა ხალხმა, თუ ხელისუფლებამ. იგრძნობა მცდელობა, ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ და გამარჯვება მხოლოდ ერთი მათგანის დამსახურებად წარმოაჩინონ.

ამის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ესაა დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად ხალხისთვის მოიპოვა“. პრემიერი ამ დღეს ქართველ ხალხთან ერთად პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე. სახალხო ზეიმს არ გამოაკლდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ევროპა ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ევროპა ჩვენი მენტალობაა, ეს არის ჩვენი კულტურის წიაღი“, - ამბობს ნიკუშა შენგელაია და ამაყობს იმით, რომ ღირსეულად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, არც ცალი ფეხით, არც ასკინკილით არ მიგვიღია სტატუსი.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სიბრძნე გამოიჩინა და არ წამოეგო პროვოკაციებს.

რას ნიშნავს ეს დღე ოპოზიციისთვის, რომელიც იხტიბარს არ იტეხს და წარმოაჩენს, თითქოს ამ დღემ, ანუ პუტინის დამარცხებამ საქართველოში, სიამოვნება მიანიჭა. ევროკავშირის სტატუსი რომ არა, ოპოზიცია რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ევროკავშირმა რევოლუციის სამზადისში მყოფებს სათადარიგო გეგმები ჩაუშალა.

მართალია, კანდიდატის სტატუსის მონიჭებიდან ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ფაქტია, ამაოდ ელოდნენ რევანშისტები, რომ დასავლეთი მათზე ფსონს დადებდა და სტატუსის არმონიჭებით გარედან შეაშველებდა ხელს.

ევროკავშირმა თავად არ ისურვა საქართველოში პოლარიზაციის მიზეზი გამხდარიყო და ნაცებისთვის ილუზიები მიეცა, ამიტომ კანდიდატის სტატუსი გამოიმეტა.

რას ნიშნავს ევროკავშირის მიერ მოცემული სტატუსი და ხომ არ არის ეს ქვეტექსტი იმისა, რომ ნაცები არ წარმოადგენენ ევროპელებისთვის საინტერესო ძალას?!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცეს საქართველოს სახელმწიფოს, მის ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ამდენად, აქ ნებისმიერი ვაჭრობა თუ ინსინუაცია მიუღებელი და ტრაგიკომიკურია, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, რადგან დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერ ქვეყანაში ხალხის მანდატით მოქმედებს არჩეული მმართველი პარტია და ეს აქსიომაა. თუ ეს აქსიომა ავიწყდებათ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, ეს მათი პრობლემაა, რაც შემდგომ არჩევნებზე მათ ნულოვან შედეგზე აისახება.

გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ დათქმები და რეკომენდაციები ყველა ასპირანტ ქვეყანას გააჩნია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მეტიც, დამატებითი რეკომენდაციები და დათქმები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთაც სურთ, დამატებითი დაფინანსება მიიღონ ბრიუსელიდან. ამაში ახალი არაფერია, თუმცა იმ რევანშისტ ძალებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილნი, ნებისმიერი თემა სჭირდებათ თავიანთი დესტრუქციული დღის წესრიგის წასაწევად და პროცესების ასარევად საქართველოში, რაც არ გამოუვიდათ ამდენი წელი და არც მომავალში გამოუვათ. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად. გასაგებია, რომ ხელისუფლება ფრთხილადაა, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა იფრთხილოს, რათა ნებისმიერი საბაბით თუ მიზეზით ავაზაკი ნაცოპოზიცია არ შეეცადოს საქართველოში სიტუაციის აყირავებას და სტაბილური განვითარების რელსებიდან ჩვენი ქვეყნის გადაყვანას, რაც ვერ გაუვათ, მაგრამ მცდელობას მაინც არ დააკლებენ, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა აღიქვან თუ არა დესტრუქციულმა ძალებმა დასავლეთის მხრიდან ერთგვარ გაფრთხილებად, რომ დასავლეთს მოქმედი ხელისუფლება უფრო ეიმედება?! ამის შესახებ გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქტორისთვის ტრაგედიაა, როცა ის დასავლეთიდან ფსონს ელოდება. ფსონს და არჩევანს ისინი უნდა იღებდნენ საკუთარი მოქალაქეებისგან ლეგიტიმურ არჩევნებში და ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების, ან კიდევ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების დროს.

„ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის ერთი ლიანდაგი, რომელსაც ორი რელსი აქვს. ერთ რელსზე მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის მრავალწლიანი, მრავალდარგობრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა, ხოლო მეორე რელსია ევროკავშირში გაწევრიანება. ეს რელსები ერთმანეთს ხელს არ უშლიან. რაც უფრო წინ მიიწევს ნებისმიერ რელსზე ევროინტეგრაციული პროცესები, მით უკეთესი. სტატუსის მონიჭება-არმონიჭება არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ უკავშირდება, როგორც ეს ტოქსიკურმა რადიკალებმა გაავრცელეს და ცრუ მოლოდინი შექმნეს. ეს არ უკავშირდება არანაირ დამატებით გრანტებს, არანაირ ფინანსურ სარგებელს, ყველაფერი ეს პირობით მეორე რელსზეა, რასაც ჰქვია ფართო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირის სტრუქტურებთან. ასე რომ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კარგია, საპატიოა, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამაზე უფრო წინ დგას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მომდევნო ეტაპი, შრომატევადი, მრავალტონიანი მოლაპარაკებები. პროცესი დაწყებულია“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„თავისთავად მოსალოცია კანდიდატის სტატუსი, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად იმ დივიდენდებს მოგვიტანს, რომ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობის წონა ამ სტატუსით კიდევ უფრო გაიზრდება. ეს მოგვცემს ფინანსური დახმარებების პაკეტს, სერიოზულ ფინანსურ გრანტებს, შეიძლება, ეს დახმარებები მოიცავდეს რამდენიმე მილიონ ევროსაც. გარდა ამისა, ჩვენი უვიზო მიმოსვლა რჩება მნიშვნელოვან თემად, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო მიმართულებით პროექტები კიდევ უფრო გაიზრდება, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სამხედრო მისიის წარმომადგენლების უფლებამოსილებაც შეიძლება გაიზარდოს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია, ევროკავშირი არც ეხება ოპოზიციის თემას, ოპოზიციის და ხელისუფლების ფაქტორი ფიქსირდება მხოლოდ პოლარიზაციის დონის შემცირებაში, რომელიც საქართველოში კიდევ უფრო ღრმავდება და გაღრმავდება კიდეც.

ვახტანგ მაისაია არ მალავს, რომ შიშობდა, ევროკავშირს არ გადაეწია ამ სტატუსის მონიჭება არჩევნების ჩატარების ფონზე, მაგრამ ევროკავშირმა წინმსწრებად მისცა ჩვენს ქვეყანას იმის საშუალება, ეს ავანსი შევასრულოთ და დავამტკიცოთ, რომ საქართველო მართლაც ღირსია სტატუსის მონიჭების. ამ მხრივ არჩევნები მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.

„ზოგიერთები ცდილობდნენ, ევროკავშირის სტატუსის თემა სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაეკავშირებინათ, მაგრამ ევროკავშირის სტატუსი რომ სააკაშვილის თემას არ დაუკავშირდებოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო. სააკაშვილი აქ არანაირ კავშირში არ იყო. ევროკავშირის მიდგომა სააკაშვილის მიმართ დიდი ხანია, დაფიქსირებულია. ევროკავშირის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სააკაშვილი იყო ავტორიტარული რეჟიმის მმართველი და მის გათავისუფლებას არავინ ითხოვს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.