ზურაბიშვილი პატიმარ სააკაშვილის შეწყალებაზე მუშაობს

ზურაბიშვილი პატიმარ სააკაშვილის შეწყალებაზე მუშაობს

სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექს-პერზიდენტის შეწყალებისთვის ემზადება. არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქმედი პრეზიდენტი პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება. საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს განუცხადებია და ის არ აკეთებს კომენტარს შეწყალებასთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ, ეს არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე, არა მხოლოდ მან - სააკაშვილმა, არამედ შევარდნაძემაც. ის იყო პირველი, ვინც გახსნა ჭიშკარი.

ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდეგ ცოტა ავტოკრატიულად გადაქცევის ტენდენცია აქვთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ პარტიის დამფუძნებელი საპატიმროს დატოვებს. პარტიის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, დგას რუსეთის აგენტებზე და ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟისთვის, პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებით ეროვნულ და ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასაც. დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში. ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზებას ემსახურება“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე არ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას და აცხადებს, რომ პოლიტიკოსის მიერ შეხედულების გადახედვა მის პროგრესულობას ნიშნავს.

„არასერიოზულია, სალომე ზურაბიშვილს იმის გამო უკიჟინო, რატომ შეცვალე პოზიციაო. პოლიტიკა არის ცვალებადი, დინამიკური. მით უმეტეს, ცვლილება კარგისკენ თუ ხდება, შესაქებია. შეცდომა თუ დაუშვი და ამას აიკვიატებ, რომ პრინციპულობის მოტივიდან გამომდინარე უნდა დაიცვა, ეს არასერიოზულია. მოუვიდა შეცდომა და გადახედა. ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც. არასოდეს უთქვამს, რომ მათ შეიწყალებდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ შეიწყალებს. დეპუტატი არ გამოვრიცხავს, რომ დაინახონ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს და ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ხელით, ზედ არჩევნების წინ გაუშვას სააკაშვილი. მისი თქმით, ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეულწილად, დაზღვევის როლს თამაშობს, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, ამიტომ კითხვა იმაში მდგომარეობს, ივანიშვილი ემზადება თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხული არაფერია. საერთოდ არ გამოვრიცხავ, დაინახონ, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზედ არჩევნების წინ გაუშვას სააკაშვილი ზურაბიშვილის ხელით და საზოგადოებას უთხრას, რომ აი, ისევ მე თუ არ მომცემთ ხმას, მიშა მოვა. „მიშა მოვა“ გზავნილის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს. წავა თუ არა ამაზე „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის ხელით, ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ თუ წავა, ამას „ოცნება“ აკეთებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ზურაბიშვილის მხრიდან სკანდალურ შეწყალებას არ გამორიცხავენ ხელისუფლებაში. ვიცე-პრემიერი, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ვერაფერს ვერ გამორიცხავს, რადგან ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„არაფერს გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, რადგან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილს მისჯილი აქვს, თუმცა პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, რომ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ გაუგებარია რა აიძულებს პრეზიდენტს ასეთი იაფფასიანი მეტამორფოზა შესთავაზოს საზოგადოებას. დეპუტატის შეფასებით, როგორც ჩანს, არის რაღაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ ანაღვლებს მათ შორის ზურაბიშვილის რეპუტაცია და რომლისთვისაც, ახლა უფრო მეტად აქტუალურია სააკაშვილის შეწყალებაზე მუშაობის დაწყება. შესაბამისად, მისი თქმით, იძულებულია ზურაბიშვილი ამას ანგარიში გაუწიოს.

„ზურაბიშვილს ან თვითონ აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ან მისთვის მთავარია, რას იფიქრებენ უცხოეთში - რა აიძულებს ასეთი იაფფასიანი მეტამორფოზა შესთავაზოს საზოგადოებას, გაუგებარია. მძიმე სანახავია, როცა ზურაბიშვილი ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს ქართველი ამომრჩევლის მიმართ. არ ვიცი გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როცა მისივე სიტყვებია „არა და არასდროს“, დასმულ კითხვაზე - შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. „არა და არასდროს“ ნიშნავს, რომ არ აპირებდა გადაეხედა ამ პოზიციისთვის.

როცა ის იძლევა ინტერვიუს და ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, არ ვიცი, რაზე აქვს გათვლა. როგორც ჩანს, საერთოდ არ ანაღვლებს რას იფიქრებენ მის შესახებ საქართველოში და მისთვის მთავარია, რას იფიქრებენ უცხოეთში, სადაც შეიძლება მისი მანამდე გაკეთებული განცხადებები ნაკლები ყურადღების ღირსად ჩაეთვალათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დღემდე ვერ მიიღო კვალიფიციური სამართლებრივი პასუხი ძალიან ელემენატარულ შეკითხვაზე - იმ საქმეზე, რომელზეც მისჯილი აქვს, შეწყალების ფაქტი ცვლის თუ არა სააკაშვილის მომდევნო ბედს იმ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში, რომელთა განხილვა მიმდინარეობს სასამართლოზე.

„არ ვარ იურისტი და არ მაქვს კითხვაზე პასუხი. ამიტომ ორი ვარიანტია, თუ არაფერს არ ცვლის და მისი საპყრობილედან თავისუფლებაზე გამოყვანას ხელს უშლის მიმდინარე სასამართლო პროცესები, მაშინ რა ენაღვლება, შეიწყალებს. შეიწყალებს ნაცებისა და რადიკალური ოპოზიციის გულების მოსაგებად და მოიშველიებს არსებულ კანონმდებლობას, ხელებს გაიშვრეს და იტყვის - რა ვქნა, რაც შემეძლო გავაკეთე. დანარჩენი თქვენ იცით. შეცვლეთ ეს ხელისუფლება, გაათავისუფლეთ თქვენი ბელადი ციხიდან, მე ამაში ვერაფრით ვერ გეხმარებით.

მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ეს სამართლებრივი პასუხი თქვენს შეკითხვაზე მე არ გამაჩნია და, ალბათ, ეს პასუხი ნამდვილად გააჩნია ზურაბიშვილს. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელია ზუსტი პროგნოზების გაკეთება. თუ არსებობს იმის ვარიანტი, რომ მისი შეწყალების შემთხვევაში სააკაშვილი რეალურად თავისუფლებაზე აღმოჩნდეს, აქ უკვე შეიძლება ზურაბიშვილზე შიშის ფაქტორმა იმუშაოს, რომ მის ორბელიანის სასახლესთან შეიძლება სრულიად საქართველო აღმოჩნდეს. აქვს ეს შიში, თუ არა, ამაზე პასუხი დევს ზუსტ სამართლებრივ შეფასებაში - რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ელოდება, რომ დასავლეთის გარკევული ძალების ბრძანებით ზურაბიშვილი არჩევნებამდე პერიოდში შეიწყალებს სააკაშვილს. მისი თქმით, შეწყალების მიზანია პროცესების რადიკალიზაცია და ხელისუფლების ხელში აღება.

„გამოიკვეთა უკვე, რომ ეს ქალბატონი საქართველოში დანიშნულია გლობალური ომის პარტიის მიერ მე-5 კოლონის ხელმძღვანელად. რა დავალებსაც მიიღებს, იმ დავალების უსიტყვოდ შემსრულებელია. რომ მისცე დავალება - მთელს საქართველოს გადაასხას ბენზინი, მისცენ ასანთი ხელში და უთხრან, რომ ცეცხლი წაუკიდეო, გამკეთებელია. ვხედავთ, რომ ყველაფრის მკადრებელია, რომელსაც არ გააჩნია ღირსება. მოქმედებს გლობალური ომის ძალების ინტერესებით, რომელთაც უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.

ამ შეწყალებით შეეცდებიან დესტაბილიზაციის შექმნას, მაგრამ ვეჭვობ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. ჩემი მოლოდინია, რომ არჩევნებამდე პერიოდში შეიწყალებს, რომ ამით, ვითომდა, პოლიტიკურ დივიდენდებს მისცემენ. უნდათ გახადონ კიდევ უფრო მყარად ოპოზიციის ვითომდა ლიდერი და ამიტომ გააკეთებენ ამას. მაგრამ ვიცით, შემდეგ რა მოჰყვება ამას ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელთა უდიდესი ნაწილი არის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, იმ ცნობილი განცხადების შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა გააკეთა „არა და არასდროს“, საკმაოდ მოულოდნელი იყო განცხადება, რომ არასდროს უთქვამს უარი სააკაშვილის შეწყალებაზე, რამაც კითხვები გააჩინა მთელს საზოგადოებაში.

„მანდ ერთი მომენტია, თავი რომ დავანებოთ ჰუმანურ საკითხებს და ძირითადად პოლიტიკურ თემებს შევეხოთ, სალომე ზურაბიშვილი თუკი სააკაშვილს შეიწყალებს, შეუძლია თქვას, რომ მისი პოლიტიკური რეიტინგი, ფაქტობრივად, განულდება. ლაპარაკი დიდი კოალიციის შექმნაზე და ამ კოალიციაში ზურაბიშვილის როლზე არაფრის მომტანი ნამდვილად აღარ იქნება. ამიტომ, თუ პოლიტიკაში შესვალას აპირებს, ეს იქნება მისთვის ძალიან მცდარი ნაბიჯი“, - აცხადებს ძაბირაძე.

კითხვაზე - ზოგადად, რას გამოიწვევს სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში, ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ექს-პრეზიდენტის განთავისუფლება საქართველოში სიტუაციას დაძაბავს.

„სააკაშვილს დიდი რეიტინგი და მხარდაჭერა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს ძალიან კარგად, რაც მშვენივრად ეხერხება. 11 წელია ერთი და იმავე თემას ატრიალებს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი არ გაჩერდება, ირბენს რაიონებში, რასაც გამოიყენებს ხელისუფლება და იტყვის, რომ ხომ ვამბობდით ნაციონალები ბრუნდებიან და რა თქმა უნდა, ისევ პატიოსნად მოიგებს არჩევნებს. აი, ეს იქნება. დიდ დაძაბულობას ვერ შექმნის სააკაშვილი, მაგრამ იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას ისევ და ისევ სატყუარად, ძალიან კარგი რამ იქნება საარჩევნოდ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

trampi თავში იხალონ ორივემ ქვა
4 თვის უკან