„მოშე კლუგჰაფტის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საზოგადოებისთვის სააკაშვილის რეჟიმის შეხსენება უნდა იყოს“

„მოშე კლუგჰაფტის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საზოგადოებისთვის სააკაშვილის რეჟიმის შეხსენება უნდა იყოს“

პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტის სახელმა ოპოზიცია დააფრთხო. მათ გაახსენდათ „ნაცების“ გამოსახულებიანი სისხლიანი ბანერები და შეშინდნენ, რომ მოშე კლუგჰაფტის ხელწერა სწორედ სისხლიანი ბანერების გამოკვრა იყო წარსულშიც და ეს უცხოელი კონსულტანტი სიძულვილის შემცველ წინასააჩევნო კამპანიას დაგეგმავდა მომავალშიც, 2024 წლის არჩევნებისთვის.

ხელისუფლება ამშვიდებს „ნაცებს“, რომ სისხლიანი ბანერების იდეის ავტორი არა მოშე კლუგჰაფტი, არამედ კონკრეტული „მადლიერი“ ბიზნესმენია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა. ამდენად, ხელისუფლების აზრით, რომელი პიარტექნოლოგი მოახდენს „ნაცების“ დემონიზებას, როცა „ნაცები“ ისედაც თვითდემონიზების პროცესში არიან?!

როგორი იქნება მოშე კლუგჰაფტის ხელწერა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაიქირავა მირი მიქაელთან ერთად?!

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო „ქართულ ოცნების“ სტრატეგიული მრჩეველი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არც თუ ისე იოლად გაიმარჯვა. კლუგჰაფტი მაშინ ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც გამოჩნდა.

უცხოური მედია მიშელ კლუგჰაფტს აგრესიულად და კრეატიულად მოიხსენიებს, რომელმაც იცის თავისი საქმე.

კლუგჰაფტი და მისი ქალბატონი კოლეგა მირი მიქაელი Act News-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერია პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში. ის მუშაობდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე, ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერთან. „ქართული ოცნება“ არ მალავს, რომ სწორედ კლუგჰაფტის რჩევით მოხდა ზურაბიშვილის ჩანაცვლება ბანერებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახულებით.

სააკაშვილმა იმთავითვე აითვალწუნა მოშე კლუგჰაფტი და 2018 წელს „ვიღაც ებრაელ აფერისტად“ მოიხსენია, რადგან კლუგჰაფტი იმხანად ზურაბიშვილს ეხმარებოდა, რაზეც ზურაბიშვილმა სააკაშვილი ანტისემიტური გამოთქმის გამო ამხილა.

რაც შეეხება მირი მიქაელს, ბოლო 17 წლის განმავლობაში ისრაელის წამყვან ტელეარხებზე კორესპონდენტად მუშაობისას მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის, ბორის ჯონსონს, ანგელა მერკელს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას მოშე კლუგჰაფტის პროფესიულ თვისებებზე საუბრობს და ამბობს, რომ კლუგჰაფტმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაამტკიცა, რომ საკმაოდ წონადი პროფესიონალია საარჩევნო ტექნოლოგიებში, რის შედეგადაც მეორე ტურში პრეზიდენტად აირჩიეს ზურაბიშვილი. ის ფაქტი, რომ კლუგჰაფტის ჩამოყვანას ოპოზიცია მტკივნეულად ხვდება, ანალიტიკოსს არ უკვირს, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ ეფექტურად წარმართული საარჩევნო კამპანია 2024 წელს კიდევ უფრო მძლავრად წარიმართება.

გია აბაშიძის შეფასებით, ცხადია, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადასაწყვეტი იყო, რომ ეს პროფესიონალი ჩამოეყვანათ, მაგრამ ანალიტიკოსს აინტერესებს, ვინ ლაპარაკობს სიძულვილის ენაზე - გვარამია და მისნაირები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ამუნათებენ ჩვენს ტრადიციებს, ფასეულობებს?! ეს ფლიდები და უნამუსოები სხვის სიძულვილის ენაზე როგორ ლაპარაკობენ?!

„მოშე კლუგჰაფტის საარჩევნო კამპანია იყო ისეთი, როგორიც არის ისრაელში, ამერიკაში, ევროპაში, სადაც საარჩევნოდ სხვადასხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული და ამაში კრიმინალური არაფერია. ზუსტად კრიმინალები, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ ამაზე უარყოფითად, რომელთაც სძულთ თავიანთი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება, არამედ საკუთარ საზოგადოებასთან დაპირისპირებაა. მოშე კლუგჰაფტი იქნება, მისი კოლეგა ქალბატონი, თუ კიდევ სხვაც დაემატება ამ ადამიანებს საარჩევნო პროცესში, ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, სამაგიეროდ, ანომალიაა ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გამოირჩევა მუდმივი ფარისევლობით, სიძულვილის ენის ტირაჟირებით, ტოქსიკურობით და აგრესიით. ჩვენ გვახსოვს, სააკაშვილმა მოშე კლუგჰაფტი როგორ ქსენოფობიურად მოიხსენია, ეს სააკაშვილის მახასიათებელია, ვინც მას არ ეთანხმება და მასთან დაპირისპირებულია, მასთან აგრესიულ კონფრონტაციაში უნდა შევიდეს. ეს პრობლემა არაა, მაგრამ როგორც კლუგჰაფტის, ისე „ქართული ოცნების“ პარტიული პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ საზოგადოებას შეახსენონ, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს, რადგან ე.წ. GEN Z თაობას ეს არ ახსოვს, ზოგიერთი პატარა იყო, ზოგი დაბადებულიც არ იყო სააკაშვილის სისხლიან პერიოდში, ამიტომ ხალხს უნდა შევახსენოთ, როგორი ფაშისტური ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს 9 წლის განმავლობაში“, -მიიჩნევს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, მართალია, „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს „ნაციონალების“ სისხლიანი პერიოდის შეხსენებას ხალხისთვის, რადგან საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს გამოკვლევების მიხედვით, მაგრამ თვითონ ჩვენი ხალხი საჭიროებს იმის შეხსენებას, რაც სისხლიან ბანერებზეა აღბეჭდილი. ფაქტია, ხალხსაც ავიწყდება სისხლიანი წარსული, ოპოზიციაც ცდილობს, ამ დავიწყებას ხელი შეუწყოს და გაკვირვებული იძახის, რაღა საჭიროა ეს ბანერები, ეს სიძულვილის ენა არისო, მაგრამ ბევრი ჩვენგანი მოესწრო იმ დროს და სიძულვილის ენა ნამდვილად მეფობდა მაშინ, არათუ ენა, ქუჩაშივე ესროდნენ ხალხს, ციხეში სვამდნენ უდანაშაულო ადამიანებს.

„გერმანულ ნაციზმზე დღეს უარყოფითად რომ ლაპარაკობენ, ეს სიძულვილის ენაა, როგორც პოლიტიკური მოვლენა, თუ ადამიანებისთვის იმის შეხსენება, რომ ნაციზმი არსებობდა და შეიძლება კიდევ იარსებოს?! მით უმეტეს, დასავლეთშიც ნაცისტურმა მოძრაობებმა გაიღვიძა და ეს ტალღა, ალბათ, უფრო გაძლიერდება. ასე რომ, ადამიანში რაღაც ცუდი არსებობს და იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ცუდი ცუდია, მომავალი თაობისთვის შესახსენებელია. თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ერთ ეტაპზე ბოდიშიც არ მოიხადა იმაზე, რასაც აკეთებდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი აპირებენ ტყუილის სტრატეგიის გაგრძელებას. ისინი აპირებენ იმ პრინციპის გაგრძელებას, რომ მათ დროს საზოგადოებისთვის მიუღებელი თითქოს არაფერი ხდებოდა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება პიარტექნოლოგების ჩამოყვანას, ანალიტიკოსის აზრით, ნებისმიერ სრულიად გამარჯვებულ გუნდსაც კი საარჩევნო კონსულტანტი სჭირდება სწორედ იმიტომ, რომ კონსულტანტი გარედან უყურებს მოვლენებს, შიგნით არ არის და სუბიექტური ნაკლებად იქნება. უშუალოდ მოშე კლუგჰაფტთან მიმართებით კი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, ქართული პრაქტიკა აქაც ხარვეზიანია.

„მახსენდება ამ კონსულტანტის შეცდომა, როცა ბანერებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახულების ქვეშ ზურაბიშვილის სახელი მიაწერეს. ეს შეცდომა გამოწვეული იყო იმით, რომ ამ კონსულტანტს არ შეეძლო ეგრძნო, რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს საზოგადოებას ამ ტიპის წარწერებზე, რაც დაცინვის ობიექტი გახდა ხალხში. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ყველა ქვეყანაში ჩამოყვანილ ექსპერტს გვერდით უყენებენ საკუთარ „პიარშჩიკებს“ და ადგილობრივი და მოწვეული კონსულტანტების ერთობლივი მუშაობით კეთდება საარჩევნო სტრატეგია“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.